“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ჩავიდა რაჭაში და მოინახულა ტრაგედიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები. ჟურნალისტებთან კომენტარში, მმართველი პარტიის ლიდერმა ისაუბრა, ასევე, ტრაგედიის დროს გადარჩენილებთან დაკავშირებით და გულისტკივილი გამოხატა დავით ჯელაძის მიმართ ადრე გაკეთებული შეფასებების გამო:
“მე ჯერ სატელეფონო საუბარი მქონდა დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხვდი მას. პირველი, რაც მინდა გითხრათ, ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ – დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი, მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა.
წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას ამისათვის გამოვლილი, თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი რაღაცა აქვს გაკეთებული.
სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით, მან განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი.
მთავარი არის ის, რომ [დათო] ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დიშვილი, ოჯახი, რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დიშვილთან ერთად,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.