პარასკევი, აპრილი 19, 2024

“პენიტენციურ სისტემაში COVID-19 პანდემიის გავლენა პატიმრების და პერსონალის ჯანმრთელობის და სხვა სახის უფლებრივ მდგომარეობაზე” – “პრევენცია პროგრესისთვის

მიმდინარე წლის 11 მაისს, 10-30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ (მის. მ.კოსტავას 14) სახალხო დაცველის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ (PFP) გამართავს ანგარიშის პრეზენტაციაზე თემაზე

ანგარიშის ძირითადი მიგნებები

COVID-19 პანდემიის პირობებში გადაჭარბებულად იქნა გამოყენებული შეზღუდვების პოლიტიკა და არ გადაიდგა ნაბიჯები გადაწყვეტის ალტერნატიული გზების მოძიების მიმართულებით. ასევე არ გადადგმულა ნაბიჯები, რაც არსებითად გამოიწვევდა პატიმრების რაოდენობის შემცირებას.

ანალიზის პროცესში გამოიკვეთა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების საკანში არსებული ინფრასტრუქტურული სისტემები მეტნაკლებად გამართულია. თუმცა, დახურულ დაწესებულებებში, ინფრასტრუქტურული გარემო უფრო უარესად ფასდება, ვიდრე ნახევრად ღია დაწესებულებებში. მსჯავრდებულები უფრო პოზიტიურად აფასებენ პირობებს ვიდრე ბრალდებულები. ყოველი მეათე პატიმარს ხელოვნური სავენტილაციო სისტემა საკანში საერთოდ არ აქვს. იკვეთება პირადი და საერთო ელექტრო საპარსის ხელმისაწვდომობის პრობლემა.

ანალიზმა აჩვენა, რომ კვების კუთხით ყველაზე დაბალია თევზისა და ხილის მოხმარების სიხშირე. ყოველი მეათე პატიმარი, ვისაც დიეტური კვება ესაჭიროება მიუთითებს მათთვის დიეტური მაგიდების ხელმიუწვდომლობაზე. დახურულ დაწესებულებებში უფრო მეტმა პატიმარმა გამოყო ეს პრობლემა

პანდემიის პირობებში დახურულ დაწესებულებებში ყოველი მეოთხე პატიმარი არ სარგებლობდა, ან იშვიათად სარგებლობდა ჰაერზე ყოფნის უფლებით. პატიმართა თითქმის ნახევარი ფიზიკურად არ იტვირთებოდა. დახურული ტიპის დაწესებულებაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო

პატიმრების უმრავლესობა (80%-ზე მეტი) არც პანდემიამდე და არც მის დროს არ ყოფილა დასაქმებული. ასევე, როგორც პანდემიამდე, ისე პანდემიის დროს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სარებილიტაციო პროგრამებში ჩართულობა დაბალი იყო.

ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ შემოღებულმა რეკომენდაციებმა და გარე სამყაროსთან ურთიერთობის შეზღუდვამ გარკვეულწილად დადებითი ზეგავლენა იქონია COVID-19 დაავადების პრევენციაზე, ამას აგრეთვე ხელი შეუწყო საკარანტინე სივრცეების გამოყოფამ და საეჭვო პაციენტების იზოლაციის ღონისძიებებმა. არ შეიძლება არ აღინიშნოს დაწესებულებების პერსონალსა და პატიმრებში PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტირების მასობრივი და რეგულარული გამოყენების მნიშვნელობა, რომელთაც ერთ-ერთი ძირითადი როლი ითამაშეს დაავადების ადრეულ გამოვლენაში. ამ ღონისძიების ეფექტიანობაზე მიუთითებს პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული სკრინინგული კვლევის შედეგებიც.

ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემების და ზოგიერთი სომატური დაავადების ზრდის ტენდენციაზე მიუთითებდნენ პატიმრები. გამოკითხულ პატიმრებში, აუტოაგრესიის (თვითდაზიანების ეპიზოდები, სუიციდური აზრები, თვითმკვლელობის მცდელობა) და შიმშილობის ფაქტები უფრო მაღალი იყო დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში.

დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს სამედიცინო პერსონალის რაოდენობის ზრდა. თუმცა, ამის მიუხედავად, კვლავ რჩება პრობლემები როგორც საშტატო განრიგის სრულყოფილების ასევე სამედიცინო პერსონალის ვაკანსიების დაკომპლექტების მხრივ. პანდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალის შემცირების პარალელურად შემცირებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ განხორციელებული კონსულტაციების რაოდენობა და პირველადი სამედიცინო სერვისების უტილიზაციის მაჩვენებელი.

ანალიზმა აჩვენა, რომ პატიმრების უმრავლესობა კმაყოფილი იყო მედიკამენტებით უზრუნველყოფით და მათი მიწოდების ძირითად წყაროდ ასახელებდა პენიტენციურ დაწესებულებას.

პანდემიის პერიოდში გაიზარდა პატიმართა რაოდენობა, რომლებსაც დაგვიანებით ან საერთოდ არ გაუწიეს სტომატოლოგიური მომსახურება.

პანდემიის პერიოდში დახურული ტიპის დაწესებულებებში გაიზარდა საექიმო-სამედიცინო პუნქტებში სამედიცინო დახმარების მიღებისთვის მოცდის დრო. გაორმაგდა იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებსაც ექიმ სპეციალისტთა კონსულტაციის ლოდინი უწევდათ ორი და მეტი თვის განმავლობაში.

ამბულატორიული მომსახურების გაჭიანურებისა და შემცირების გამო, გაიზარდა პატიმართა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის რაოდენობა, ასევე გაიზარდა გადაუდებელი სამედიცინო რეფერალის რაოდენობაც. ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების შემცირებამ, უარყოფითი გავლენა მოახდინა პატიმართა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გაიზარდა პატიმართა სტაციონარში მკურნალობის საჭიროება;

პანდემიამდე პატიმრების სამედიცინო მომსახურებით ზოგადი კმაყოფილების დონე უფრო მაღალი იყო; ნდობის ყველაზე დაბალი ხარისხი აქვთ მე-18 დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებას

კვლევამ აჩვენა, რომ ნახევრად ღია დაწესებულებებში მეტი ყურადღება ექცეოდა სანიტარული, პროფილაქტიკური ღონისძიებების (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, დეზინფექცია და დამცავი საშუალებების დარიგება) გატარებას ვიდრე დახურულში. კორონავირუსუსის სიმპტომების მქონე პატიმრების საშუალოდ მეათედი აღწერდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების სტატუსის გასარკვევად ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია.

პანდემიის პირობებში ხანმოკლე პაემნების გაუარესებაზე მიუთითებდა 40%, ხოლო ხანგრძლივი პაემნების გაუარესებაზე – 70%-მდე პატიმარი. კომპენსაციის სახით დამატებული უფასო სატელეფონო წუთები, არ იყო საკმარისი შეზღუდვების კომპენსირებისთვის. ხანმოკლე ვადით შეიზღუდა კომუნიკაცია ადვოკატებთან. პატიმრები სრული იზოლაციის დროს, ვერ ახერხებდნენ ფსიქოლოგთან პირისპირ გასაუბრება. პრობლემას წარმოადგენდა არასრულწლოვან შვილებთან მინის ბარიერს მიღმა კომუნიკაციის საკითხი ქალი მსჯავრდებულების შემთხვევაში.

ანალიზმა აჩვენა, რომ პენიტენციურ სისტემაში თანამშრომელთა დეფიციტია (არ არის შევსებული დაწესებულებებში არსებული ვაკანსიები, რაც თანამშრომლების გადატვირთულ რეჟიმს განაპირობებს).

გამოიკვეთა, რომ თანამშრომლებს პანდემიის პრევენციისა და რისკების შესახებ შესაბამისი გადამზადება არ გაუვლიათ. თანამშრომელთა ანაზღაურება ვერ აკომპენსირებდა მათ შრომას. არსებული შეზღუდვების გამო, თანამშრომლებს მითითებულ წერტილებამდე ტაქსით უხდებოდათ გადაადგილება.

თანამშრომლების გადავიდნენ, ე.წ ყაზარმულ რეჟიმზე. ამ პერიოდში თანამშრომლების საყოფაცხოვრებო პირობები არ იყო ყველგან დამაკმაყოფილებელი. ხილის მოტანაც ან სახლიდან უწევდათ, ან საკუთარი ხარჯით იძენდნენ მაღაზიაში. ოჯახთან ურთიერთობის ის შესაძლებლობა, რაც თანამშრომელთათვის იყო ხელმისაწვდომი, არ აღმოჩნდა საკმარისი. თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ფსიქოლოგის სერვისი.

ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული