,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში განცხადებას აკეთებს მეორე მოსმენით ჩავარდნილი კანონპროექტის დადებით მხარეებზე. კობახიძე მადლობას უხდის ,,ხალხის ძალას“ ,,უცხოური გავლენის აგენტების“ კანონზე მუშაობისთვის და მათ, ვინც პირველი მოსმენის დროს, მხარი დაუჭირა:
,,ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო – ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს.
მეორე – ასევე, ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართულნი, როგორიც არის მაგალითად, სცენიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე – დამეთანხმებით. ასევე, გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, ,,პივიტის“ გაყალბება, ეკლესიის გინება, ,,ელ-გე-ბე-ტე“ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან.
ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართულ საზოგადოებას.
მესამე, რაც აქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ ,,ენჯეოების“ ხელით საქართველოში ,,ნაც.მოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს.
ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა. ამისათვის მე მადლობას ვუხდი ,,ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა ეს კანონპროექტი. ასევე, თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


