ორშაბათი, მაისი 6, 2024

“ბევრი კითხულობს, რა შეიძლება გაკეთებულიყო “კავკასიძეების ციხესა” და ეკლესიისთვის, მოგახსენებთ ჩემ აზრს…” – ზურაბ ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარის, აღმოსავლეთმცოდნის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ ბატიაშვილის მორიგი ემოციური პოსტი ქალაქ იუსუფელის წყლით დატბორვის გამო ქართული სიწმინდეების წყალქვეშ აღმოჩენასთან დაკავშირებით:

რადგან ბევრი კითხულობს, რა შეიძლება გაკეთებულიყო “კავკასიძეების ციხესა” და ეკლესიისთვის, მოგახსენებთ ჩემ აზრს:

თეორიაში ალბათ ბევრი რამის გაკეთება (ძეგლის სხვა ადგილზე გადატანა, ფრესკების ჩამოხსნა, შენახვა და ა.შ.) შეიძლებოდა.

მაგრამ ამისთვის საჭირო იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ეთანამშრომლა თურქეთის კულტურის სამინისტროსთან.
თანამშრომლობს თუ არა წულუკიანი თურქულ მხარესთან, მე არ ვიცი. არც გამიგია. რომ ეთანამშრომლა, ასეთი სიტუაცია ხომ არც იქნებოდა?!

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის საქმეს, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ინდივიდუალურ დონეზე. რამდენჯერმე ჩავედით ადგილზე:

– აპრილის დასაწყისში გადავცურეთ იუსუფელის კაშხალი, გადავიღეთ ჭალის ეკლესიის ფრესკები და წარწერა;
– აპრილის ბოლოს ალპინისტური მოწყობილობებით ავედით “კავკასიძეების ციხესა” და ეკლესიაზე, გადავიღეთ ეკლესიის ფრესკებისა და ათობით ნაკაწრი წარწერის ფოტოები;
– ივნისში, როდესაც წყალმა დროებით კუნძულად აქცია “კავკასიძეების ციხე”, ისევ გადავცურეთ კაშხალი, ავედით ციხესა და ეკლესიაზე ნაკაწრი წარწერების დეტალების დადგენის მიზნით. ამავე დროს ფოტოები იმგვარდაა გადაღებული, რომ საშუალება იქნება შეიქმნას ციხისა და ეკლესიის ელექტრონული ვერსია.

ეს ყველაფერი გავაკეთეთ საკუთარი ინიციატივითა და ფინანსებით. მის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართული არ ყოფილა საქართველოს არცერთი სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია.

წინა პოსტების ქვეშ კომენტარებში რამდენიმე მოწოდება შემხვდა ფრესკების თვითნებურად ჩამოხსნის შესახებ, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით.

გარდა იმისა, რომ ეგ ქმედება დასჯადია, ამავე დროს არასწორი და არაეთიკურიცაა. არაერთხელ დაგვეხმარნენ თურქეთში მთელი ამ ხნის განმავლობაში, რისთვისაც ნამდვილად მადლიერები ვართ.

ჩვენ პატივს ვცემთ თურქეთის კანონმდებლობას და არ ვაპირებთ რაიმე სახის უკანონობის ჩადენას. ურაპატრიოტიზმი ნებისმიერ საქმეს აზარალებს.

გასაკეთებელი კი კიდევ ბევრია: დასამუშავებელია მოპოვებული მასალა, გასაშიფრ-წასაკითხია შუა საუკუნეების ათობით ნაკაწრი წარწერა, დასადგენია ციხის რეალური დასახელება (“კავკასიძეების ციხე” მისი მხოლოდ პირობითი დასახელებაა), გამოსაკვლევ-დასაწერია ციხის ისტორია და ა.შ.

ეს ყველაფერი კი უკვე დავიწყეთ. ვაპირებთ გამოცემას და დაინტერესების შემთხვევაში, საშუალება გექნებათ გაეცნოთ მათ.

მადლობა ჯგუფის ყველა წევრს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კავკასიძეების ციხე განსხვავებული რაკუსრით

კავკასიძეების ციხე – რამდენიმე დღეში აღარ იქნება

 

ზურაბ ბატიაშვილის სევდიანი ისტორია ქალაქ იუსუფელის წყლით დატბორვასთან დაკავშირებით

“ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ის წუთებია, როდესაც ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქის წყალში ჩაძირვას უცქერ” – ზურაბ ბატიაშვილი

“ეს ჭალის ეკლესიაა ტაოში ქ. იუსუფელთან, რომელიც მდინარე ჭოროხის დაგუბების გამო რამდენიმე დღეში წყლის ქვეშ ექცევა…” – ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული