პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოებინა ევროპასთან” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ყოველწლიური ანგარიშით წარდგა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში:

„მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო მთავრობის წევრებო, ბატონო მერო, მოგესალმებით ყველას, მედიის წარმომადგენლებს. მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ წლიური ანგარიში, რომელიც თქვენ მანამდე გამოგეგზავნათ. მე მინდა დეტალურად ვისაუბრო იმ მიღწევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია, მინდა საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველანი გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 17 ივნისს, – ყველასათვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში. მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს ჩანაწერი მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. გასაგებია, რომ ჩვენ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ. და მინდა, რომ ეს დეტალურად განვუმარტო ჩვენს ხალხს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა, რეალურად, – დამყარებული, დამკვიდრებული დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, – ასეთი მემკვიდრეობის შემდეგ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არავითარი მედიათავისუფლება არ არსებობდა ქვეყანაში, არავითარი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობდა და მთლიანად სახელმწიფო მანქანა, სისტემა იყო გადაქცეული რეპრესიულ სისტემად, ჩაგვრისა და მოქალაქეების განადგურების სისტემად. ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. და მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი, რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ თქვენ, ძვირფასო ბატონებო. რაც შეეხება მედიათავისუფლებას, ქვეყანაში არც ერთი ოპოზიციური არხი არ არსებობდა.

მოვისმინე შენიშვნა, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, რა გავაკეთეთ 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათაც და ჩვენს ძვირფას ხალხს, თუ რა გავაკეთეთ ამ 10 წლის განმავლობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, მინდა ყველას შევახსენო იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, უნდა შევახსენოთ მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, უცხოელ მეგობრებს, რომ ჩვენ მართლაც უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე. სწორედ ჩვენ მიერ მიღებული, გატარებული რეფორმების შედეგად დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა. ამ მაჩვენებლით ჩვენ ბევრად წინ ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ახლა, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს 10 წლის შედეგები, გამოხატული კონკრეტული რეიტინგებით: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; საშუალო შემოსავლის ქვეყნების სიაში ჩვენი ქვეყანა არის წამყვან ხუთეულში; მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას და ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, მე-4 ადგილზე ვართ; გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს; ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, წელს პირველად, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ მოლდოვას და უკრაინას რეკომენდაციაში, დათქმებში ჩაუწერეს საჯარო სამსახურის რეფორმა და, მათ შორის, გამჭვირვალობაზეა აქ მინიშნება და ძალიან ბევრი რეკომენდაციაა ჩაწერილი, შედარებისთვის. ამ მიღწევით, ვინაიდან ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, ქვეყანა, საქართველო, უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. რომ მეკითხებიან, რა გავაკეთეთ ჩვენ და რა მიღწევები აქვს საქართველოს, აი ეს არის კონკრეტული 10 წლის შეჯამება, გამოხატული რეიტინგებით. ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წამყვან 5 ეკონომიკას შორის არის სინგაპურის, შვეიცარიისა და მსგავსი ეკონომიკების შემდეგ. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჩვენ ვართ მე-18 ადგილზე ევროპაში, რაც ბევრად უფრო წინ არის ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი ქვეყანა და წამყვანი ეკონომიკა.

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, „თრეის ინთერნეიშენალის” მიხედვით, საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და პირველ ადგილს იკავებს ქვეკომპონენტში – კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას. 2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, როგორიცაა სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და თურქეთი, უსწრებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიხედვით, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და პირველ ადგილზე ვართ რეგიონში. შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო იყო 51-ე ადგილზე. NUMBEO-ს „დანაშაულის ინდექსის” მიხედვით, 2022 წელს, ანუ წელს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და რეიტინგში ვიკავებთ მე-14 ადგილს მსოფლიოში. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა – ჩეხეთი, ავსტრია, ფინეთი, დანია, ლიტვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. 2012 წელთან შედარებით, 2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის შეფასების 10-წლიანი გაუმჯობესებით მიღწეული პროგრესის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა, რეგიონში არსებული უმწვავესი ვითარებისა და, მათ შორის, ჩვენი მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად. 2012 წელს, შედარებისთვის, მსოფლიოს უკანასკნელ ოცეულში ვიყავით გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, და მიუხედავად იმისა, რომ ომი არ იყო, იყო რეჟიმი, სასტიკი, დანაშაულებრივი, კრიმინალური რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა. ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ საქართველო მომდევნო წლების მუშაობის შედეგად ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ. თუ შევადარებთ ჩვენ საქართველოს მონაცემებს მოლდოვას და უკრაინას, ნათელია, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ყველამ კარგად იცის, მთელმა მსოფლიომ იცის, და ეს რეიტინგები, რომლებიც ჩამოვთვალე, ეს არის მათი დაწერილი, ევროპული, ამერიკული საერთაშორისო გლობალური, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ სამეულში, ე.წ. ასოცირებულ ტრიოში უპირობო ლიდერები ვართ. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, საქართველო, გლობალური რეიტინგი – 49-ე ადგილი მსოფლიოში, რეგიონული რეიტინგი – 1- ელი ადგილი 14 ქვეყანას შორის. უკრაინა, – მაინტერესებს, თუ იცით თქვენ, რომელ ადგილზეა, – გლობალური რეიტინგით 74-ე ადგილზე და რეგიონულით მე-7 ადგილზე 14 ქვეყანას შორის. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე, მეგობრებო. მოლდოვა – გლობალური რეიტინგით 73-ე მსოფლიოში და რეგიონული რეიტინგით მე-6. აქაც, ანუ მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გავაგრძელებ, ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის მე- 5 ადგილზე, უკრაინა არის 129-ე ადგილზე, მოლდოვა – 66-ე ადგილზე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 26-ე ადგილზე მსოფლიოში გლობალური მაჩვენებლით და მე-18 ადგილზე რეგიონული მაჩვენებლით, უკრაინა არის 130-ე ადგილზე, მოლდოვა – 78-ე ადგილზე.
„რაც შეეხება კორუფციის რისკებს და ამ ინდექსის მიხედვით შედარებას საქართველოს მოლოდვასთან და უკრაინასთან, – საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა არის 104- ე ადგილზე. ბიზნესის კორუფციული რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა 104-ე და მოლდოვა 115-ე ადგილზე. კორუფციის გლობალური ინდექსი, ეს არის საერთაშორისო გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო არის 41-ე ადგილზე, უკრაინა 123-ე და მოლდოვა 114-ე ადგილზე. კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში კი 45 -ე ადგილზე. უკრაინა არის 122-ე ადგილზე და მოლდოვა 105-ე ადგილზე.

ახლა რაც შეეხება უსაფრთხოების რეიტინგს. აქაც, საქართველო მე-14 ადგილზეა მსოფლიოში, უკრაინა არის 81-ე ადგილზე, მეგობრებო, ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ევროპელებო, და მოლდოვა არის 84-ე ადგილზე.

აი, ეს არის კონკრეტული, ჩვენი მუშაობის, ჩვენი ათწლიანი მუშაობის შედეგი, გამოხატული კონკრეტული რეიტინგებით, რომლებიც შეადგინა მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი, თქვენ ყველაფერი მოისმინეთ.

ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან, არა მხოლოდ ემოციებისა და აღქმების დონეზე, არამედ გაკეთებული საქმეების მიხედვით… მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის. ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი იმიტომ, რომ უკრაინა ომშია. გახსოვთ, ორი კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მე საჯაროდ ვთქვი, რომ მქონდა ეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან. მათ პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მას სტატუსს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო, ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია. არათუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ. ბევრ მოქმედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ ყველა პარამეტრით, მეგობრებო. მე მინდა განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს, რომ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მას მისცემენ სტატუსი.

რაც შეეხება მოლდოვას, თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა ჩამორჩებიან საქართველოს ბევრი მიღწევისა და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში არის აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა. გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭება სტატუსი. ოღონდ დათქმები, მინდა ხაზგასმით განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს, დათქმები სამივე სახელმწიფოს ჩაუწერეს, ანუ ვალდებულებები, პირობები, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. ანუ, პრიორიტეტები ჩვენს შემთხვევაში გამოკვეთეს. მე აღარ შეგაწყენთ თავს. ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი და მათი რეკომენდაცია არის სწორედ პოლარიზაციის დასრულება, არათუ შემცირება, დასრულება.

ნახეს, იმედი მაქვს ევროპელმა ლიდერებმა და ჩვენმა მედიამ, მთელმა საქართველომ, როგორი სურვილი აქვს ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. რომ შემოსვლის დღიდან, ამხელა სკანდალის მოწყობა მოინდომეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ დათქმების მიხედვით, ესაა ჩვეულებრივი პრაქტიკა, ევროკომისიას მსგავსი, ანალოგიური მიდგომები გამოუყენებია სხვა, მათ შორის, დღეს უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. არაერთი მაგალითი ვიცით, მათ შორის, ლიტვაც, და უამრავი, ძალიან ბევრი სახელმწიფოა, რომელთა მიმართაც გამოიყენეს დათქმები. ერთი განსხვავებაა – უკრაინას და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმს და მოტივატორს, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან, იმ დათქმით, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა შეასრულოთო. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, გვეუბნებიან, რომ ევროპული პერსპექტივა, დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ წევრი ქვეყანა, და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს ევროკომისია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით. ანუ პირიქით, არის ჩვენს შემთხვევაში, რაც არის გულდასაწყვეტი, რა თმა უნდა, აქვე მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი გაწირა, თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს, არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცებისა გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში, ჩვენ ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი. აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატოში ინტეგრაციის, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე, საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო? პირდაპირ, საჯაროდ თქვეს, პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კარგად გვესმის, ემოციურად ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი და ყველა ადამიანს, ყველა ნორმალურ მოქალაქეს, ვისაც აქვს ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა, გულში ყველას აქვს გულისწყვეტა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს ძალიან მშვიდად.

ახლა, რაც შეეხება შემდეგ პროცესს, როგორ ვხედავთ და როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის მართვა. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის ისტორიული ჩანაწერი, დაკანონდება, დამტკიცდება ევროპული საბჭოს მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ასევე, მინდა ვთქვა, მე ეს მთავრობის სხდომაზეც განვაცხადე და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო თქვენ წინაშე, რომ ბუნებრივია, ჩვენი მთავრობა, თქვენთან, პარლამენტთან ერთად, მთელი ჩვენი გუნდი ვართ მზად, მოტივირებული ვართ, რომ გავაგრძელოთ ყველა ის რეფორმა, რომლებიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ასევე მინდა შევახსენო ყველას, რომ რეფორმების ძალიან დიდი ნაწილი ისედაც იყო უკვე ჩადებული, გათვალისწინებული ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც 1 თვის წინ შევათანხმეთ ჩვენ ბრიუსელთან, და ეს კიდევ უფრო ბევრ კითხვას აჩენს ჩემში პირადად, თუ რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე, ჩვენ გჭირდება სიმშვიდე, პროცესი უნდა ვმართოთ მშვიდად, მტკიცედ და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. მთავარი ჩანაწერი და რაც ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ თქვა, ევროკავშირმა საქართველოს გაუღო კარი, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს არის ყველაზე მთავარი მიღწევა.

აქვე მინდა შევახსენო, მათ შორის ოპონენტებს, რომ 2012 წლამდე ასოცირების შეთანხმების პროცესი უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ძალიან გაწელილი იყო დროში. თუ არ ვცდები, 2010 წელს დაიწყო ეს პროცესი. ვინმეს ახსენდება საერთოდ, რატომ არ იყო კრიტიკა, მათ შორის, არავის მხრიდან, რომ რატომ არ იყო საქართველო მოწინავე პოზიციებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, რატომ გაასწრო, უკრაინას, რატომ გადაეცა უფრო ადრე შეთანხმების პროექტი, რატომ დაიწყეს მათ ჩვენზე ადრე ეს პროცესი. იგივე ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რატომ დაიწყო უკრაინამ ჩვენზე ადრე, თუ არ ვცდები, და შემდეგ დავიწყეთ ჩვენ. 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო გარდამტეხი ცვლილება, რამაც მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ეს დიქტატორული რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ხალხმა ამოისუნთქა. არ მოსწონთ მათი ამ მძიმე ხელწერის შეხსენება, მაგრამ კიდევ შევახსენებ. პირველ ოქტომბრამდე არათუ თავისუფალი მედია არ არსებობდა, არც სასამართლო არ არსებობდა, არავითარი ნიშანწყალი. აქ, დღითი დღე, ყოველდღე დაკანონებული იყო სწორედ დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი ერთი მანიაკი ადამიანის და მისი დანაშაულებრივი გუნდის, რომლებიც ყოველდღე ტანჯავდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. რა მდგომარეობა იყო არ გახსოვთ? რა ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან ეს ადამიანები, რა მორალი გაქვთ საერთოდ, როგორ ბედავთ, რომ ჩვენ გვახსენებთ ადამიანის უფლებებს.

მეორე, რაც მინდა ყველას შევახსენო, – 300 000 ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მანიაკალურმა, მკვლელმა, მჩაგვრელმა სისტემამ, 300 000 ადამიანი. სულ რაღაც 4 მილიონი ვართ მოსახლეობა დღეს. რა მდგომარეობა იყო, ხატია დეკანოიძე იყო პოლიციის აკადემიის რექტორი. ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ ცოცხებით, ხელკეტებით, საშინელი მდგომარეობა იყო, ადამიანს არავითარი დაცულობის განცდა არ ჰქონდა. ათასობით შემთხვევა, ათასობით საქმე იყო გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა. ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული იმ შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში. 152 შემთხვევაა გაგზავნილი სტრასბურგში, მათ დროს იყო 5000 შემთხვევა. თქვენ გესმით, ხომ, ჩაგრულ, ნაწამებ, ნატანჯ ადამიანს არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა სიმართლის და სამართლიანობის მიღწევის. აი, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ, ძვირფასო ევროპელებო! მე მინდა მათ მივმართო, იმ 300 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათი მომზადებული რეზოლუციის ტექსტს. ეს ადამიანები დადიოდნენ, ძვირფასო მოქალაქეებო, – მინდა ყველას მოგმართოთ სრული პასუხისმგებლობით, – ეს ადამიანები, ვინც ახლა აქ არიან წარმოდგენილი, მათი დიდი ნაწილი დადიოდა ევროკავშირში, ევროპარლამენტში, ყველგან და მავნებლურად, მტრულად ექცეოდა ქვეყანას. ამას ჩვენი ევროპელი მეგობრები პირდაპირ მიყვებიან. ბატონო თავმჯდომარევ, აქ ითქვა, რომ ტყუილია, მე ავხსნი, რატომ არ არის ტყუილი, ტყუილი არის ყველა თქვენი სიტყვა, რასაც თქვენ ელაპარაკებით ჩვენს მოქალაქეებს, მე ველაპარაკები სიმართლეს, თქვენგან განსხვავებით.

ევროპის სახალხო პარტია, ე.წ. EPP-ის პარტია, რომელი პარტიაა, ხომ არ შემახსენებთ, ქალბატონო ხატია? ეს არის თქვენი მთავარი პარტნიორი პარტია. ევროპის სახალხო პარტიამ მათი რეკომენდაციებით მოამზადა ყველაზე სამარცხვინო ტექსტი, უსამართლობის ზეიმი. ეს იყო პირდაპირი მხილება და მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებს არ სურდათ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ახლა რატომ, – „ნაციონალურ მოძრაობას” სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას ვუზიარებ ჩვენს მოქალაქეებს.

რაც შეეხება ქალბატონ სალომე სამადაშვილს, ძალიან ნერვიულობს, იმიტომ, რომ იცის, მასზე უნდა გადავიდე. ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!

რა თქმა უნდა, ევროპელი მმართველების გადაწყვეტილებაა, მათი ეს გონიერება, რომელიც გამოვლინდა სწორედ ამ ევროპული პერსპექტივის ჩაწერით, არის მისასალმებელი და ჩვენ ეს ყველას გვახარებს.

რაც შეეხება ზოგადად ჩვენი ოპოზიციის კრიტიკას და მათ მიერ აგორებულ აჟიოტაჟს. მინდა შევეხო უკრაინის ომის თემას, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც ყველას ეხება, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას, მსოფლიოს, ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას და ყველას, ჩვენს მოქალაქეებს. ომის პირველივე დღეებიდან, კარგად გახსოვთ, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში. მე მქონდა პირადად კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და პირადად ვაცნობე, რომ ვუგზავნიდით ქართველი ხალხის სახელით, საქართველოს მთავრობის სახელით ჰუმანიტარულ ტვირთს. ამის შემდეგ, დღეის მდგომარეობით, 260 რეზოლუციაზე გვაქვს თანხმობა მიცემული. პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ დოკუმენტზე ვართ მიერთებული, ყველა პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ თუ სოლიდარობის დოკუმენტზეა მიერთებული საქართველო. ყველგან , იქნებოდა ეს გაერო, ევროკავშირი, ეუთო და ა.შ., ყველგან.

საუბარი შეეხო, რატომ არ დაუწესა, თუ რატომ არ მიუერთდა ეკონომიკურ სანქციებს საქართველო. ბუნებრივია, ლეგიტიმური კითხვაა, აინტერესებთ ადამიანებს, რატომ არ მივუერთდით და ჩვენ ეს ავხსენით პირველივე დღეებში. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, 1 მლნ დაახლოებით, შეიძლება ასე ითქვას, ცხოვრობს რუსეთში, 1 მლნ ქართველი. კარგად გვახსოვს, მათი (ნაცმოძრაობის) გაუაზრებელი, უგუნური პოლიტიკის შედეგად, როგორ, ასე ვთქვათ, მოექცნენ, უღირსად მოექცნენ ჩვენს მოქალაქეებს, სატვირთო თვითმფრინავებით გამოგზავნეს საქართველოში, წაართვეს ბიზნესი, სახლები და საშინელი ტერორი გამოიარეს მათ, აღარა მაქვს საუბარი ომზე, ჩვენს ომზე, ომზეც გადავალ. ამის შემდეგ, სანქციებთან მიერთების თაობაზე გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ჩვენ ვთქვით ძალიან მარტივად, რომ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ეს სავაჭრო ურთიერთობები ეხება ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს. გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არა, ესაა რეალობა, მეგობრებო, გაითვალისწინეთ ყველამ. ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით, რომლისთვისაც ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ აღედგინათ 2012 წლამდე, დღეს აკრიტიკებენ. რას ვგულისხმობ 2012 წლამდე, – ომის შემდეგ, ანუ ომი როგორც კი დასრულდა, რამდენიმე თვეში. ჯერ, საერთოდ, ომი ხომ ტრაგედია და უბედურება იყო, რაც გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ, ამათი მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები, ქვეყნიდან გარბოდნენ. ვინ ომობდა? – ჯარი, პოლიცია ომობდა. ერთი კი არა, ათეულობით გვარია გასაჯაროებული. მე თბილისში ვიყავი. აგვისტოს ომში გმირულად იომა ჩვენმა ჯარმა, აგერ არის გენერალი ჩაჩიბაია. ეს ინფორმაცია ყველამ კარგად ვიცით, ამის თაობაზე არაერთი სიუჟეტი უნახავს ხალხს, კონკრეტული ფაქტებით, როგორ გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი ომის დღეებში. 2007 წელს დატოვა რუსეთის ჯარმა საქართველო, ბოლო კონტინგენტი გავიდა საქართველოდან 2007 წელს. 2008 წელს ამათმა უგუნურმა, გაუთვლელმა ნაბიჯებმა, სააკაშვილმა დააბრუნა რუსული ჯარი საქართველოში.

ომის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველომ მათი ლიდერობით, მათი ხელისუფლების დროს მოაწერა ხელი, ფაქტობრივად, კაპიტულანტურ რეზოლუციას. ამის შემდეგ, ომის შემდეგ, მათი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები. გამოდიოდა ვანო მერაბიშვილი და ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არა აქვსო. ეს ცნობილი გამონათქვამი ყველას კარგად გვახსოვს. ეს ყველაფერი მოხდა აგვისტოს ომის შემდეგ. ახლა, რატომ მოვყევი ამდენი, მინდა ყველაფერი შევახსენო, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, უნდა მოითმინონ და მოისმინონ ბოლომდე მათი დანაშაულებები.

დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს რატომ არ შეუერთდით, რატომ არ დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები – ანუ ჩვენს ხალხს რატომ არ დაუწესეთ სანქციები, ეს ხომ ამას ნიშნავს, ფაქტობრივად. ამ რისკების გათვალისწინებით, რომლებზეც ახლა გესაუბრეთ, წინა მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს, – ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი, არაფერი არ გაგიკეთებიათ, არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში არ გვინახავს ჩვენ, პირიქით, ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, მიჰყიდეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები, უამრავი, ათეულობით ენერგეტიკული ობიექტი. ამის შემდეგ თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა დაუწესა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, მაგარი სანქციები გაატარეს.

ომის შემდეგ, არსად არავითარი სამუშაო არ ჩაუტარებიათ არსად, რომ დაემობილიზებინათ საერთაშორისო თანამეგობრობა და დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის, ვინმეს რამე გახსენდებათ? – არაფერი, იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. პირიქით, მოაწერეთ კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი, მიყიდეთ ომის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში ათეულობით სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მისი გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გააუქმეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირადად მივიდა ეს მანიაკი, მასხარა კაცი საზღვარზე და პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ომის შემდეგ. დღეს ესენი მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, რუსეთს კი არა, საკუთარ ხალხს, მეგობრებო. მეორე ფრონტი გავხსნათ აქ, თურმე, მათი და მათი კოლეგების უკრაინაში, მათი სურვილი იყო, საჯაროდ გამოვიდა მათი მეგობარი არახამია, დენილოვი, რომელიც არის ოფიციალურად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და მან ღიად თქვა, აღიარებითი ჩვენება მისცა ყველას, რომ მათი სურვილი იყო, ეხილათ მეორე ფრონტი საქართველოში და მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ. ეს იყო მათი, ასე ვთქვათ, აღიარება. ამ ყველაფრის შემდეგ, კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები, რომ ერთი, ითხოვდნენ საკუთარი ხალხისთვის დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები, მეორე ის, რომ ითხოვდნენ ჩარტერული რეისებით გაგვეშვა, მთავრობას უნდა გაეშვა მეომრები, მათი დაქირავებული მოხალისეები, რა თქმა უნდა, ტელევიზიების ფონზე. ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა, ძვირფასო ოპონენტებო. ბოლოს მინდა შევაჯამო, მათი კულმინაცია და დაგვირგვინება იყო სწორედ მათი მავნებლური ქმედება ევროკავშირში. ყველაფერი გააკეთეს, მოახერხეს ის, მათი ლობისტების მეშვეობით და მათი მთავარი მხარდამჭერის, epp-ის, ევროპის სახალხო პარტიის სამასი დეპუტატის მობილიზება შეძლეს და მიიღეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია. ეს გააკეთეთ თქვენ, ეს არის მავნებლობა და ეს არის მტრობა საქართველოსი. თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას, ხაბეიშვილო, შენ და ყველანი, სააკაშვილის ლიდერობით, თქვენ ხართ მოღალატეები.

მინდა მთავარი ვთქვა, – ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოებინა ევროპასთან. მინდა გამოვკვეთო რამდენიმე ძირითადი მიღწევა, რომლებიც სწორედ ბატონი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” დამსახურებაა. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის უვიზო რეჟიმი, რომლითაც ესენიც სარგებლობენ, სხვათა შორის, და ეს არის ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით. შესაბამისად, მეგობრებო, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება ამათ მავნებლობას, დაწყებული უვიზო რეჟიმის მიღების დროს. ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, დადიოდა პირადად, კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველ უმსგავსობას, ათას ბრალდებას და ცილისწამებას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იგებდნენ, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ როგორმე ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების” პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. აი, ეს ხართ თქვენ, ეს არის მავნებლობა, ეს არის მტრობა ქვეყნის.

დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებსა და აბსტრაქტული ოლიგარქების როლზე ჩვენს ქვეყანაში. აქვე მინდა შევახსენო, რომ ეს თემა, დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის შემთხვევაშიც, მოლდოვის შემთხვევაშიც და, რეალურად, ვთქვათ, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ. ჩვენ საერთოდ მსგავსი პრობლემა არა გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება. ერთი გამონაკლისი მინდა ვთქვა, რეალური ოლიგარქები, ახლა ძალიან უხაროდა ანა ნაცვლიშვილს, ქალბატონი ანა წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, მთავრობა, პარლამენტი და ა.შ. მინდა შევახსენო, ვის წარმოადგენს ქალბატონი ნაცვლიშვილი, – ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, იმიტომ, რომ ფული არ დახარჯა და 3 მლნ დოლარი აქვს დახარჯული დღეის მდგომარეობით, ბატონი ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის, მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ კარგად, რამდენს ედავება საქართველოს, ხომ არ იცით? ხომ არ იცით, ქალბატონო ანა ? – 1.5 მლრდ დოლარს. ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი პარტია, ამიტომ მიიღეთ 1%. ეს არის ერთ-ერთი რეალური, ნათელი მაგალითი ოლიგარქობის მსურველი პოლიტიკოსისა თუ ბიზნესმენისა.

ბატონი კეზერაშვილი. ვინ არის ბატონი კეზერაშვილი? დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას – მთავარს, ფორმულას, ტვ პირველს და აფინანსებს მათ ხელფასებსა და ყოველთვიურ დანახარჯებს, ბატონი კეზერაშვილი, მოპარული, ნაძარცვი ფულით. კითხვა რატომ არავის არ უჩნდება, მათ შორის, ,,იპიპის” 300 დეპუტატს. ეს კაცი იყო თავდაცვის მინისტრი და, ბატონი გენერალი დევი ჭანკოტაძე აქ არის და მისმენს, მან კარგად იცის რას ვიტყვი, ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მან კარგად იცის, რასაც ახლა მოვყვები. მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავისი კოლონით. კეზერაშვილი როგორც კი წავიდა მთავრობიდან, როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება საკუთარ ანგარიშებზე. კითხვა არ გიჩნდებათ, მეგობრებო? კითხვა არ უჩნდებათ ჩვენს ვითომ ევროპელ მეგობრებს? აქ რომ ჩამოჰყავთ კუბილიუსი, კარლ ბილდტი, ფოტიგა და სხვები. კეზერაშვილის კომპანიას 1 მლრდ დოლარი ჰქონდა აუდიტირებული შემოსავალი. აუდიტის დასკვნის დოკუმენტი იქნა გამჟღავნებული 2013 წელს, „დელოიტი და ტუშის” მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიში, ანგარიშგება ვნახეთ ჩვენ ყველამ. კეზერაშვილის კუთვნილ კომპანიას 1 მლრდ დოლარის ბრუნვა ჰქონდა 2012 წელს. კითხვას გისვამთ ახლა ყველას, აქ რომ ხართ და წარმოაჩენთ, თითქოს ძალიან დიდი ევროპული დემოკრატიის მხარდამჭერები ხართ, და მინდა მივმართო თქვენს ლობისტებს, როგორ ხდება, რომ თავდაცვის მინისტრი მიდის, კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით და გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი. კეზერაშვილი არის ოლიგარქი.

სად თქვეს და ვინ თქვა, რომ ივანიშვილი არის მთავარი ოლიგარქი, ეს არის ტყუილი. რეზოლუცია მიიღეს, თქვენ მიერ მომზადებული რეზოლუცია. მთავარი მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, მთელი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტი ელოდებოდა, ველოდებოდით ისტორიულ გადაწყვეტილებას, ამათ მოახერხეს ის, რომ რამდენიმე კვირით ადრე მათმა პარტნიორმა პარტიამ, მინდა იცოდეს ყველა მოქალაქემ, ვინც არის მომხრე ევროკავშირში ინტეგრაციის, მიიღეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია. ეს გააკეთეთ თქვენ, კიდევ უნდა გაგახსენოთ ბევრჯერ.

რაც შეეხება სააკაშვილს, მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით – სააკაშვილი. მისი ბიძა არის ოლიგარქი, თემურ ალასანია, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მლნ-ის ქონება აქვს სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი, სააკაშვილი არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და თქვენი პარტია არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის.
რაც შეეხება მათ მთავარ, ასე ვთქვათ, აღტყინებას, რომ, თურმე, დეოლიგარქიზაცია დაგვევალა. მე რომელი გვარებიც ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ისინი არიან პრობლემა და მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და თქვენი პარტია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია, ანუ თქვენ. ჩვენი ხალხის სიმშვიდისა და სტაბილურობის მთავარი პრობლემაა სააკაშვილი და მისი პარტია. რაც შეეხება თქვენ მიერ ნათქვამ ტყუილს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცით, მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს. ოლიგარქის განმარტება რომ იცოდეთ, რა არის ოლიგარქის განმარტება, რომ ყვირიან აქ ძალიან ბევრს. მე მოვყევი, ჩამოვთვალე გვარები, ხაზარაძე, რომელიც იყო მათი პარტნიორი და ძარცვავდა ბიზნესს პირდაპირი მნიშვნელობით. მიჰყავდათ ბიზნესმენები ხაზარაძის ბანკში, იქ ხდებოდა გადაფორმება, სესხის მიცემა და მიზერულ ღირებულებას უფიქსირებდნენ, ეს ერთი. მეორე, კეზერაშვილი – ადამიანი რომელიც არაფრისგან გამდიდრდა, შეჭამა მთავრობის რესურსები, ჯარი გაძარცვა პირდაპირი მნიშვნელობით და მესამე, – სააკაშვილი, რომელიც ვითომ მოვიდა, გახსოვთ, ერთი ბინით და დადასტურებული ასეულობით მილიონი აქვს მის ოჯახს. დღემდე ადამიანს მოქალაქეობაც კი არა აქვს. წარმოიდგინეთ, კაცი 9 წელი იყო პრეზიდენტი, წავიდა, დათმო საკუთარი პასპორტი. ეს რომელიმემ რომ გააკეთოს ჩვენი დეპუტატებიდან, ხომ გაგიჟდებით საერთოდ, რას იზამთ, წარმომიდგენია. ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ მინდა მათ შევახსენო.

მინდა მოკლედ ვთქვა და ვუპასუხო მათ ცილისწამებას, ბრალდებას, – დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში და მათი სიტყვით რომ ვთქვა, “აღქმებს ქმნიან”, რომ, თურმე, ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, მათი ჩატანილი ინფორმაციით, თურმე, არის ბატონი ივანიშვილი, კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და ამ მანიაკალური, დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას, ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, მათი მმართველობის დროს. პოლიციის, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, სკოლების, თეატრების, მუზეუმების რეაბილიტაცია უკავშირდება ამ ადამიანის სახელს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში, დაგამარცხათ თქვენ, გაგყარათ ყველანი ხელისუფლებიდან, ეს თქვენი დამნაშავე რეჟიმი და ეს ვერ აგიტანიათ. კაცი წავიდა ოფიციალურად, დატოვა პოლიტიკური თანამდებობა, ყველაფერი, სტატუსი დატოვა. დღესაც არგუმენტი რა აქვთ, რომ ბატონ ივანიშვილს, თურმე, აქვს ავტორიტეტი. უკაცრავად მეგობრებო, მე მინდა შევახსენო ჩვენს ძალიან კონსტრუქციულ ოპოზიციას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატონი პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი პრეზიდენტ ობამას კადრები დაბრუნდნენ, როგორც თეთრ სახლში, ისე სხვადასხვა თანამდებობებზე. ეს იგივეა დაახლოებით, რომ დააბრალოთ პრეზიდენტ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობა და არაფორმალური მმართველობა. მთავარი არგუმენტი, რაც ამათ აქვთ, არის ის, რომ ივანიშვილის ხალხია ყველა თანამდებობაზე. სააკაშვილის ხალხი ხომ არ იქნება, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომელი ქვეყანა მართავს ოპოზიციით საკუთარ მთავრობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული გუნდი, მისი პოლიტიკური გამგრძელებლები და ეს არის აბსოლუტურად გასაგები ყველასთვის. მთავარი, რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს. თქვენგან განსხვავებით, ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანა, საქართველოს. წინათ მე დაგისვით კითხვა, თქვენ მოგიწევთ გასცეთ პასუხი, – ვის ემსახურებით. დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ხალს!”

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული