შაბათი, აპრილი 20, 2024

სროლები, დაჭრილები, გარდაცვლილები…: შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საგარეჯოში მომხდარ მძიმე კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით (ინფორმაცია დაუზუსტებელია. რედ.) ბოროტმოქმედმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლები ქუჩის მიმართულებით, მრავალსართულიანი კორპუსის მაღალი სართულიდან, მოკლულია პოლიციელი, სამოქალაქო პირები, არიან დაჭრილები. ასევე აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედმა თავი აიფეთქა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ასევე კლინიკა “ჯეოჰოსპიტალსის” თანამშრომლის ინფორმაცია:

წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამოდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად.

მოკლულია 1 პოლიციელი. 2 უმძიმეს მდგომარეობაშია. კორპუსის ეზოში 3 გვამი გდია, რომელიც ვერ გამოაქვთ, ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას.

პოლიცია მობილიზირებულია, მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა. მოჰყავთ ბევრი დაჭრილი. სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის. პროგნოზის გაკეთება ძნელია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლეილა ოტიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული