სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“განსაკუთრებულად ტრაგიკულად გამოიყურება “ქართული ოცნების” 11 წლის იუბილე იმ სოციალური მდგომარეობის ფონზე, რაც დღეს გვაქვს” – თეონა ჭალიძე

განსაკუთრებულად ტრაგიკულად გამოიყურება ,,ქართული ოცნების“ 11 წლის იუბილე იმ სოციალური მდგომარეობის ფონზე, რაც დღეს გვაქვს. გვყავს 650 475 სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირი“, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე „ქართული ოცნების“ 11 წლიან მმართველობას და საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ 11 წლის მმართველობის შედეგია ის, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსით მოსარგებლე ბაშვებისა და მოზარდების რაოდენობა უკიდურესად გაზრდილია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულებაზე, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, ამბობს უარს, სანაცვლოდ კი ზრდის პენსიას იმ რაოდენობით, რაც წამლის საყიდლადაც კი არ არის საკმარისი:

განსაკუთრებულად ტრაგიკულად გამოიყურება ,,ქართული ოცნების“ 11 წლის იუბილე იმ სოციალური მდგომარეობის ფონზე, რაც დღეს გვაქვს. გვყავს 650 475 სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირი, რომელთა ნაწილის ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვით ხელისუფლება ცდილობს მომავალ არჩევნებზე გარანტირებული ხმების თავის ყულაბაში ჩაყრას.

,,ქართული ოცნების“ 11 წლიანი მუშაობის შედეგია 16 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი 229 280 ბავშვი და 100 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პენსიონერი, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ სახელმწიფო პენსია არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და ხანდაზმული ადამიანები იძულებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსი მიიღონ, რაც თავის მხრივ მათთვის მაქსიმუმ 60 ლარის საარსებო შემწეობის მიღებას ნიშნავს.

ამიტომ უფასო სასადილოების რიგებში ხშირად ნახავთ მოხუცებს, რომლებიც კუთვნილ 200-200 გრამ საჭმელს ელოდებიან. სავალალოა, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლისთავზე 360 ათასი პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული ,,ლიბერთი ბანკისგან“ უსამართლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით, რის გამოც წლებია ყოველთვიურად სრულად პენსიას ვერ იღებენ და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ეზრუნა ბიუჯეტში, ნაწილობრივ პროდუქციასა და მომსახურებაზე გაზრდილი ფასებისა თუ სხვა ფაქტორების გამო გაჩენილი ჭარბი 430 მილიონი ლარით ამ ვალების ჩამოწერაზე, რაც მართლაც დიდი შვება იქნებოდა ამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, გაჯიუტდა და ოპოზიციის ჯინაზე პოლიტიკური ნება არ გამოიჩინა.

სანაცვლოდ, მხოლოდ 20 და 50 ლარი გაიმეტა პენსიონერთა გარკვეული ჯგუფებისთვის პენსიის მოსამატებლად 2024 წლის ბიუჯეტში. არადა, ეს თანხა ერთი ალერგიის წამლის საყიდლადაც კი არაა საკმარისი. წამლების მაღალი ფასის გამო არჩევანის წინაშე ხშირად დგანან ადამიანები საკვები იყიდონ თუ წამალი. ასეთია ,,ქართული ოცნების“ 11 წლის იუბილე სოციალურ ჭრილში“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული