ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“ეს არის ცინიზმი და ხალხის დაცინვა!” – თეონა ჭალიძე “ლიბერთი ბანკის” პარტნიორ ორგანიზაციებს მიმართავს

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე “ლიბერთი ბანკის” პარტნიორ ორგანიზაციებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ ბანკის სავარაუდო თაღლითური სქემებით, რომლითაც ასობით პენსიონერია დაზარალებული.

მისივე თქმით, დანაშაული და ხალხის დაცინვაა, “ლიბერთი ბანკის” მოხსენიება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად:

მივმართავ ყველა იმ კომპანიას, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც “ლიბერთი ბანკთან” თანამშრომლობს და ერთობლივად ახორციელებენ საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს. ეს არის ცინიზმი! ეს არის ხალხი დაცინვა!

ერთი შეხედვით, ვითომ სოციალური პასუხიმგებლობის ჭრილში, ბანკის მხრიდან განხორციელებული ამ ღონისძიებების უკან, იცოდეთ, რომ დგანან საქართველოში ყველაზე მეტად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები – პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები.

360 000-ზე მეტ ასეთ ადამიანს აქვს სწორედ ახლა ამ ბანკიდან აღებული სხვადასხვა ტიპის სესხი: ზოგი არაინფორმირებული თანხმობის შედეგად გაცემული, ზოგი თვითნებურად მსესხებლის თანხმობის გარეშე შეცვლილი პირობებით და მსესხებელთა ინტერესების უგულებელყოფით. წლების განმავლობაში ეს ვითომ ,,მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის“ მქონე კომპანია სესხებს გასცემდა საშუალოდ 50%-იანი საპროცენტო განაკვეთით.

ამჟამად არსებულ 26%-იან საპროცენტო განაკვეთით სესხების რესტრუქტურიზაციაც კი სანატრელი გაუხადეს ამ ხალხს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამჯერ და ოთხჯერ მეტი აქვთ უკვე გადახდილი თავდაპირველად აღებულ სესხების ძირზე, მაგრამ ძირს არაფერი მოკლებია და ისევ გადასახდელი აქვთ.

“ლიბერთი ბანკის” მხრიდან არაერთი სავარაუდო თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა ათასობით ადამიანი და დაზარალდა, ამიტომ არაერთი განცხადება დევს პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოლოდინით.

მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ამ უსამართლო და უპასუხიმგებლო ბანკის წისქვილზე წყლის დასხმა და ნუ წარმოაჩენთ მას თითქოს მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის მქონეს. ეს არც გამოგივათ და თავადაც გახდებით ამ ცინიზმის თანამონაწილე”, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული