პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ,,POSTV”-ის ეთერში ,,დიდ გადაცემაში“ საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის პასუხი შეაფასა ,,ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გაგზავნილ ღია წერილზე:
,,მე მოვისმინე ელჩის განცხადება ღია წერილთან დაკავშირებით. უნდა გავამახვილო ყურადღება, მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ “ქართული ოცნების” წევრია წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და შინაარსი ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს არის, ბუნებრივია, ძალიან სამწუხარო.
კრიტიკა შეგიძლია ყველას მიმართ – ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ასეთ დროს, როდესაც ერთი მხრივ შენ გეუბნებიან, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, დასანანი და შეურაცხმყოფელი პარლამენტისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, კოლეგიალობიდან გამომდინარეც და სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო.
შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, პარლამენტარს, პარლამენტის წევრს, თან მიშა ყაველაშვილს, ამას ცალკე გაუსვამ ხაზს, რომ მართლა გამორჩეულად წესიერი, ღირსეული და პატიოსანი კაცია და ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, ასეთ კაცს შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა მართლა ისეთი რამეა, რასაც სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება და შინაარსიც არის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საპასუხო კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის მალხაზ ყაველაშვილის ღია წერილზე:
,,ამ წერილში იმდენი ტყუილი და შეთქმულების თეორია ეწერა, რომ ბოლომდე ვერც კი წავიკითხე. წერილის ავტორს არ ესმის, რომ აშშ ამ ქვეყანაში იმისთვის არის, რომ მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
მინდა, ასევე შევეხო იმ დეზინფორმაციას, რომელიც წერილის ავტორმა ახსენა და აღიარებულია როგორც ყალბი ინფორმაცია. აშშ-ს და ევროკავშირს არ სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და არ გავრცელდეს.
რა მოტივი აქვთ მათ, როდესაც ამ დეზინფორმაციას და ტყუილებს იმეორებენ? – ეს ჩემი შეკითხვაა. მე არ ვიცი, მართლა დამოუკიდებელია თუ არა წერილის ავტორი, მაგრამ მისი სიტყვები ძალიან ახლოს არის იმ მოსაზრებებთან, რომელსაც მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი გამოთქვამს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


