საქართველოს მნიშვნელობა ევროკავშირისთვის იზრდება – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

1008
სააგენტო "პარალელი"

„სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ ახალ შეთანხმებას მოაწერს ხელი 4 სახელმწიფოს – უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის და საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის კონტექსტში ანალიტიკურ შეფასებებს აკეთებს ანალიტიკოსი, ალექსი ნონიაძე:

ის, რომ ვერც პოლიტიკა და ვერც ეკონომიკა ვაკუუმს ვერ იტანს, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მორიგ ჯერზე დაამტკიცა. რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა ცივილური მსოფლიოსთვის მიუღებელია. ოფიციალური კრემლი საკუთარ ენერგორესურსებს ყოველთვის ევროპის შანტაჟისთვის იყენებდა, რათა მათი „კეთილგანწყობა“ მოეპოვებინა. რუსული გაზის სანაცვლოდ ევროკავშირის ქვეყნები იძულებულნი იყვნენ თვალი დაეხუჭათ იმაზე რასაც კრემლი პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში იმპერიალისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად აკეთებდა. მაგრამ წლის დასაწყისში პუტინმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, როდესაც მთელი უკრაინის ტერიტორიის ოკუპირება გადაწყვიტა.

“ბებერმა” ევროპამ იმისათვის, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეემცირებინა, მისი ალტერნატივის ძიება დაიწყო. კასპიის ზღვის აუზის სახელმწიფოების ნავთობისა და გაზის დიდი მარაგები შეავსებს ევროპულ ბაზარზე იმ დანაკლისს, რაც რუსეთის სანქცირებამ გამოიწვია. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ამ საკითხში ყველაზე მეტად აზერბაიჯანი აქტიურობს.

პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის მომავალი წლიდან 24 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი ევროკავშირის ქვეყნებს მიაწოდოს. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგოპოტენციალი 27 გიგავატია (მზის, ჰიდრო, ქარის ენერგია), რომლის გამომუშავებას და ექსპორტზე გატანას 2027 წლისთვის გეგმავენ. ცალკე თემაა ნედლი ნავთობის მიწოდება, რომლის დიდი მარაგებიც ჩვენს მეზობელს გააჩნია.

ცენტრალური აზია-ევროკავშირის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ძალიან დიდი როლი საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, უკავია. ფაქტობრივად მას შემდეგ, რაც რუსეთი თამაშგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყანა ერთადერთი სატრანზიტო დერეფანია, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების (აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი) ენერგორესურსებისა და ჩინური პროდუქციისთვის, ევროპის ბაზარზე მოსახვედრად.

პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. პროექტი არის ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ხოლო საქართველოსთვის საფლაგმანო პროექტი, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განაცხადებით ქართული მხარე ამ პროექტისთვის საჭირო წინასწარი კვლევებს 20 მლნ. აშშ დოლარით დააფინანსებს.

პროექტი ითვალისწინებს 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელის (1100 კმ – წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) გაყვანას, რომლის დახმარებითაც საქართველოს ენერგოსისტემა რუმინეთს დაუკავშირდება. EU Global Gateway Board-ის შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით აღნიშნულ პროექტში 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება განიხილება.

საქართველოს მნიშვნელობა ევროკავშირისთვის ერთი-ორად იზრდება. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ დასკვნებს გავაკეთებთ და შექმნილ მდგომარეობას რამდენად მაქსიმალურად გამოვიყენებთ. საქართველოს ეკონომიკას შეუძლია ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგორესურსების ტრანზიტში მნიშვნელოვანი ბენეფიტები მიიღოს, მაგრამ ბიზნეს ადმინისტრირების ნებისმიერი ნიჭიერი პირველკურსელიც კი დამეთანხმება, რომ ეს საკმარისი არ იქნება, რადგან ბიზნესის ამოცანა მაქსიმალური და არა უბრალოდ მოგების მიღებაა.

საქართველომ შექმნილი მდგომარეობა უნდა გამოიყენოს როგორც თავისი ეკონომიკური (ევროპული ინვესტიციების მოზიდვა), ისე საკუთარი პოლიტიკური (ევროკავშირში გაწევრიანება) ამოცანების განსახორციელებლად. იმისათვის, რომ რეგიონის ჰაბად ვიქცეთ, საჭიროა სწორად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკა და დემოკრატიის გასაძლიერებლად რეფორმების გატარება – სასამართლო, საარჩევნო სისტემაში, დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ა.შ. (ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების ნუსხა).

მხოლოდ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური/ეკონომიკური ინტეგრაცია და არა დამატებით კიდევ რამდენიმე ნავთობი ან გაზსადენი, რომელიც საქართველოზე გაივლის, გაზრდის ქართულ ეკონომიკას და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის ოცნებას გამხდარიყავით რეგიონის ცენტრი, ასრულება უწერია თუ ჩვენ არსებულ სიტუაციაში სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და „ზურგის ქარს“ დავიჭირეთ.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები პუბლიკაციაზე