ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პეტიცია ,,თერაპია თათებით“ განხილვა გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს მპგ ,,სტრატეგია აღმაშენებელი“-ს დამფუძნებელის – შორენა ლობჟანიძის მიერ წარდგენილი 2040 მოქალაქის პეტიცია გააცნო:
„მე მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ქალბატონ შორენა ლობჟანიძეს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც პეტიციით მოგვმართა.
ძალიან საინტერესო იდეაა. ვფიქრობ, რომ უნდა მოვიფიქროთ ფორმა, თუ რა კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას. პეტიცია ეყრდნობა არაერთ აღიარებულ პროექტს, რომლებიც წარმატებით განხორციელდა არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის სწორედ პენიტენციურ სისტემაში.
პროექტი სტრესთან ბრძოლის თვალსაზრისით, გარკვეული სოციალიზაციისათვის აუცილებელი უნარების ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამ მიმართულებით და ა. შ. ამ თვალსაწიერიდან, პეტიცია თანაბრად საინტერესოა არა მხოლოდ პენიტენციალური უფლებების თვალსაზრისით, არამედ ცხოველთა უფლებების დაცვისთვისაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღნიშნული პეტიციის – ,,თერაპია თათებით“ განხილვასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოწველმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ როსტიაშვილმა განაცხადა, რომ: ,,იდეა საკმაოდ ინოვაციური და საინტერესოა. ჩვენ, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციალური სამსახური მზად ვართ შევისწავლოთ საკითხი და დეტალურად დავამუშაოთ პენიტენციალური სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით“.
კონკრეტული განმარტებები გააკეთა 2040 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიციის წარმდგენმა, შორენა ლობჟანიძემ:
,,ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს შესთავაზა პეტიციასთან დაკავშირებით პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე შესაძლებელია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც და მომდევნო სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად წარდგენილ იქნება ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის შესახებ და შესაბამისად, ამ საკითხზე დაიწყება მუშაობა. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ შეთავაზებას“, – განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ პეტიცია ,,თერაპია თათებით“ საქართველოს პარლამენტში შევიდა 2024 წლის 10 ოქტომბერს, რომლის მიხედვით მოთხოვნილია მსოფლიოში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარმატებით მოქმედი პროგრამის საქართველოში განხორციელებას. საკუთრივ პროგრამა გულისხმობს პატიმრების მიერ მიუსაფარი ცხოველების ,,შვილად“ აყვანას, რომელიც მსოფლიოში მოქმედებს 1981 წლიდან და რეკომენდირებულია არაერთ სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით.