თანაბრად განვითარებული უბნების ნაცვლად თანაბრად გადათხრილი ქუჩები და დისკომფორტი თბილისის რაიონებში – ედნარ მგელაძე

100

დედაქალაქში დაუსრულებელი საგზაო-სარემონტო სამუშაოებისა და ახალ-ახალი დისკომფორტის კერების შექმნის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ედნარ მგელაძე და დაპირებული ევროპელების გაოცების ნაცვლად გაოცებული თბილისლების თუ დედაქალაქის სტუმრებისთვის შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით:

“ვფიქრობ, ბევრს ახსოვს – “თანაბრად განვითარებული უბნები თბილისში” ასეთი იდეა-პროექტი რომ ჰქონდა, ჯერ კიდევ 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, გიორგი ვაშაძეს და “ახალი საქართველოს” პოლიტიკურ გუნდს. რა გვაქვს დღეს დედაქალაქში კახა კალაძის მერობის დროს? – თანაბრად გადათხრილი ქუჩები და სერიოზული დისკომფორტი თბილისის რაიონებში.

 
ჰოდა, გლდანის, ვაკის თუ თბილისის სხვა უბნების დაუსრულებელ “ექსპერიმენტსა” და თბილისის მერიის მიერ დაუანონსებელი თუ სხვა თანმდევი “გაოცებების” თაობაზე მინდა მოგიყვეთ ერთ-ორ მაგალითზე:
 
ვაკეში გადათხრილმა ჭავჭავაძის გამზირმა რა პრობლემებიც მოუტანა არა მარტო ამ უბნის მაცხოვრებლებს, ჩანს თუნდაც მხოლოდ ტრანსპორტით გადაჭედილი ფალიაშვილისა თუ აბაშიძის ქუჩების მაგალითზე. ამჯერად კი გლდანის მასივის დაუსრულებელ „სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეიძლება გათხაროზე“ და მზარდი დისკომფორტის მრავალფეროვნებებით მიღებულ გაოცებებს ჩამოგითვლით.
 
გაზაფხულზე დაწყებული „ექსპერიმენტმენტით“ დაიწყო უსიამოვნო გაოცებების სერია გლდანში. წყალგაყვანილობის მოწესრიგების მიზნით დაწყებული გზის გადათხრას, მასივის კენტ მიკრორაიონებში, მოჰყვა ასფალტის კარგი საფარის მოხსნა ლუწი მიკრორაიონების მხარეს, არადა ამ მხარეს თითქმის შემდგომი ნახევარი წლის განმავლობაში არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა, გზა კი გაოხრდა და ჭირივით ეჯავრებოდათ იქ ტრანსპორტით გავლა. ვერ შევისისხლხორცეთ ეს გაოცება და ახალი დაიწყო. არ მორჩენილა უსაშველოდ გაწელილი კენტების მხარის სამუშაოები, დაიწყო ლუწების მხარესაც, რამაც სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია და ყოველდღიური უსაშველო საცობების რისხვა დაატეხა თავს მერიამ გლდანის მასივს.
 
გარკვეული დროის შემდეგ კი დაიწყო ასფალტის პირველადი საფარის დაგება, ოღონდ ისე, რომ სატრანსპორტო მოძრაობა ტეხილის ფორმატში გადაიყვანა და დიდი შემოვლითი გზებითაც „გაგვანებივრა“, აღარაფერს ვამბობ ახალდაგებულ ასფალტზე არაერთი “კუნძულოვანი” ამოთხრების გაჩენაზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო.
 
ყოველივე ამას, ამ დღეებში, ახალი გაოცებები დაემატა – მოიხსნა ავტობუსების განრიგის საინფორმაციო ელექტრო-ტაბლოები, რომლებიც წლებია ეხმარებოდა ადამინებს დროის ოპტიმალურად განაწილებასა თუ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში. ვიფიქრე მეტი რითი უნდა გააკვირვოს ევროპის ნაცვლად გაოცების პიკში მყოფი გლდანელებიო, თუმცა ჯერ სადა ხარ, ამოვდივარ გუშინ ახმეტელის მეტროსთან, გაჩერებაზე და სადღაა მგზავრთათვის გადახურული მოსაცდელი – გაუუქმებიათ, არა უშავს იქვე ახლომახლო არის გადახურული ნაწილი და ის გამოიყენეთო, ალბათ ამით დაგვაიმედეს. ვიფიქრე დღეს მაინც მორჩა, მეტი აღარაფერი გამიკვირდებაო, თუმცა თქვენც არ მომიკვდეთ, გლდანელების დაუსრულებელი ტანჯვის გამო ავტობუსში გამოხატული უკმაყოფილება ისე მშვიდად „გააპრავა“ ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომ ამით გვითხრა სწორად დაგეგმარებას არ იმსახურებდა იქაური მაცხოვრებლებიო, ამ ტანჯვამ უნდა მოგვიტანოს სამოთხეო. ზედმიწევნით კორექტული დისკუსია შედგა ჩემსა და იმ ქალბატონს შორის, ვცდილობდი ამეხსნა, რომ ბევრი რამ შესაძლებელი იყო სწორად და ეფექტურად დაორგანიზებულიყო, რასაც ერთ-ერთი ნასვამი მგზავრის რეაქცია მოჰყვა – “ქალბატონს ასე რატომ ელაპარაკებიო?” (რაც ამ ქალბატონისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა), თითქოს კორექტული დისკუსიის დროს სქესს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ცხადია არა, უბრალოდ ძალიან ემწარა სიმართლის მოსმენა და ამით შეეცადა უკმაყოფილების განეიტრალებას. ჩავიდეთ და დავილაპარაკოთო, მეუბნება. ჩამოვედით შემდეგ გაჩერებაზე, რადგანაც, მართლაც, მაინტერესებდა, თუ რა უნდა უნდა ეთქვა, რა არგუმენტი ჰქონდა. გავჩერდი ტროტუარის მაგვარ ოღროჩოღრო ადგილზე და ველოდები მის მოსაზრებას, ოპონენტმა კი თავისი არგუმენტი ხელის კვრით გამოხატა, დანგრეულ გზაზე მობილიზება რომ არ მომეხდინა ძირს დავვარდებოდი, აი ესაა მათი სახე, მათი არგუმენტები. დაპირისპირება ავტობუსიდან ჩამოსულმა სხვა მგზავრებმა განმუხტეს, მიხვდა „ოპონენტი“, რომ ვერ გამოუვიდა ადეკვატური არგუმენტი და „ჩამჭრელ“ შეკითხვზე გადავიდა – „შენ ნაციონალი ხომ არ ხარ, ასე კრიტიკულად განწყობილი რომ ხარო?“, მეკითხება მერიის უსაფრთხოების სამსახურის (ასე წარმოგვიდგინა თავი) ეს მთვრალი თანამშრომელი (ეტყობა მასაც უჭირს ფხიზელი თვალით ყველაფრის დანახვა, მთვრალი ადვილად ეგუება, თუმცა მაინც ემწარა სიმართლე და მისი სამსახურიდან გამომდინარე მისახვედრია რატომაც). ეჰ, როგორ ერთნაირი “მესიჯ-ბოქსი” აქვს ტვინში ჩადებული, თითქოს პრობლემებზე რეაქცია მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ნიშნით განისაზღვრებოდეს…
 
შევეცადე ლოგიკურად ამეხსნა მისი უსუსურობა არგუმენტებში და არაადეკვატური ქცევის გამო უთავმოყვარეობა, რასაც მოჰყვა ბოდიშების კორიანტელი მისი მხრიდან, მერიის უსაფრთხოების თანამშრომელი ვარო იმეორებდა დაუსრულებლად, თან ნასვამი და ეამაყებოდა “ოპონირებას” რომ ცდილობდა, თავისი ჭკუით და შეცდომას რომ აღიარებდა…
 
ამ „ბოდიშებით“, შესაძლოა, ერთ მომენტში თავი გახარიადაც კი წარმოიდგინა და გაიბღინძა კიდეც გონებაში, თუმცა…
 
დიახ, უსიამოვნო სურპრიზებს არ აქვს დასასრული და არც კი ვიცი კიდევ რითი გაგვაოცებენ, არადა, ამინდებში ყველანაირად რომ გაუმართლა, თბილისის მერიას ნამდვილად გააოცებდა, ნუ უარყოფენ – ასეთი მშრალი და უნალექო ამინდი, თან თვეების განმავლობაში, მგონი ადრე არ ყოფილა თბილისში და წარმომიდგენია წვიმიანი ამინდების სიხშირის პირობებში რა შავ დღეში აღმოჩნდებოდნენ რიგითი მაცხოვრებლები და არა კომფორტულ ავტომობილებში თბილად მოკალათებული პრემია-დანამატებით გაზულუქებული ჩინოვნიკები…
 
P.S. კიდევ ერთხელ გადავიკითხე პოსტი და უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ ლოიალური ვყოფილვარ შეფასებებში და რასაც ახლაც ვხედავ – რეალობა ბევრად უფრო მძიმეა…” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ედნარ მგელაძე.
კომენტარები