გივი მიქანაძე: საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაზეა ორიენტირებული

10

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილების პროექტი ორიენტირებულია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაში მოყვანაზე. ამავდროულად, ის პირდაპირ პასუხობს ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამის შესახებ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გივი მიქანაძემ „საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაინიცირებულ კანონპროექტებზე ისაუბრა და საზოგადოებას ის ცვლილებები გააცნო, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა.

2024 წლიდან საქართველო გადავა ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე. ეს თვისობრივად ახალი, უმაღლესი სტანდარტია, რაზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ გუნდმა მიიღო. სულ მცირე, ამომრჩევლის 70%-ს შესაძლებლობა ექნება ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს. ელექტრონული საარჩევნო სისტემა გულისხმობს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს, რაც ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება. ამასთანავე, იმ უბნებზე, სადაც არ იქნება ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა, ამომრჩეველთან მიმართებაში იმოქმედებს მიცემული ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და მათი ატვირთვა ცესკოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლიდან ფაქტიურად მთელს ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელთა ასახვაც აღნიშნულ კანონპროექტებში იგეგმება. კერძოდ: 40000 ლარამდე გაიზრდება ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე დაწესებული ჯარიმა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა 2 თვიდან 3 წლამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, 3 დღით განისაზღვრება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადა განახევრდება და 15 დღედ განისაზღვრება. ის საარჩევნო უბანი, სადავ მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე ნაკლები ბიულეტენი დაფიქსირდება, გადათვლას დაექვემდებარება. ასევე მარკირებას დაექვემდებარება ის ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს. საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება დაწესდება და სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა შეიქმნება. ცვლილება შეეხება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობას, რომლის მიხედვითაც განახევრდება ზედა ზღვარი საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 0.1%-ისა“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილების პროექტი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თანხვედრაში მოყვანაზეა ორიენტირებული და პირდაპირ პასუხობს ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი ცხადჰყოფს, რომ მმართველი გუნდის მიერ 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით ინიცირებული კონკრეტული გეგმა და მიზნობრივი ნაბიჯები ორიენტირებულია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით იქნება მიღებულ, იგი საექსპერტო დასკვნისთვის ეუთო-ოდირსა და ვენეციის კომისიას გაეგზავნება. მათგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროცესი გაგრძელდება მეორე და მესამე მოსმენის ფორმატში. ჩვენი მიზანია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღება განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

კომენტარები პუბლიკაციაზე