„სტრატეგია აღმაშენებლის“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა -თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ აშშ-ში, სენატში გამართულ ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე მონაწილეობა მიიღეს.
ფორუმზე განხილულ მთავარ თემებს ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, აშშ მზადაა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს:
„ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც იმართება სენატში და მთავარი გზავნილი – გზა უსაფრთხოებისკენ გადის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზით და ჩვენი ამერიკელი და საერთაშოსირო პარტნიორები მზად არიან საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარონ. ამისთვის საჭიროა – მეტი ვაჭრობა, მეტი დასავლური და ამერიკული ინვესტიციები.
ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ეს, რომ ვითანამშრომლობთ უფრო სიღრმისეულად. პატრიოტი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ახლა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მსჯელობა ძალიან კონკრეტული და ცალსახა იქნება, რაც სამუშაო ადგილებს ნიშნავს, ინვესტიციების შემოსვლას ნიშნავს, განვითარებასა და საბოლოოდ, უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, ისინი ამ დისკუსიებში არ არიან.
როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, პირობას გაძლევთ, რომ ძალიან მალე ამერიკულ ინვესტიციებს შემოვიტანთ. თავისუფალი ვაჭრობაც გვექნება, სავიზო რეჟიმებსაც გავამარტივებთ და წავალთ წინ, მთავარია „ქართული ოცნება“ , რომელმაც ჩიხად გვაქცია მოვიშოროთ და წავიდეთ წინ განვითარებისკენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს