,,ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას და საზოგადოებას სთავაზობს სამ პუნქტიან გეგმას, რითაც, მისი აზრით, შესაძლებელი გახდება მმართველი პარტიის შეცვლა და ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნა:
,,როგორც საყოველთაოდ ცნობილია, “ლეიბორისტული პარტიის” თავგანწირულმა ბრძოლამ რუსი ოლიგარქ-დიქტატორი, გვარს არ დავასახელებ – ყველამ იცით, მიიყვანა სანქცირების დასაწყისამდე.
დღეს მთელი ქვეყნიერება, საქართველო და მსოფლიო ელოდება ოპოზიციის პოზიციას, რათა დავასრულოთ ეს საშინელი რეალობა, რომელიც ჩვენს თავს ტრიალებს.
გთავაზობთ 3 პუნქტიან სტრატეგიას, რამაც ჩვენს ქვეყანაში უნდა განწმინდოს მომავლის ჩახერგილი გზები.
პირველი – ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები!
მეორე – შეიქმნას მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული სხნის კომიტეტი;
მესამე – დავუძახოთ ხალხს ქუჩაში!
ყველაფერ ამას მოჰყვება საშინელი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული, ახალი დემოკრატიული არჩევნები, შესაბამისად, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი ხალხის განწყობის და ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ჯგუფები თუ ლიდერები.
ეს არის ერთადერთი სწორი სტრატეგია, ხსნა და სხვა გზა იმისათვის, რომ დავასრულოთ ჩვენ მარაზმატიკული რეჟიმი, რომელიც ისედაც დასრულდება, რომლის სანქცირების პროცესს ,,ლეიბორისტული“ პარტია აუცილებლად დააგვირგვინებს, მაგრამ ცოტა დროში გაწელვით.
თუ გვინდა შევამციროთ დრო და თავისუფლების ჟამი დავაყენოთ სწრაფად საჭიროა, ოპოზიციამ რაღაცა პირადი გაწიროს. მარტო ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, მომავლის ლამაზი დაპირებები, სამუშაო ჯგუფებში ჯდომები, პარლამენტის მბრუნავ სავარძლებში კოტრიალი, საკრებულოებში ტენდერებზე ჩალიჩი – ოპოზიციაზე ვამბობ, გაზაფხულს ვერ მოიყვანს!“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე