ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კვლევა: დეზინფორმაციის მიუხედავად, საქართველოს დასავლური კურსი ურყევია

საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამამ, CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის  მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

მოსახლეობის აზრით, დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ მისი ამოცნობის და გადამოწმების უნარებს არ ფლობს.

საქართველოს მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ დღესდღეობით, დეზინფორმაცია  კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია და ამდენივე (73%) აცხადებს, რომ ყოველკვირეულად მაინც აწყდება მცდარ ან მანიპულირებულ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 35% ამბობს, რომ შეუძლია დეზინფორმაციის ამოცნობა და თითქმის მესამედი აცხადებს, რომ არ ამოწმებს  საეჭვო ინფორმაციას.

ტელევიზია და სოციალური მედია კვლავ რჩება ინფორმაციის მთავარ წყაროებად. უმრავლესობის აზრით, დეზინფორმაციაც უფრო ხშირად, სწორედ ამ არხებით ვრცელდება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსული და პრო-რუსული სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები ყველაზე ნაკლებად პოპულარულია, თუმცა გამოკითხულთა 30%, რუსულ ან პრო-რუსულ არხებს კვირაში ერთხელ მაინც უყურებს.

 

ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა ურყევია. ევროკავშირში წევრობის მთავარი მოტივატორი ეკონომიკური ფაქტორებია, ხოლო NATO-ს წევრობის მთავარი მიზეზი – უსაფრთხოება.

ევროკავშირის წევრობის სურვილი საქართველოს მოსახლეობის, პრაქტიკულად, ყველა ჯგუფში კონსენსუსის საგანია და მას გამოკითხულთა 72% ემხრობა, მაშინ როცა, ევროკავშირის წევრობას მხოლოდ 13% ეწინააღმდეგება. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაძაბულობას  (59%) და ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებას (55%) გამოიწვევს, რასაც ნეგატიურად აღიქვამს.   ანტიდასავლური პროპაგანდის გზავნილებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ლიბერალურ ღირებულებებს წინ წამოსწევს და ეკლესიის როლის შემცირებას გამოიწვევს, მოსახლეობის შედარებით ნაკლები ნაწილი აღიქვამს, როგორც  შესაძლო ნეგატიურ შედეგს.

 

ევროკავშირის მსგავსად, გამოკითხულთა უმრავლესობა (59%) NATO-ს წევრობის მომხრეა, ხოლო სამხედრო ნეიტრალიტეტს 21% უჭერს მხარს. NATO-ს წევრობის მოტივატორად ქვეყნის უსაფრთხოება მოიაზრება. ნეიტრალიტეტის მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ ნატოს წევრობა რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს.

 

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (53%) მიიჩნევს რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთო ღირებულებების გამო აშშ და ევროკავშირი საქართველოსთვის საუკეთესო პარტნიორები არიან.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი (45%) ფიქრობს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას, თუმცა ყოველი მეხუთე მიიჩნევს, რომ რუსეთი უკეთესი პარტნიორია და ტრადიციებიც უფრო მეტად რუსეთთან კავშირში გადარჩება.

 

მოსახლეობის აზრი გაყოფილია, იმაზე თუ როგორი უნდა იყოს რიტორიკა რუსეთის მიმართ.

გამოკითხულთა 40%-ის აზრით, რუსეთისადმი მკაცრი რიტორიკა მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მსოფლიომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ იცოდეს[1], მაშინ როცა 41% მიიჩნევს, რომ რუსეთის მკაცრი კრიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. როგორც კვლევა აჩვენებს, რუსეთისადმი ფრთხილი რიტორიკის პოზიციას, დიდწილად, ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავს – მოსახლეობის 47%-ის აზრით, საქართველომ თავი უნდა აარიდოს რუსეთის განაწყენებას, რათა შეინარჩუნოს ვაჭრობა და ტურისტების ნაკადი, რაც პროპაგანდისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. თუმცა, უმრავლესობისთვის (80%) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება.

 

საზოგადოების ნაწილი გარკვეული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გზავნილებისადმი მოწყვლადია.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 45% მიიჩნევს რომ აშშ საქართველოს პარტნიორი ხოლო მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდამჭერია, თითქმის მესამედი ეთანხმება ანტი-ამერიკულ პროპაგანდისტულ გზავნილს, რომ აშშ-ს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება სურს. მაღალია მოწყვლადობა ანტი-თურქული ნარატივისადმიც – 57% მიიჩნევს, რომ თურქეთი აჭარაში უარყოფით როლს ასრულებს და რეგიონის ოკუპაციას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ მსგავს რიტორიკას პრორუსული პარტიები საარჩევნო პერიოდშიც მიმართავდნენ. დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობას აჩვენებს ასევე საბჭოთა კავშირისა და სტალინისადმი არაერთგვაროვანი და ურთიერთწინააღმდეგობრივი დამოკიდებულებებიც.

 

შიდა პოლიტიკურ კონტექსტში, პრობლემებზე პასუხისმგებლობას მოსახლეობა უფრო მეტად ქართულ ოცნებას აკისრებს.

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე მთავარ პასუხისმგებლად გამოკითხულთა 42%-ს „ქართული ოცნება“, 16%-ს ოპოზიცია, ხოლო 29%-ს ორივე თანაბრად მიაჩნია. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზეც გამოკითხულთა უმრავლესობა (61%) პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. მოსახლეობის 27% დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” პროდასავლური საგარეო პოლიტიკის ერთგულია, თუმცა უფრო დიდი ნაწილი (39%) მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არ არის ჭეშმარიტად პროდასავლური და რომ მას ხშირად რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი.

 

კვლევის შესახებ: კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID დაფინანსებით საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციასა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, სულ ჩატარდა 3,024 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია:  +/- 1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

[1] აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე არის ჩატარებული.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული