პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ვცდილობ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დავეხმარო იმ შესაძლებლობებისა და უფლებების რეალიზებაში, რაც მათ კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული” – ჯულიეტა ქვარაია

„როცა ენა არ არის ბარიერი მეტია ნდობა, ურთიერთგაგება და სიყვარული,“ – სწორედ ეს არის, რაც უქმნის უდიდეს მოტივაციას „ქართულის, როგორც მეორე ენის“ პედაგოგს ჯულიეტა ქვარაიას, ემსახუროს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის უმნიშვნელოვანეს საქმეს.

უკანასკნელი სამი წელია მარნეულის N1 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელია. პროგრამაში ცხრა წლის წინ ჩაერთო, რაც დიდი გამოწვევა იყო მისთვის. თუმცა ჯულიეტა ქვარაია არ შეუშინდა სიახლეებს და ახალ გარემოსთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით – სისტემატური ტრენინგებითა და კოლეგების გამოცდილების გაზიარებით, ძალიან მოკლე დროში მარტივად ადაპტირდა.

არ შემიძლია, განსაკუთრებით არ გამოვყო უჩვეულოდ მკაცრი კლიმატი, მუდამ ნისლიანი და თოვლიანი დმანისის მთები, რაც ჩემთვის, ერთი მხრივ, გამოწვევა, ხოლო, მეორე მხრივ, ძალიან რომანტიკული და მიმზიდველია. დღეს სადაც არ უნდა ვიყო, გული ყოველთვის იქეთ მიმიწევს.“ – გვიყვება პედაგოგი დმანისის მაღალმთიანი სოფლის ყიზილაჯლოს შესახებ, რომლის საჯარო სკოლაში 50-მდე მოსწავლისთვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება მისთვის პირველი გამოცდილება იყო ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის მიმართულებით. მაშინ ჯულიეტა ქვარაია წლების განმავლობაში ყოველ დილას სკოლამდე მისასვლელად 29 კილომეტრის ფეხით გავლა უწევდა.

მასწავლებლობა ჯულიეტა ქვარაიას ჯერ კიდევ ბავშვობაში მისმა ბიძამ უწინასწარმეტყველა, რომელიც მისი ქართულის მასწავლებელი და, ამავდროულად, ავტორიტეტიც იყო.

პროფესიით ვარ ფილოლოგი, ჩემი არჩევანი, გავმხდარიყავი მასწავლებელი, ვფიქრობ, ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა. ქართულის მასწავლებელი იყო ჩემი ბიძა, ვაჟა ქვარაია, რომელიც ბავშვობიდან ჩემთვის, როგორც მასწავლებელი, როგორც კარგ ორატორი, მისაბაძი გახლდათ,“ ­– ამბობს პედაგოგი.

ჯულიეტა ქვარაიას პროფესიული კარიერა 1990 წლიდან იწყება, როდესაც მან სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 2010 წელს მან წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, 2018-2019 წელს კი წამყვანი პედაგოგი გახდა.

საკუთარ საქმიანობაში ყველაზე დიდ წარმატებად ჯულიეტა ქვარაია სწორედ პროგრამაში „ქართული, როგორც მეორე ენა“ ჩართვას და საკუთარი მოსწავლეების მიღწევებს მიიჩნევს.

ჩემთვის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხელშეწყობა საზოგადოებასთან სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვცდილობ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დავეხმარო იმ შესაძლებლობებისა და უფლებების რეალიზებაში, რაც მათ კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული. არ არის აუცილებელი, განურჩევლად ყველამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლოს. ჩემთვის მთავარია, ჩემმა მოსწავლეებმა ნებისმიერ პროფესიულ საქმიანობაში შეძლონ სრულფასოვანი კომუნიკაცია თავიანთ თანამემამულეებთან, რაც მათ თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს.

ხშირად მასპინძლებს ოჯახებში მათ მშობლიურ ენაზე მივმართავდი პატივისცემის ნიშნად. ეს ერთგვარი ხერხი იყო. შემდეგ ისინიც ასევე ცდილობდნენ ქართულად ესაუბრათ, რასაც დიდი ძალისხმევის ფასად მაინც ახერხებდნენ. ჩემი მასპინძელი ოჯახის უხუცესი მოძრავი ანბანით დაფაზე ყოველდღე თითო ახალ ქართულ სიტყვას მახვედრებდა. არავინ ავალებდა ამას საკუთარი ნებით აკეთებდა. შვილიშვილები კი, ბაბუას შეცდომებს სიცილით უსწორებდნენ და დასტურად მე მიხმობდნენ. ეს უკვე იყო მართლაც ღირსეული პროგრამის გამარჯვება, რის გამოც ღირდა ყველა სირთულის გადატანა და ყველა კომფორტის დათმობა“, – აცხადებს მასწავლებელი.

კიდევ ერთი, როგორც თავად ამბობს, საინტერესო გამოწვევა ჯულიეტა ქვარაიასთვის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლება გახდა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე სწავლა-სწავლების ონლაინ რეჟიმში წარმართვა დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული, თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მოსწავლეების მშობლებთან მუდმივი კომუნიკაციით, კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებითა და თანამედროვე ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენებით პედაგოგმა სირთულეებს თავი წარმატებით გაართვა.

ჩვენი პროგრამა ამჟამად მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის მიმართულებით, რამაც მომცა შესაძლებლობა, პროფესიული მიღწევები ჩემი მსმენელების შედეგებითაც გავზომო. ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ჩემმა მსმენელმა დაადასტურა ენის ფლობის A2 დონე, ჩააბარა როგორც საგნობრივი გამოცდა, ასევე, პროფესიული უნარები და აიმაღლა სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი ძალისხმევის შედეგი არ ყოფილა. აღნიშნული წარმატება პედაგოგების მხრიდან დიდი სურვილისა და მონდომების, უპირველესად, კი – ჩვენი პროგრამის კოორდინატორის, ნინო ბერიკაშვილის დამსახურება.

მეამაყება, რომ ყველა ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია ერთმანეთის მხარდაჭერასა და სოლიდარობაზე და, საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. ეს უკანასკნელი კი ნდობის, სიყვარულისა და ტოლერანტობის გარეშე ვერ ვერაფრით მიიღწევა,“ – აცხადებს წამყვანი მასწავლებელი.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული