შაბათი, მაისი 18, 2024

რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას, – თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ “ქართულმა ოცნებამ”

საქართველოს მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი მწვავე შეფასებას აძლევს რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ რეზოლუციას. პრემიერი ასევე საუბრობს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან, ევროპის სახალხო პარტიასთან, საქართველოში არსებულ სიტუაციასა და სხვა საკითხებთან მიმართებაში:

რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია. ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც ეძახიან EPP-ის. ვინ არის ეს პარტია, ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მისი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ:

გახსოვთ, რომ პარლამენტში ვთქვი და ღიად დავდე ბრალი, პირდაპირ, რამდენიმე გვარიც გავაჟღერე, ვთქვი, რომ ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ საუბარი არ არის მთავრობაზე და მმართველ გუნდზე, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ავრცელებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილეთ მორიგი მტკიცებულება, ასეთი უპასუხისმგებლო, სამარცხვინო რეზოლუციის მიღებით.

ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც ვთქვი და რაც ჩვენი გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს. ერთი მხრივ, გამოვიდნენ და შეიცხადა ყველამ – როგორ გვაკადრებთ ამას და როგორ ვიკადრებთო, თუმცა არ უკადრებიათ, თუ რა? გახსოვთ, რომ, როდესაც უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლის ჩოქით დადიოდნენ ევროპაში, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, ანუ დაესაჯათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ახლა მოახერხეს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ არა, ამის ილუზია არავის აქვს, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, რომ როლი შეასრულეს და გამოიყენეს მათი ეს განცხადებები და საბაბად, ეს საშინელებები, რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, მართლაც სამარცხვინო ბრალდებები, არის ამათი მიწოდებული ე.წ. ფაქტები და მტკიცებულებები.

თუ ამ ადამიანებს რეალურად გული შესტკიოდათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და შესტკივათ, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას, რატომ არ მოუწოდეს, რატომ არ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ასეთი სამარცხვინო ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში“ , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით დააზიანოს მთავარი – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

გახსოვთ, ალბათ, რომ მაშინ სანქციებთან მიერთებას, დაწესებას ითხოვდნენ, შემდეგ მოითხოვეს, რომ გაგვეშვა მოხალისეები ჩარტერული რეისებით. ამაზე მთავრობას უნდა მიეცა ნებართვა, ეს პირდაპირი ჩართულობა იყო მთავრობის, სახელმწიფოს ჩართულობა იყო ომში მაშინ, როცა მთელი მსოფლიო საჯაროდ მოუწოდებდა თავის მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ, არ მიეღოთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. შემდეგ, გახსოვთ, აქციების გამართვა ჩემი გადადგომისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ახლა უკვე სრულიად გაწბილებულები, რომ იტყვიან, ხელმოცარულები, როდესაც ვერც სანქციებითა და ვერც ქაოსის შექმნით ომში ჩართვა ვერ შეძლეს ქვეყნის, ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია ვერ შეძლეს, ახლა ასეთი მავნებლობით და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ცდილობენ დააზიანონ მთავარი – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მხოლოდ.

კიდევ მინდა გავიმეორო, – მოლდოვასა და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით ყველა მიმართულებით, აღარ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რაც მთავარია, იცის ყველა ევროპელმა. იმ რეიტინგებს, რომლებსაც გვიწერენ და გვაფასებენ – ჩვენი ქვეყნის ღია მმართველობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, მედიათავისუფლებას, გამჭვირვალობას, ვინ ადგენს ამ რეიტინგებს უკაცრავად, ხომ ვერ შემახსენებდით?! ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაღალი რეპუტაციის მქონე ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ქვეყანას თავიანთი პერფორმანსის, ასე ვთქვათ, რეფორმების მიხედვით და იმ მიღწევების მიხედვით, რომლებიც ქვეყანას აქვს. ამ მიღწევების მიხედვით, უკაცრავად და, არა ერთხელ გვითქვამს, ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე, და არა მხოლოდ, – მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით.

მაშინ რა ხდება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რა განცდაზეა საერთოდ საუბარი? ამბობენ, რომ განცდა არის ასეთი, რომ თითქოს აქ, ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია, რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა. ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე, ამ EPP-ის მინდა შევახსენო, რომ მათი ამ შვილობილი, თუ მათი ამ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს, არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის ქვეყანაში არ არსებობდა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ, და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს, მეგობრებო, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რატომ? იმიტომ რომ იქნებოდა ომში ჩართული. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს და ვინ შეეწირებოდა ამ სიგიჟეს და სისულელეს, ასე ვთქვათ. რაც გააკეთეს მაშინ, 2008 წელს, გვახსოვს, – მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს. ვინ დაიღუპა, ვინ განადგურდა? დავკარგეთ ტერიტორიები, ასზე მეტი ახალი სოფელი და ათი ათასობით დევნილი მივიღეთ ქვეყანაში, ჩვენსავე ქვეყანაში, შიგნით.

აი, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მათ დაიწყეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეზოლუციაში ჩაწერილია კეზერაშვილი, რომელიც ბიზნესის მთავარი რეკეტიორი იყო. პრემიერის თქმით, კეზერაშვილის ფირმას, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან.

გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია. საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნია, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და, ვინ უნდა მიიღოს, საერთოდ ვის უნახავს ქალბატონი ლომჯარია სააკაშვილის დროს. ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, რაიმე საჯაროდ დაეგმო, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება.

მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს. მე შევახსენებ EPP-ს და ყველა ევროპელს, რომ მის ფირმას, მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა. საიდან მეგობრებო, – ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან.

მედიათავისუფლება რომ არის ქვეყანაში, ვინმეს კითხვა აქვს ევროპაში და ამერიკაში? ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ. აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა, აუპატიურებდა, მისი მკვლელების ბრიგადები ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ვინმეს ბოლო 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველმა პარტიამ 2017 წელს ჩაწერა და განსაზღვრა, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური.

რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას, – თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა თუ უვიზო რეჟიმი. ახლა კულმინაცია იყო სწორედ სამ მარტს, ჩვენ მიერ შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

მეგობრებო, ეს არის ყველაფერი ის, რაც ამ მოკლე პერიოდში ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო. მანამდე არავითარი ევროპული ჩვენს ქვეყანაში არ ხდებოდა. ეს იყო წმინდა კლასიკური დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმის დამყარება და გამყარება ქვეყანაში, რომელიც ეფუძნებოდა ხალხის ჩაგვრას, წამებას, მკვლელობას და ა.შ. სადაც არ უნდა ყოფილიყო არავითარი თავისუფალი.

მთავარი, – კონსტიტუციაში ჩვენმა პარტიამ 2017 წელს ჩავწერეთ და განვსაზღვრეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური. ეს მხოლოდ კი არ ჩავწერეთ ჩანაწერი ჩანაწერისთვის, არამედ ჩვენ რეალური ხელშესახები შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ, თუ არ მივიღებთ სტატუსს, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა. არც ერთ შემთხვევაში, მეგობრებო, – მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, დანარჩენი ეს არის სამუშაო პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას ანუ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გრძელდება და ბოლომდე მივა.

მე ჩემს საჯარო გამოსვლაში ვთქვი ამას წინათ და გავიმეორებ ახლაც, რომ ჩვენ ევროკავშირთან, ბრიუსელთან შევთანხმდით და ასოცირების დღის წესრიგში ჩავწერეთ ყველა ის რეფორმა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, რომელიც უნდა მთავრობამ გააგრძელოს. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი ბატონი შარლ მიშელის ოფისის ხელმძღვანელთანაც.

ჩვენ ეს ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს, ანუ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების ქვეყანაში, ამ ყველაფერს ვაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე, რა თქმა უნდა. იდეალური არც ერთი ქვეყანა არ არის, მათ შორის, არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ არის იდეალური, არც ერთი სახელმწიფო არ არის იდეალური. ასე რომ, ეს პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არის როგორც შავი და თეთრი, აი ასეთი სხვაობა არის, აი ასეთი მკვეთრი განსხვავება არის, რა ჩავიბარეთ და რა შედეგი დავდეთ ამ 9 წლის განმავლობაში.

დაბოლოს, მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს, მე ვალდებულად ვთვლი, რომ ეს კიდევ ერთხელ ანგარიშივით ჩავაბარო და შევახსენო. მას შემდეგ, რაც სრული ფიასკო განიცადა ამ მეხუთე კოლონამ და ქვეყნის მტრებმა დაისახეს მიზნად, რომ ამ სტატუსთან დაკავშირებით, ჯერ დაველოდოთ, რა თქმა უნდა, რა გადაწყვეტილება იქნება.

თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს, მეგობრებო, და შემდეგ ეკუთვნის უკრაინას და მოლდოვას. რომ ამბობენ, რომ უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი ბრძოლით, 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. ეს ვთქვი მე საჯაროდ დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ყველგან, ბრიუსელში, რომ ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს.

ისევ გავიმეორებ იმავეს, რაც ვთქვი რამდენიმე დღის წინ, – თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს თანამოქალაქეებს ყველაფერს ავუხსნით დეტალურად, თუ რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც, აი თუნდაც ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული