ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში კონკრეტულ შეფასებებსა და განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს საერთოოპოზიციური წარმატების ფორმულა 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში:
,,მე ვფიქრობ, რომ ბარიერის მიუხედავად, მნიშვნელოვანი არ არის ხელოვნური გაერთიანებები. მნიშვნელოვანია ის, რომ ძირითადი ორბიტალური მიზიდულობის ცენტრების მიღმა გაჩნდეს ახალი ცენტრები, რომლებიც თანაბრად არიან დისტანცირებული ,,ნაცებისგან“ და ,,ქოცებისგან“. რისთვის არის ეს საჭირო?! წმინდა პოლიტექნოლოგიური საკითხია. იმისთვისაა საჭირო, რომ ,,ნაცებმა“ ვიღაცას არ დააბრალონ, რომ არიან ,,ქოცები“ და ,,ქოცებმა“ არ დააბრალონ, რომ არიან ,,ნაცები“, რაც ხდება ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ გახარია მკვეთრად დისტანცირებულია ,,ნაციონალური მოძრაობისგან“, ,,ქართული ოცნება“ დღემდე ცდილობს, რომ მას დააბრალოს, რომ არიან ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულები. ამიტომ ეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები უნდა გაჩნდეს.
ამას რაც დასჭირდება, რომელი კონფიგურაციაც, რომელი პარტიები უნდა შეერთდნენ და ა.შ. ეს ტექნიკური საკითხებია. ჯერ-ჯერობით ჩვენ არ ვიცით მოცემულობა, თუ რა მოზაიკა იქნება. ახალი აქტორები, ელემენტები ჩნდებიან. იგივე მელიას ჯგუფის გამოსვლა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, პრაქტიკულად, გარდაუვალია. ჩვენ არ ვიცით, ეს ელექტორალურად ,,ნაციონალურ მოძრაობას“ რა პროპორციით გაყოფს. გარდა ამისა გამოჩნდა ახალი მოთამაშე პრეზიდენტის სახით, პრეზიდენტი როგორ იაქტიურებს პოლიტიკურად და ასე რომ ვთქვათ, რას გააკეთებს.
მთავარი მაინც არის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირება, რაზეც არის ელექტორატში დეფიციტური მოთხოვნილება. დაახლოებით 40% გვყავს დღეს ჩვენ ამომრჩეველი, რომელიც ამბობს, რომ ,,მე არ მომწონს დღევანდელი ხელისუფლება, ანუ აწმყო, მაგრამ არც წარსულში დაბრუნება მინდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ სახით“. შესაბამისად, ეს ხალხი – ეს 40% ეძებს მომავლის არჩევანს, რომელიც არ ასოცირდება არც ერთთან, არც მეორესთან. იმიტომ, რომ მის თვალში ორივე კომპრომიტირებულია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე