ხუთშაბათი, ივნისი 20, 2024

ილჰამ ალიევის ვიზიტის გეოპოლიტიკური გზავნილები: საქართველო მსოფლიო წესრიგში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინში – ალექსი ნონიაძე

ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში ჩვენს რეგიონში ეპოქალური ცვლილებების შედეგია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუქაზე.

უკრაინაში სრული კრახის პირობებში, რუსეთი ნელ-ნელა თმობს პოზიციებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. რეგიონალურ ლიდერად თურქეთი პოზიციონირებს. ოფიციალური ანკარა ერთის მხრივ – აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პრობლემების მოგვარებაში, რომელიც რუსეთის უკრაინაში აგრესიამ გამოიწვია და მხარეებს შორის მომლაპარაკებლად გვევლინება, მეორეს მხრივ – თავისი აქტიური პოლიტიკით გავლენებს ზრდის კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებში.

მოგეხსენებათ, ძალაუფლება ვერ იტანს ვაკუუმს – სადაც კი რუსეთმა უკან დაიხია, თურქეთმა არ დააყოვნა და მყისიერად მისი ადგილი დაიკავა. თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანი წარმოადგენს.

დღევანდელი მოცემულობით უკრაინაში ომი ყველაზე გვიანი მომდევნო წლის გაზაფხულზე რუსეთის დამარცხებით დამთავრება. ამიტომ ყველა სახელმწიფო ცდილობს გამარჯვებულების რიგებში მოხვდეს, აუტსაიდერთა გუნდში ყოფნა არავის სურს.

ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ლანდშაპტი რადიკალურად იცვლება. შესაბამისად, სახელმწიფოებს შორის იცვლება ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობებიც. ახალ მოცემულობაში კავკასიის რეგიონს და განსაკუთრებით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე გახდეს. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას გვაძლევს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია შევასრულოთ, როგორც მშრალი ტვირთების ტრანსპორტირების, ისე სხვადასხვა ენერგომატარებლების (ბუნებრივი აირი, ნავთობი, ელექტროენერგია) გატარების საკითხში.

ევროპა-აზიის სახელმწიფოების ინტერესები და ვაჭრობისთვის სატრანსპორტო დერეფანი მათ შორის
ერთის მხრივ, ევროკავშირის სახელმწიფოები დაინტერესებულნი არიან ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგო რესურსების გამოყენებით, რუსეთის გვერდის ავლით. რუსულ ბუნებრივ აირზე სანქციების დაწესების შემდეგ ევროპაში ამ მხრივ დეფიციტი გაჩნდა და საჭიროა ალტერნატიული მიწოდების არხების მოძიება. მეორეს მხრივ, ჩინეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპამდე საკუთარი პროდუქციისთვის სახმელეთო კორიდორის გაკვალვა, რომელიც ასევე რუსეთის ალტერნატივა იქნება.

ამ ეტაპზე ჩინეთმა 27%-ით შეამცირა საკუთარი სახმელეთო ტვირთების რუსეთის ტერიტორიაზე გატარება. ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება. თუ აქამდე მხოლოდ ოფიციალური პეკინი იყო დაინტერესებული ძველი „აბრეშუმის გზის“ აღდგენაზე ახლა უკვე ევროკავშირის სახელმწიფოების ინტერესებშიც შედის კავკასიის რეგიონში გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირება, რათა უმოკლესი გზით კასპიის ზღვის ენერგორესურსები მიიღონ.

დიდი სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში მოექცა კავკასიის რეგიონი, აზერბაიჯანი თავისი ენერგორესურსებით და საქართველო თავისი სატრანზიტო პოტენციალით. შემთხვევითი არ არის თურქეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი სომხეთში. თუ საერთო სურათს შევკრავთ, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ ალიევის საქართველოში ჩამოსვლა ამ პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენი რეგიონისთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება.

აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესები
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური მიზანი ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელება და უფრო გაღრმავებაა, განსაკუთრებით ინტენსიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში. საუბარია მიმდინარე პროექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიხანის, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის) პარალელურად ახალი პროექტების განხორციელებაზე.

ევროკომისიასთან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და შესაბამისად, აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში 22 მილიონი კუბური ტონა ბუნებრივი აირის ექსპორტი ორჯერ გაიზრდება. ხოლო 2027 წლისთვის ევროპაში საექსპორტოდ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირის გატანა იგეგმება. სრულად დაიტვირთება ბაქო-სუფსის ტერმინალი. ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს, საქართველოს გავლით, საერთაშორისო ბაზრებზე ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას. ამ მხრივ, საერთო ჯამში, კასპიის ზღვის აუზიდან 157 გეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტირების პოტენციალი არსებობს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელითაც აზერბაიჯანული მხარე არის დაინტერესებული ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაა. ოფიციალური ბაქო კარგად ხვდება, რომ რუსეთის რეგიონში გავლენების შესუსტება, თურქეთის აქტიური მხარდაჭერა და საერთაშორისო ბაზარზე აზერბაიჯანული ენერგორესურსებზე მოთხოვნის ზრდა ქმნის შანსებს, რომელიც ნებისმიერმა ქვეყანამ საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მიიღოს. აზერბაიჯანისთვის დადგა ხელსაყრელი მომენტი, რომელიც მომავალში შეიძლება აღარ იყოს, ამიტომ ალიევი ყველანაირად ეცდება ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა და სრული კონტროლი დაიბრუნოს ყარაბაღზე.

რა სარგებელს მოუტანს ახალი შესაძლებლობები საქართველოს
ქვეყანა მიიღებს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ბენეფიტებს. „აბრეშუმის გზის“ აღდგენა საქართველოს საშუალებას მისცემს რუსეთის „პროვინციის“ ნაცვლად ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ჩვენი ქვეყნის ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შანსები ერთიორად გაიზრდება. კარგი შესაძლებლობები მოგვეცემა სამხედრო ჩარევის გარეშე დავიბრუნოთ ოკუპირებული (აფხაზეთი და სამაჩაბლო) და სადავო (დავით გარეჯი) ტერიტორიები. ევროკავშირიდან წამოსული ინვესტიციები ქვეყნის შიგნით არამარტო შესაძლებელს გახდის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა თანამედროვე ტექნოლოგიებით ვსრულყოთ და პოტენციალი მინიმუმ ორჯერ გავზარდოთ, არამედ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა რეალურ ციფრებში დავინახოთ. გაიზრდება მშპ და სახელმწიფო ბიუჯეტი. ახალ ტექნოლოგიებს ახალი ცოდნა და პიროვნული განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები მოყვება.

ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის ნიუანსები
ილჰამ ალიევის ვიზიტი ნახევრად გასაიდუმლოებულ რეჟიმში მოხდა. მეზობელი ქვეყნის პირველი პირის ჩამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა მედიის საშუალებით გაიგო. მაღალი რანგის სტუმარს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა, ხოლო თავად შეხვედრა არა სამთავრობო სივრცეში, არამედ „შატო მუხრანში“ ჩატარდა. ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებით შეხვედრას არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარები პრესასთან იყო მშრალი და კონკრეტიკისგან დაცლილი, მაშინ როდესაც ილჰამ ალიევმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და აქცენტები გააკეთა ბევრ საინტერესო თემებზე. ხაზი გაუსვა, როგორც აზერბაიჯანის ინტერესებს და ვიზიტის მიზნებს, ისე ყურადღება გაამახვილა ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ყოველივე ამან ბევრი კითხვა გააჩინა ვიზიტთან დაკავშირებით.

ბუნებრივია მსგავსი მაღალი რანგის შეხვედრების შემდეგ მოლაპარაკების ყველა ნიუანსი არ საჯაროვდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებისთვის საჭირო კითხვებზე პასუხები ძალიან მწირია, რაც მრავალმხრივი ვარაუდებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართულმა მხარემ ოფიციალური ვიზიტი არაფორმალურ შეხვედრად აქცია. თითქოს არ უნდოდა საჯარო სივრცეში ალიევის სტუმრობისთვის ზედმეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა და საშუალება, რომ მისცემოდა ამ შეხვედრას ფარულადაც ჩაატარებდა.

თუ შეხვედრის დეტალებს გავაანალიზებთ და პროტოკოლის ენაზე გადავთარგმნით შეგვიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთოთ:

  • შეხვედრა აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით შედგა;
  • განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი ჩვენს რეგიონში შექმნილ სიტუაციას, ასევე რუსეთის როლსა და მნიშვნელობას ეხებოდა;
  • აზერბაიჯანი მზად არის საკუთარი თამაში ითამაშოს, კითხვა ჩნდება იგივე ნაბიჯისთვის მზად არის თუ არა საქართველო, თუ ისევ „რუსეთის არგაღიზიანების“ პოლიტიკის ერთგული რჩება? რადგან საქართველოს მთავრობის ბოლო დროინდელი მოქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ ამ კურსს რუსეთთან მიმართებაში არ ცვლის. მაგალითად, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის მიერ გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემაში გაკეთებული განცხადების მიხედვით – ქართულმა მხარემ, ორი თვის წინ, ოფიციალურ ასტანას უკვე უთხრა უარი რუსეთის გვერდის ავლით ყაზახური ნავთობის რკინიგზით გატარებაზე;
  • რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს საქართველო მომავალში მისი სატრანზიტო პოტენციალის ზრდით;
  • რამდენი სახელმწიფოს ინტერესებში შედის ახალი სატრანზიტო დერეფნის გახსნა და „დარწმუნების“ რა მეთოდებს გამოიყენებენ ჩვენს მიმართ დაინტერესებული ქვეყნები, თუ ოფიციალურმა თბილისმა უარი განაცხადა შეთავაზებაზე.

რას აკეთებს საქართველოს მთავრობა
უნდა ვივარაუდოთ, რომ ალიევთან ვიზიტის შემდეგ ქართულმა მხარემ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს გადაჭრით უარი ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობაზე არ მიუღია, მაგრამ დადებითი პასუხიც არ მოუსმენია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ოფიციალური ვიზიტიც ვფიქრობთ ამ საკითხის გაგრძელებაა.

პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას საუბარი იყო ბევრ, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობაზე. ვიქტორ ორბანი საპასუხო ვიზიტით ჩამოსვლასაც აპირებს თბილისში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღარიბაშვილის სტუმრობის მთავარი მიზეზი რაც იყო შემდგომ განხილვასა და დეტალებზე შეთანხმებას საჭიროებს. მკითხველმა, რომ კარგად აღიქვას საკითხის მნიშვნელობა შევახსენებთ, უნგრეთი ის სახელმწიფოა ევროკავშირში, რომელიც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან და მის ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. ეტყობა ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიცია ნაწილობრივ განმსაზღვრელი იქნება იმ პასუხისა, რაც ქართულმა მხარემ ალიევს უნდა შეატყობინოს.

ოფიციალურმა თბილისმა უნდა გადაწყვიტოს, ვის ნავში ზის. გააგრძელებს რუსეთთან „არგაღიზიანების“ პოლიტიკას, რომელიც ბოლო 10 წელია სტაბილურად გრძელდება თუ აქცენტს გააკეთებს დასავლეთზე და საქართველოს სახელმწიფოებრივი პოტენციალის ზრდაზე. ბუნებრივია ორივე გადაწყვეტილებას აქვს თავისი საფრთხეები, მაგრამ როგორც ყველასთვის ცნობილი „ფრთიანი“ გამონათქვამი გვეუბნება: „ვინც არ რისკავს – არ სვამს შამპანურს“!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული