ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან მწვავე შეფასებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. წულუკიანს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის რეალობასთან შეგუება ურიგო არ იქნებოდა:
,,მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაქვს სრული ნდობა ჩვენი პენიტენციური სამსახურის, იქ მომუშავე პროფესიონალი – სამედიცინო თუ სხვა კადრების, ვისაც უსაფრთხოების საკითხები აბარია. შესაბამისად, აქ მე კითხვის ნიშანი არ მაქვს.
მას შეიძლება მხოლოდ, თუკი სიცოცხლის ინტერესში ვმოქმედებთ, ვუსურვოთ, რომ დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, რომ რაღაცანაირად გაიაზროს, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა, ეს მისი რეალობაა და ამ რეალობასთან შეგუება არ იქნებოდა ურიგო.
მე ვფიქრობ, რომ მის “დაავადებას”, ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა.
ეს არ არის არავისთვის გასახარელი, ვინაიდან ყველა პატიმარს ჩვენ ყოველთვის ვუსურვებთ კარგად და ჯანმრთელად ყოფნას იმ საკანში, რომელშიც ის იმყოფება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა