პარასკევი, მარტი 29, 2024

ვასო ურუშაძე: “თბილისში პარკირების ერთ ადგილზე საშუალოდ 13 ავტომობილი მოდის”

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე პარკირების მხრივ დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

თბილისში, ვინც ავტომობილით გადაადგილდება მისთვის კარგად ნაცნობია პარკირების პრობლემა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს პრობლემის სიმწვავე, როცა ავტომობილების პარკირებას ათვისებული აქვს გზის სავალი ნაწილი, ქვეითებისთვის განკუთვნილი საფეხმავლო ტროტუარი, ავტობუსის გაჩერება, სადარბაზოს შესასვლელი და ა.შ. საკითხი ხშირად ხვდება საზოგადოებრივი აზრის კვლევებშიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ თბილისელებს ნამდვილად აწუხებთ პარკირების პრობლემა.

პარკირების პრობლემა, გარდა შექმნილი დისკომფორტისა ბევრ სხვა სერიოზულ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული და დედაქალაქში შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. არასაკმარისი პარკირების ადგილების გამო ხშირ შემთხვევაში ხდება მოძრაობის შეფერხება, საცობის წარმოქმნა და ქუჩების პარალიზება. მოძრაობის შეფერხება და საცობი იწვევას მოცდენის რეჟიმში მყოფი ავტომობილების რაოდენობის ზრდას, რომელთა ძრავიც უქმ სვლაზე მუშაობს და თავისი გამონაბოლქვით იწვევს ჰაერის დაბინძურებას, ჰაერის დაბინძურება, კი ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს, არყევს ფსიქიკას და სამწუხაროდ გვიწევს არაჯანსაღ პირობებში ცხოვრება. ხშირია შემთხვევები, როცა პარკირების პრობლემა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას, როცა სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო და სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები ეფექტიანად ვერ გადაადგილდებიან თბილისის ვიწრო ქუჩებში, იმიტომ, რომ გზის სავალი ნაწილი ათვისებული აქვს პარკირებას და გზების დავიწროვების შედეგად დაქვეითებულია ქუჩის გამტარუნარიანობა.

პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, თბილისში, წლებია არსებობდა ლეგიტიმური პროტესტი პარკინგის სისტემის მმართველი კომპანია „სი-თი პარკის“ წინააღმდეგ, რომელიც არ ქმნიდა დამატებით ინფრასტრუქტურას ავტომობილების პარკირებისთვის, არ აუმჯობესებდა მომსახურების სერვისს და მხოლოდ ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებზე იყო ორიენტირებული.
შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატები ერთ-ერთ მთავარ დაპირებად პარკირების პრობლემის მოგვარებას ასახელებდნენ. „როგორც კი მერიაში შევალთ, მაშინვე დასრულდება ეს უმსგავსობა“- ასეთი მტკიცე განცხადებაბით გამოირჩეოდა, დღეს მოქმედი მერი, კახა კალაძე 2017 წელს, როცა საუბარი თბილისში პარკირების პრობლემას შეეხებოდა.

დედაქალაქის მოქმედი მერი, თბილისელებს პირდებოდა ქალაქში 12 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის იყო: ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური “მარჯანიშვილი”, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროს სადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროს სადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღი. წინასაარჩევნოდ ეს კალაძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომლის ფარგლებშიც დამატებით 3000 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომების მოწყობა იგეგმებოდა. დაპირების შესასრულებლად აუცილებელი წინაპირობა არსებობდა, კომპანია „სი-თი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა, რომელიც ერთადერთია, რაც კახა კალაძემ ზედმიწევნით შეასრულა.

დღეს 2022 წელია, 5 წელი გავიდა „დიდი დაპირებების“ საარჩევნო მარათონიდან, პარკირების პრობლემა არა თუ მოგვარდა, არამედ მისი სიმწვავე ყოველდღიურად მატულობს. ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, თბილისის მასშტაბით 12 სხვადასხვა ლოკაციაზე აშენებულ მრავალსართულიან მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვერ მივაგენით. რის შემდეგაც გადავწყვიტეთ მიგვემართა წერილობით თბილისის მერიისთვის და გაგვეგო რამდენი პარკირების ადგილი იყო დედაქალაქში 2017 წელს, როცა ქალაქს კომპანია „სი-თი პარკი“ ემსახურებოდა და რამდენია დღეის მდგომარეობით, კახა კალაძის მმართველობის 5 წლის თავზე.

თბილისის მერიისგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად 2017 წელს დედაქალაქში 32257 ავტომობილისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილი იყო, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 28478-ია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში არა თუ გაიზარდა პარკირების ადგილების რაოდენობა, როგორც ამას კახა კალაძე გვპირდებოდა, არამედ 3779 ადგილით შემცირდა.

მაჩვენებლები კატასტროფულია, საქართველოში ყოველ ათას მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 304-ია, თბილისში ცხოვრობს 1 200 000 ადამიანი და საშუალოდ გადაადგილდება 364 800 მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება, რაც არც თუ ისე ბევრია, მაგრამ თუ პარკირების ადგილების რაოდენობას გავყოფთ ავტომობილების რაოდენობაზე ვნახავთ, რომ პარკირების ერთ ადგილზე საშუალოდ 13 ავტომობილი მოდის.

მართალია, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება არ შესრულდა, ნაცვლად მიწისქვეშა ავტოსადგომებისა და დამატებით 3000 საპარკინგე ადგილისა, მივიღეთ 3779 ადგილით ნაკლები, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს, თბილისის მერს შეიძლება დაავიწყდეს თბილისელების საჭიროებები, მაგრამ მას არასდროს არ ავიწყდება თავისი ინტერესები, არასწორი პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა გახუთმაგდა, თუ ის 2017 წელს მხოლოდ 10 ლარი იყო დღეს უკვე 50 ლარის გადახდა მოგიწევს, რითაც შეივსება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი და უფრო კარგად მოემსახურება ჩინოვნიკების მოთხოვნილებებს, რაც ხშირ შემთხვევაში კორუფციაზე გადის-ასეთია გზა „სი-თი პარკიდან“ კალაძემდე,” – აცხადებს ვასო ურუშაძე.

ინფორმაციას ორგანიზაცია “ანტი-კორუფციული მოძრაობა” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული