თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებაზე, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი:
,,გადაატრიალეს ყველა ქაღალდი, რომლის გადატრიალება შეიძლებოდა, თავდაცვის სისტემაში. აწიეს ყველა ქვა, რომლის აწევა შესაძლებელია – მანდ რამე ხო არ იმალებაო…
11 წელია ეძებეს, ეძებეს – ვერაფერი ვერ მოძებნეს! ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, რომ თავდაცის სამინისტრო, ჩვენი შეიარაღებული ძალები უნდა იყოს აპოლიტიკური.
სირცხვილია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ასე ითრევენ პოლიტიკაში”, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ინფორმაციისთვის: თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან კომენტარში, თავდაცვის სამინისტროში წინა ხელისუფლების დროინდელ, ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ,,არის ასობით მილიონი, რომელიც არის ჩამოკიდებული დებიტორულ დავალიანებად. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი იყო არაკომპეტენტურობით გამოწვეული და რომელი ყაჩაღობით. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა”.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე