,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემაში ,,იმედი Live” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ,,უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერი ასევე აცხადებს, რომ ,,ნაცმოძრაობა” არასამთავრობო სექტორის დახმარებით ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება:
,,ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბაკურიანის გეგმებზე, რომლის პატარა გამოვლინება იყო პროცესები, რომლებიც წინა კვირის განმავლობაში ვიხილეთ. ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა.
პირველი მცდელობა იყო – კანდიდატის სტატუსის არ მიღების შემდეგ, – ჩაუვარდათ. ახლა კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი, მათ შორის აგენტების ლუსტრაცია, არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში ,,ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.
შარშან, კანდიდატის სტატუსზე უარი გვეთქვა. ზუსტად ისეთივე ტყუილი იყო კანდიდატის სტატუსზე უარი, როგორც ამ კანონისთვის რუსული კანონის წოდება. წელს იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დასტურდება, რომ ჩვენ უსამართლოდ გვეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე.
მაშინაც ტყუილს ეფუძნებოდა ის პროტესტი, რომელიც ვიხილეთ გასული წლის ივნისში იყო, თუ არ ვცდები და ახლაც ტყუილს ეფუძნებოდა ეს პროტესტი. საბოლოო ჯამში, ეს კარგი პროცესია. რატომ? საზოგადოება ხომ უყურებს უკან მოვლენებს და ხედავს, რომ შარშან, ტყუილზე დაფუძნებით გააპროტესტებინეს რაღაც, ანუ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნოდა, არ მოგვცეს, ამის გამო პროტესტი გამოხატეს ხელისუფლების მიმართ. ახლა ხომ ხედავს საზოგადოება, რომ ეს იყო ტყუილი?! ამიტომ პროტესტი არ ეკუთვნოდა ხელისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


