ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

მოგესალმებით ყველას, ბატონო კომისარო, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში. მინდა გულითადად მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისათვის.

ბატონი ოლივერ ვარჰეი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, ჩვენი ხალხის მეგობარი, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი და მე მინდა მას, ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მისი პირადი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ბატონი ვარჰეის ვიზიტი არის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ივნისის თვეში, როცა საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია. ამასთან ერთად, ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც ჩვენი მმართველი ძალისთვის, ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებისთვის.

ბატონო კომისარო, თქვენ იცით, რომ საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი თაობების ოცნება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი, და ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენი მთავრობის დამსახურება არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე – ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მოვუტანეთ, და ეს არ იყო შემთხვევითი, რა თქმა უნდა. ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი შრომა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია ბოლო 10 წლის განმავლობაში. მე მინდა შეგახსენოთ ასევე, ძვირფასო მეგობრებო, რომ 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით პრაქტიკულად დიქტატორული რეჟიმის, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშანწყალი დემოკრატიისა არ არსებობდა, – არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო, სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი, ასოცირების მოლაპარაკებები. უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო, ეს ყველაფერი ჩვენ გამოვასწორეთ და ძალიან მოკლე დროში ხელშესახები შედეგები დავდეთ, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში.

ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რა რეალობის წინაშე გვიწევს დღეს ცხოვრება, ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% არის ოკუპირებული. მოგეხსენებათ კარგად, ბატონო კომისარო, ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.

მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკავშირს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდოდა ამის თაობაზე ჩვენი მადლიერების გამოხატვა.

მე მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ისინი ჩვენ გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს თორმეტივე რეკომენდაცია და არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დაგვრჩეს, და მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ თორმეტივე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, ბატონო კომისარო, თქვენ ამის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როდესაც მე ვიყავი ბრიუსელში, რომ, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში. არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულება არის სწორედ აი, ამ რეკომენდაციების, მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, – ეს არის დეპოლარიზაცია. და ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ იქნება მათი მხრიდან ანალოგიური მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.

მას შემდეგ, რაც ჩვენ თორმეტივე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი, ყველა ერთად ამ თორმეტივე პრიორიტეტს. და იქვე ჩვენ გავხსენით კარი, გავუხსენით კარი ყველა აქტორს – ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.

აქვე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კუთვნილება, მთავრობის. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის, და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა აქტორს, რომ აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში.

სხვა მხრივ, ჩვენ გვექნება სერიოზული საუბარი ჩვენს საერთო პრიორიტეტებზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა მრავალი წელია ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ ერთგული პარტნიორი ევროპის და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი, რომლებსაც ერთობლივად განვახორციელებთ, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ, დავიწყეთ მუშაობა, – შავი ზღვის კაბელი, სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ გვექნება საუბარი ამ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი ჩვენ აქტიურად გვეხმარება ჩვენი ეკონომიკის განვითარების საქმეში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქმეში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ ენერგეტიკა. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული ჩართულობა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის.

ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან დინამიკური, ძალიან ძლიერი პარტნიორობაა და, რაც მთავარია, ეს ურთიერთობები დამყარებულია ჩვენს საერთო ფასეულობებზე და საერთო ინტერესებზე.

დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა, ბუნებრივია, უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, მათ დამოუკიდებლობას. ჩვენი საერთო სურვილი არის, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამ გამოცადა ასეთი ომი, რა თქმა უნდა, სხვა მასშტაბით, 2008 წელს. როგორც უკვე აღვნიშნე, მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ასევე, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იქნა აღდგენილი პანდემიის შემდეგ. ჩვენ შარშან საკმაოდ სწორი, გონივრული და ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით. შარშან ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ბატონო კომისარო. წელსაც, მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ რთული მდგომარეობისა, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 9 თვეში. 100 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა სულ რაღაც 9 თვეში და თქვენ თავად ნახავთ, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი, იქნება ეს ტურიზმი, ეკონომიკა, ექსპორტი. ზოგადად, მთელი ინდუსტრია და ბიზნესსექტორი არის გააქტიურებული. ამიტომ, ამ თვალსაზრისით , რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ეს არის ის ერთადერთი გამონაკლისი, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოში უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობაა. ეს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით და ამავე დროს ჩვენი პრინციპულობით, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ხალხის ინტერესებში და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. დიდი მადლობა”.

 

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი:

დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება, რაც წინა ჯერზე ვიყავი ჩამოსული. მართალი რომ გითხრათ, ვხედავ უკვე განვითარებას – ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა, პროგრესი არსებობს საქართველოში, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში. მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში და გაფართოების საკითხებში. ეს პირველად არის ამ რანგში არა მარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პირობებში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ, და აი ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხისა და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან კარგად დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი, და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და საქართველოში ჩამოვედი არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს სათქმელი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, რომ მზად ვართ შევასრულოთ ეს თხოვნა. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში, და ყველა, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე, მას ეხება. ამიტომ, დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით – გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში და აი, ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ.

მომდევნო კვირების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა. თუმცა, აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისთვის. იმიტომ, რომ, დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ. ამიტომ უნდა ხელი ვტაცოთ ამ შესაძლებლობას და ვაქციოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, გვჭირდება 12 პუნქტის შესრულება. ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება კარგი ისტორიის ჩვენება. და მახარებს, რომ ვხედავ ამისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში, და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებისთვის, რათა თორმეტივე პუნქტი შესრულდეს.

რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა აქვს ამ მიმართულებით და, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის. თუმცა, მოგვიწევს ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მე მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და, რა თქმა უნდა, გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, და დანარჩენი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, 12 რეკომენდაციიდან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში, იმიტომ, რომ, რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ ამ 12 რეკომენდაციას, მით უფრო სწრაფად წაიწევთ წინ ევროპის გზაზე.

მინდა ხაზი გავუსვა და ძალიან ძლიერი აქცენტი გავაკეთო შემდეგზე, – რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის თქვენკენ.

კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალისა და სოციალური სტაბილურობის სახით.

ამიტომ არა გვაქვს დასაკარგი დრო, ასე ვფიქრობ. ჩვენი მხრიდან, ევროკომისიის მხრიდან, ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ, დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი, იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი და განზრახვა, როდესაც განაცხადი გააკეთა გაწევრიანების შესახებ, და ბევრად ადრეც. მისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისა და ევროპული გზის მიმართ არის რამდენიმე ათწლეულის წინანდელი. და ეს ხაზი მკაფიო ჩანდა განსაკუთრებით დამოუკიდებლობის პერიოდში. ამიტომ მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, როდესაც საქართველოში ხარ, ვერ აცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში ცხადყოფს, როგორც აქ აჩვენებდა საქართველოში 2008 წლის ომი, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც რუსეთის აგრესია ხვდება წინ. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და, ჩვენ რა თქმა უნდა, დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომლებიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს.

ბატონმა პრემიერმა ბრძანა და დაიწყო განმარტება იმ დღის წესრიგისა, რომელიც ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა საქართველოში და ჩვენი პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში, რათა საქართველოს ეკონომიკა უფრო გამძლე გახდეს და საქართველო უფრო მედეგი იყოს.

ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხორციელდება. წინა ჯერზე რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3.9 მილიარდი ევრო მოდის ევროპის საჯარო და კერძო სექტორებიდან საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთი მეოთხედია. მიხარია, რომ ვამბობ და ვხედავ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროექტებისა უკვე ჩაეშვა, დაიწყო და, იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე, როცა ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ.

რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრში. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან, და სიმბოლური იმიტომ, რომ ყველა დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები, სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების თუ ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად, – ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ ვქმნით პარტნიორობას ჩვენს ირგვლივ, და გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე, არის ასეთი – გვინდა პარტნიორობა ამ მიმართულებით გვქონდეს სანდო ენერგომოწოდების კუთხით საქართველოდან და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. მიმაჩნია, რომ ამ კაბელით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის შესრულებას.

კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც მეტ-ნაკლებად უკავშირდება ამ პროექტს, არის გაციფროვნებული ღრმაწყლოვანი კაბელი, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ჩვენს ძირითად ქსელებს. აქაც მუდმივი კავშირი დამყარდება ჩვენ შორის და, მგონი, ამ მიმართულებით ძალიან კარგი წინსვლა გვაქვს. ეს იქნება პირველი უმსხვილესი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და შედეგებს დავინახავთ მალე.

იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დავაჩქაროთ მუშაობა ღრმა წყლის ელექტროკაბელთან დაკავშირებით და, იმედი მაქვს, გამოჩნდება ახალი იდეები. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს ენერგო ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ მიმართულებით შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ, როგორც შეიძლება გავაფართოოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა.

რა თქმა უნდა, სხვა ფლაგმანური პროექტების მიმოხილვით ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დაიწყო მუშაობა. ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილე და, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არა მარტო შავი ზღვის დამაკავშირებელი, არამედ სხვა მიმართულებითაც, და გაიზრდება ვაჭრობა, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენს რეგიონებს შორის.

ყველა ამ პროექტის ფონზე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა რომ მივცეთ. მადლობა!

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს

 

პირველი არხი – ანა ბროლაძე:

– ბატონო კომისარო, არაერთხელ გითქვამთ, რომ რეკომენდაციების შესრულებისას, შინაარსთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროცესი. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის ნაწილი კვლავაც არ მონაწილეობს ამ პროცესში, მმართველმა გუნდმა რომც შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, რამდენად ჩაგვეთვლება საშინაო დავალება შესრულებულად? ბატონო პრემიერო, თქვენ არაერთხელ გამოგიხატავთ მზადყოფნა ოპონენტებთან ამ თემის გარშემო მუშაობასთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, როგორია მათი ნაწილის პოზიცია, როგორ ფიქრობთ, რა არის მიზანი, კანდიდატის სტატუსის მიღება თუ არ მიღება, იმიტომ, რომ ეს გახდეს მმართველი გუნდის გასაკრიტიკებლად კარგი ამოცანა?

ოლივერ ვარჰეი:

– დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს, შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე, – ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი თორმეტივე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემი ქვეყანა რომ ავიღოთ, უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსენსუსის შემადგენელი. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას. ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მე კარგი ამბები მექნება წასაღები საქართველოდან ბრიუსელისკენ, იმიტომ, რომ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ თანხმობაში. ეს არის მნიშვნელოვანი დიდი რეფორმები, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში და პარლამენტის კომპეტენციაში, და მანდატში ბევრი საკითხი შედის. ამიტომ, მოგვიწევს მუშაობა ერთად და, იმედი მაქვს, რომ ეროვნული კონსენსუსი შედგება იმ ყოველდღიური რუტინული საკითხების მიღმა. რა თქმა უნდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში და, იმედი მაქვს, რომ, როგორც ვახსენე უკვე, ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ელიტის წევრი დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. იმედია, ამას ყველა დაინახავს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვერ გამოიყენებთ ამ შანსს.

ირაკლი ღარიბაშვილი:

– ჩემს მიმართვაში მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ აუცილებელია ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობა. პირველი რეკომენდაცია, პრიორიტეტი, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, არის დეპოლარიზაცია, ანუ პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა. მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, გვაქვს აქტიური პროგრესი. ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია და რეპორტი გადაეცემა ბატონ კომისარს. რაც შეეხება ოპოზიციის მიზანს, მე არ მინდა ბატონი კომისარი დავტვირთო ამდენი დეტალებით, მაგრამ მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. მე მახსოვს ძალიან კარგად, ბატონ კომისარს მინდა მივაწოდო ეს ინფორმაცია, დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ჩემი პირველი პრემიერობის დროს უვიზო რეჟიმზე, წარმოიდგინეთ, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს და ევროპულ ქვეყნებს უნდა მიეღოთ ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და, რა თქმა უნდა, ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე.

 

სოფო ბერიძე, ტელეკომპანია იმედი:

– ბუნებრივია, ჩემი შეკითხვაც 12 რეკომენდაციის ირგვლივ არის. პირველი კითხვა არის ბატონ კომისართან. თქვენ კარგად იცით, და ამაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ვხედავთ. ამისთვის ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია, პარლამენტი კანონებს იღებს, თუმცა ძირითადად და მხოლოდ მმართველი პარტიის ხმებით ხდება ამ კანონების მიღება. პარალელურად, ოპოზიციის მხრიდან გვესმის განცხადებები, რომ ვერა, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენ, რა არის თქვენი საზომი რეკომენდაციების შესრულების გზაზე, რა შემთხვევაში ჩათვლით, რომ კონკრეტულად 12 რეკომენდაცია არის შესრულებული და, ბატონო პრემიერო, თქვენთანაც მაქვს კითხვა, როგორ გგონიათ, რამდენად საკმარისია ძალისხმევა, რომელსაც ხელისუფლება ამ გზაზე ახლა ეწევა და რომელიც პრაქტიკულად ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ხდება ერთგვარი საბოტაჟის ფონზე?

ოლივერ ვარჰეი:

– მიმაჩნია, რომ იგივე კითხვაა, რაც წინა ჟურნალისტმა იკითხა, და ამიტომ, გავიმეორებ ჩემს სათქმელს. უნდა შედგეს ეროვნული კონსენსუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მიზნით. ასე მუშაობს სისტემა. სხვანაირად არ მუშაობს ეს სისტემა. გვინახავს სხვა ქვეყნების შემთხვევაში, 2004-ში, 2007-ში გაფართოების გზაზე. ხორვატიაც იგივე რეჟიმში იყო. დგება ქვეყნის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს. სხვა შემთხვევაში პროცესი მართვადი არ იქნება. ამიტომ, არ მინდა აქცენტი გავაკეთო მთავრობაზე, ოპოზიციაზე იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება. რაც არ იცვლება, არის ის, რომ ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანებზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპამდე. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ის გვთავაზობს საქმეს და ამ რეკომენდაციების შესრულებას, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია. ამიტომ, მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს.

ირაკლი ღარიბაშვილი:

– მეც კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ ვაკლებთ, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნეს შესრულებული უმოკლეს ვადებში. სწორედ ამ მიზნით არის შედგენილი გრაფიკი, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და წარვუდგინეთ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ამ მიზნით არის შექმნილი, თითოეულ რეკომენდაციაზე, ბატონო კომისარო, სამუშაო ჯგუფი და მიდის აქტიური მუშაობა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად მოკლე დროში. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გასაკეთებელია. მეც მინდა იგივე ოპტიმიზმით გიპასუხოთ, რაც ბატონმა კომისარმა გამოთქვა და გამოხატა. კიდევ ერთხელ, ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში.

 

მთავარი არხი, ნინო სამყურაშვილი:

– ბატონო ევროკომისარო, მე თქვენთან მექნება შეკითხვა. მე მინდა გკითხოთ სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის დამოკიდებულებაზე, იმაზე, თუ 12 პუნქტი როგორ შესრულდება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ივნისში, რომელიც იყო ერთგვარი საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ და ამასთან ოპოზიცია მონაწილეობდა ამ ყველაფერში. დღეს სტრატეგიული პარტნიორებისგან რამდენიმე საკითხი ისმის, ეს არის, რომ პოლიტპატიმრებით თქვენ ვერ შეხვალთ ევროკავშირში და სტატუსს ვერ მიიღებთ. საუბარი არის „მთავარი არხის” გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე. მე წარმოვადგენ ამ არხს, საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე და არის მოთხოვნა, რომ ის გათავისუფლდეს და მიეცეს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა, და მესამე ამბავი – ეს არის დეოლიგარქიზაცია. დეოლიგარქიზაციაზეც არის დიდი დებატები, – ვის ეხება ეს კანონი, ვის უნდა შეეხოს ეს კანონი, და როდესაც თქვენ წერთ „დეოლიგარქიზაციას”, ვის გულისხმობთ, რადგანაც ამ დოკუმენტებში, ევროპარლამენტის დოკუმენტში, ასევე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმაც რომელიც მიიღო, ბოლო დოკუმენტში, იქ წერია რომ ეს ყველაფერი ეხება ბიძინა ივანიშვილს. თქვენ რას გვეტყვით, თქვენ თვითონ როგორ ხედავთ და, როდესაც ევროკომისია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რის მიხედვით იხელმძღვანელებს, და ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიშლის თუ არ შეგვიშლის ხელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას?

ოლივერ ვარჰეი:

– თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდაა გაწერილი გაწევრიანების კრიტერიუმები. არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეიძლება ეხებოდეს კრიტერიუმები. ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ, საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით. ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, ექნება წვდომა შეზღუდვების გარეშე მედიაზე, რომელიც აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას. იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი. ჩვენ – ევროკავშირი – არ ვარჩევთ, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი, იმიტომ, რომ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყო განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რაც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში.

 

ტელეკომპანია „რუსთავი2″:

– თქვენ საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ნაწილობრივ ისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზე, და ვიცი, რომ თქვენი ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ეკონომიკა, გარკვეული პროექტები. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა გეგმები აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით, რა საინვესტიციო გეგმებზეა საუბარი და როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ბატონო პრემიერო, თქვენც რომ გვიპასუხოთ, რას სთავაზობს საქართველო ევროპას.

ოლივერ ვარჰეი:

– მე მგონი უკვე ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის ფლაგმანურია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი არის ელექტროენერგიის შავი ზღვის კაბელი, რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში – მწვანე ელექტროენერგიას. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს, ჰიდრო-, მზის და სხვა მიმართულებით, და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტი არის შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი, რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც, ინტერნეტ კავშირის ნაწილშიც ევროპასთან უშუალოდ და პირდაპირ, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ კერძო კავშირებია, არამედ ეკონომიკას სჭირდება ასეთი პირდაპირი კავშირი და გადაზრდა შემდგომ ეტაპზე. ასევე არსებობს დაკავშირებადობა, როგორც სატრანსპორტო მიმართულებით, შავი ზღვის გავლით. ჩვენ საუბარი გვაქვს პორტების განვითარებაზე და როგორც ვახსენე, ასევე საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ექნება აბსოლუტურად ახალი განზომილების მოცემის საშუალება. აქ შევჩერდები, ამ ოთხის ჩამოთვლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მსხვილებია. მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან. ძალიან კარგად ვუყურებ და ვაკვირდები სტრატეგიას და შემდგომ ეტაპზეც გაგაცნობთ ახლებს.

ირაკლი ღარიბაშვილი:

– დიდი მადლობა ბატონ კომისარს. თქვენ ჩამოთვალეთ პრაქტიკულად ყველა ის პროექტი, რომლებზეც ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა, და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის ის ძირითადი პროექტები, რომლებზეც უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება. ამას გარდა, საქართველოს შეუძლია უფრო მეტად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი, საკუთარი ადგილმდებარეობა. და, როგორც ბატონმა კომისარმა აღნიშნა, ჩვენ ჩვენი, ასე ვთქვათ, მოქმედებით, და წარსული ბოლო წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, ჩვენ ჩვენი ერთგულებით დავამტკიცეთ და საქმით, რომ ვართ ერთგული პარტნიორები ევროკავშირის. და შეგვიძლია ვიყოთ, როგორც აღინიშნა, მიმწოდებელი მწვანე ენერგეტიკის, ელექტროენერგიის. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ ვიყოთ მწარმოებელი მწვანე ენერგიის, გვაქვს ჰიდრორესურსების გამოუყენებელი პოტენციალი, დაახლოებით ქვეყანა ამ ეტაპისთვის იყენებს 27%-ს. ჩვენ გვაქვს 26 000 მდინარე. ამას გარდა, გვაქვს ძალიან ბევრი დიდი შესაძლებლობა ქარისა და მზის ენერგიის წარმოების და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება აი, ამ ჩვენს საერთო პროექტს, რომელიც თქვენ და ჩვენ ერთად აღვნიშნეთ. ეს არის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, ინტერნეტკაბელი, LNG ტერმინალი და უამრავი სხვა, რომლებზეც ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ბატონ კომისარს მადლობა გადავუხადო მისი ვიზიტისთვის. ჩვენ გვექნება გაფართოებული შეხვედრა და უფრო დეტალურად განვიხილავთ ყველა მიმდინარე პროექტს. კიდევ ერთხელ მინდა მას და მის დელეგაციას მადლობა ვუთხრა ჩამობრძანებისთვის, და მედიას მადლობა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული