საზოგადოებას ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი 5 მოსამართლის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილების ასამაღლებელ 2-თვიან პროგრამაზე გამგზავრებაზე უარის თქმას ეხმაურება:
“მოსამართლეების ვიზიტის თემაზე.
24 მაისს ირაკლი კობახიძე პარლამენტში აკეთებს განცხადებას მოსამართლეთა კოლეგიალობაზე: “ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“.
28 მაისს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანარჩენმა ხუთმა მოსამართლემ მართლაც გამოიჩინეს “კოლეგიალობა” და აშშ-ში აღარ წავიდნენ.
როგორც ჩანს ირაკლი კობახიძე ინფორმირებული იყო შიგნიდან, სხვა შემთხვევაში ასეთ განცხადებას პარლამენტის ტრიბუნიდან არ გააკეთებდა.
ამავდროულად, საინტერესოა როგორ და რის ფასად თქვეს მოსამართლეებმა უარი (თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა) შტატებში წასვლაზე, რეალურად რა მოხდა ეს მნიშვნელოვანია. მაინც იმასაც დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მათი კარიერა…
ყველაზე, ყველაზე საგანგაშო ამ ამბავში ისაა, თუ რა დონეზე ერევა შიგნიდან კლანი და გარედან პარლამენტი სასამართლოში, რომ მოსამართლე რომელ ტრენინგში მიიღებს მონაწილეობას იმასაც კი წყვეტენ.
იმედია ამის შემდეგ მოსკოვში არ გაუშვებენ ხალხს კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნაზი ჯანეზაშვილი.

