„მოგიწოდებთ და გთხოვთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს სამშვიდობოს გასვლა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მინიმუმ ერთ შეხვედრა მაინც გავაკეთოთ, ამით მაინც დავიწყოთ საუბარი, ვიცოდეთ ამ კითხვართან დაკავშირებით რა კითხვებზეა საუბარი, რა პროცესია საჭირო რომ პარლამენტში წარიმართოს, რა პოლიტიკური განცხადებები არის ამასთან ერთად საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ჩენი წილი შევიტანოთ ამაში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არც მომავალი თაობები და არც ისტორია არ გვაპატიებს“, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თეონა აქუბარდიას თქმით, დღეს, როდესაც საქართველოს შესაძლებლობა იყოს ევროპული ოჯახის წევრი ყველაზე მკაფიოდ და ნათლად აქვს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ისევ მიდის დაპირისპირება და არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი ამ ერთიანობის შესაქმნელად არ იდგმება.
„დღეს, როდესაც საქართველოს შესაძლებლობა იყოს ევროპული ოჯახის წევრი ყველაზე მკაფიოდ და ნათლად აქვს, ვხედავთ რომ ისევ მიდის დაპირისპირება, უთანხმოება, ორივე მხრიდან არის მოწოდება, რომ ერთიანები უნდა ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი ამ ერთიანობის შესაქმნელად.
ისტორიული და უნიკალური შანსი გვაქვს დღეს უკრაინელი ხალხის, მათი თავდაუზოგავი ბრძოლის დამსახურებით და იმ თავისუფლების ჟინით, რომლითაც მსოფლიო არის გაოცებული და ამ ვითარებაში, ჩვენ, როდესაც ჩვენი ომი გვაქვს მოსაგები და საქართველო უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოზე რუსული გავლენებისგან თავისუფალი, ევროპული კეთილდღეობის მქონე ქვეყანა გვინდა შევქმნათ და ამ ფონზე ისევ ურთიერთბრალდებები გვესმის ამ დარბაზში.
ვერ შევძელით დავივიწყოთ ყველა უთანხმოება, წყენამ ვაჯობოთ საკუთარ თავს, შევძლოთ გავიყვანოთ ქვეყანა ევროპისკენ და ისეთი ქვეყანა შევქმნათ, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

