სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“მაშინ როდესაც, ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადებას ავრცელებს:

დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვა, ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში.

მაშინ როდესაც, ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს.

სხვათა შორის, დეპოლარიზაცია ერთადერთი პუნქტია, რომელიც არც უკრაინის და არც მოლდოვას მიმართ რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა.

ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კიდევ ერთი, უფრო კონკრეტული კითხვა: ვინ აკეთებს რუსულ საქმეს ამ ქვეყანაში, ვინ უწყობს ხელს რუსულ პროვოკაციებს, ვის აწყობს არეულობა, ქაოსი და ევროპული ინტეგრაციის შეფერხება…

ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსული შემოსავლების შესახებ, თუმცა ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი, ქართველი ოლიგარქების დაფინანსებული ყველა ტელევიზია ცდილობს დამალოს და მიჩქმალოს ეს ამბავი. თუმცა ეს ჩვენ არ გვიკვირს, რადგან ისინი არა თუ დღეების, არამედ წლების განმავლობაში მალავდნენ, მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩანაწერს, რომელსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი დაუჭირა და რომლითაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის კასეტური ბომბებით დაბომბვა დააბრალეს. ერთი სიტყვით, ხალხი, რომელიც პროევროპელობას იჩემებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფლაგმანებად გვაჩვენებს თავს, საგულდაგულოდ მალავს რუსეთთან კავშირების თუ რუსული საქმის მამტკიცებელ ინფორმაციებს, თუმცა აქტიურად იგონებს და ავრცელებს ასეთ ამბებს.

საზოგადოებას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა ხოშტარიების ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის რუსული ოკუპაციისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ.

როდესაც ადამიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი რუსული პრინციპულად მიუღებელია და ამავდროულად რუსულ ფულზე უარს არ ამბობს, ეს სულ მცირე ორმაგი სტანდარტისა და სიყალბის უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა, ამის მიღმა, ეჭვი მძაფრდება, როდესაც ვიხსენებთ, რომ ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა.

მაგალითებისათვის: ყველას გვახსოვს მისი ქმედებები ზუსტად 3 წლის წინ, 20 ივნისს, რამაც საბოლოოდ რუსეთს საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვისა და ქვეყანაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიყენების შესაძლებლობა მისცა.

ყველას გვახსოვს ქმედებები 80 წელს გადაცილებული პოზნერის წინააღმდეგ, რამაც ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული რიტორიკის წისქვილზე დაასხა წყალი. ეჭვებს ამძაფრებს ელენე ხოშტარიას მამის წარსული, რაზეც ზვიად გამსახურდია აქტიურად საუბრობდა. ასევე ის ფაქტი, რომ თავად ხოშტარია “მგიმო”-ს კურსდამთავრებული და რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია.

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ხოშტარიას ქმედებები სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურა, თანაც, ამას აკეთებდა ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იყვნენ პრორუსი ბიზნესმენის, გულუას პრესსამსახურის წარმომადგენლები, თავის დროზე ჯორჯ ბუშის ქუჩის გახსნის პროტესტის ავტორები თუ რუსულ ინტერესებთან სხვა ფორმით დაკავშირებული პირები.

როდესაც ამ ყველაფერს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან მიღებული, ჰონორარის რაოდენობისათვის შეუსაბამო, მილიონობით რუბლი ემატება, ლოგიკური ჯაჭვი საბოლოოდ იკვრება.

ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ. ალბათ გაღმა შედავების პრინციპით.

ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს რუსული რბილი ძალის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მედია. თავად ელენე ხოშტარიას მოვუწოდებთ, გაასაჯაროოს სრული ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ და ძალიან კარგი იქნება თუ აღნიშნულ თანხებს გადარიცხავს უკრაინის დახმარების ფონდში.

რუსეთიდან შემოსავალს საქართველოში მრავალი ადამიანი იღებს და სხვა პირის შემთხვევაში ამას ნამდვილად არ მოვითხოვდით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც წლებია საზოგადოებას უმტკიცებს, რომ თითქოს მისთვის ყოველივე რუსული კატეგორიულად მიუღებელია, რომ ის არის პირველი ანტირუსი და ანტიოკუპანტი ამ ქვეყანაში, მას არა აქვს მორალური უფლება რუსული ფინანსები საკუთარი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს.

თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ, ბუნებრივია, გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული