შაბათი, აპრილი 27, 2024

პუტინის რუსეთის პოლიტიკის ფსიქოანალიზი – “რუსული რულეტკის” სინდრომი – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77-ე წელია. კაცობრიობა დარწმუნდა, რომ სამომავლოდ ამ მასშტაბების სამხედრო კამპანიის წარმოება ჩვენი სამყაროსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია – ატომური იარაღის ეპოქაში, ყველაფერი შეიძლება ერთ დღეში დაიწყოს და დასრულდეს კიდეც. ამ ყოველივეს გააზრების მხრივ, გამონაკლისს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს. თუ ყველასთვის მეორე მსოფლიოს ომის ისტორია მწარე გამოცდილება და წარსულის ნეგატიური გამოძახილი გახდა, რუსებისთვის 1945 წლის 9 მაისის გამარჯვების სამხედრო აღლუმის სურათი დრომ უცვლელი დატოვა. უფრო სწორედ, მათ ფსიქოლოგიაში ამ ხნის განმავლობაში გარდატეხა არ მომხდარა. საქართველოსთან და უკრაინასთან ომიც ამის კარგი მაგალითია. ამ თემის უკეთესად აღსაქმელად ყველაფერი თანმიმდევრობით განვიხილოთ.

როგორც ავღნიშნეთ თანამედროვე რუსებისთვის 9 მაისი საკრალური თარიღია, რომლის შთაბეჭდილებიდან და გავლენის ტყვეობიდან უკვე მერამდენე თაობა ვერ გამოდის. ეს მათთვის რაღაც „ზაზუნას დღესავით“ არის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თუ ფილმის გმირი ცდილობს მეორე დღის დადგომას მოესწროს და რიგი შეცდომებისა თუ დიდი მონდომების ფასად ამას მაინც ახერხებს, რუსი ხალხი მხოლოდ ამ დღით ცხოვრობს და არაფრის შეცვლას აპირებს. მეტიც, გეორგევსკის ზოლიანი ბაფთებით ახალ და ახალ თაობებს ზრდიან, ხოლო სტალინის აჩრდილი უკვე მერამდენე თაობა რუსს პოლიტიკოსებს მოსვენებას უკარგავს.

პროპაგანდა და ელიტები შოვინისტური აზროვნების ტენდენციის შენარჩუნებას მუდმივად ხელს უწყობდნენ, რადგან საკუთარი მოქალაქეებისათვის სხვა ალტერნატივის შეთავაზება არ შეეძლოთ. ან რა სტრატეგიული გეოპოლიტიკური წარმატება ჰქონდა 9 მაისის შემდეგ საბჭოთა კავშირს, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელ რესპუბლიკებად დაიშალა, ან რას მიაღწია თანამედროვე რუსეთმა? – პრაქტიკულად ვერაფერს. ეს უკანასკნელი მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, დღეს სოციალური განვითარებით აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოებსაც კი საკმაოდ ჩამორჩება. ბოლო სამხედრო კონფლიქტებმა ხომ აჩვენა, რომ რუსი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ლამის უნიტაზების მოროდიორობის (თითქოს, ცხოვრებაში ნანახი არ აქვთ) ფონზე „გამარჯვებული“ ბრუნდება სახლში.

ამ ფსიქოლოგიურ გარემოში აღიზარდა ვლადიმერ პუტინიც. იგი საბჭოთა კავშირის პროდუქტია. მართალია ბევრმა დასძლია იმ პერიოდის კლიშეები და ცხოვრებას სხვა თვლით შეხედა, მაგრამ არა რუსეთის პრეზიდენტმა. იგი დარჩა იმ ძველ დროში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მის ფსიქოტიპს ბნელი 90-იანი წლების ბანდიტური პიტერის მენტალური გავლენაც დაემატა.

რას უნდა ველოდეთ ადამიანისგან უკეთესს, რომელიც 22 წელია მართავს სახელმწიფოს, რომლის მთავარი მიღწევასაც საზღვრებს გარეთ არა ინოვაციური ტექნოლოგიების, არამედ დიქტატურული რეჟიმის, კორუფციისა და ეთნოკონფლიქტების ექსპორტირება წარმოადგენს. ხომ გახსოვთ ნახევარი ჭიქა წყლის მაგალითი, რომელიც ოპტიმისტისთვის ნახევრად სავსე იყო? ჰოდა რუსეთი იმ პესიმისტს გვაგონებს, რომლისთვისაც ჭიქა მუდმივად ნახევრად ცარიელია. მეტიც ვერ იტანს მეზობლად მცხოვრებ ერებს, რომლებიც მისგან განსხვავებით მომავალის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ასევე შეგახსენებთ რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მიზანს, რომ ქვეყანაში მდიდრები არ უნდა ყოფილიყვნენ. დააკვირდით: განა ღარიბები, – მდიდრები არ უნდა ყოფილიყვნენ?!

დღეს პუტინი იმ ავ ძაღლს ჰგავს, რომელიც არც თავად ჭამს და არც სხვას აჭმევს. მისი ლოგიკა მარტივია და ამავდროულად აბსურდული: თუ ჩემი მოქალაქეები სიღარიბეში ცხოვრობენ, მაშინ გაზით ნაშოვნი ფულის შეგროვებას ვიწყებ მეზობლებთან ომისთვის და თუ სხვა სახელმწიფოებს გავანადგურებ, რუსი ხალხის ყოფა სხვებთან შედარებით გაუმჯობესდება. ანუ პუტინი კი არ ცდილობს საკუთარი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდა მოახდინოს განვითარებული ქვეყნების მაღალ დონეზე, არამედ გათანაბრებას წარმატებული ქვეყნების ცხოვრების დონის დაქვეითებით სურს მიაღწიოს.

2008 წელს მსგავსი დამოკიდებულებით დაიწყო რუსეთმა საქართველოსთან ომი. პუტინმა ვერ აიტანა ჩვენთან დაწყებული რეფორმები. რუსი ტურისტები აღფთოვანებით საუბრობდნენ რეფორმირებულ პატრულზე, განახლებულ თბილსსა და ბათუმზე. მან ჩათვალა, რომ ქართული სახელმწიფოს წარმატებები აზიანებდა რუსეთის იმიჯს. უცხოელი დიპლომატების მოგონებიდან ვიცით, რომ 2008 წლამდე პუტინთან შეხვედრების დროს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ზოგადად საქართველოზე იგი ყოველთვის ირონიით საუბრობდა. ცდილობდა გაეუფასურებინა ჩვენთან მიმდინარე დადებითი ძვრები. დღეს საქართველო რითიმე გამორჩეული არ უნდა იყოს მსოფლიო რუქაზე, თორემ რუსეთის მრისხანებას დავიმსახურებთ. ერთადერთი რისი სურვილიც პუტინს გააჩნია ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის უკანა ეზო უნდა გახდეს, სადაც არაფერი არ ხდება.

რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც შიშველი ტორსითა და ბოტოქსით დაჭიმული სახით პოზირებს ტელეკამერების წინაშე, იმდენად ვერ იტანს სამეზობლოში წარმატებულ ლიდერებს, რომ ხშირ შემთხვევაში სუვერენული ქვეყანის ანექსიის მიზეზი უბრალო ადამიანური შური ხდება და მეტი არაფერი. რომ არა ეს ფაქტი მართლა გაუგებარია რა სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენდა უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრა და კიევის აღება მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციას მსოფლიოს მეორე ბოლოში, ჩინეთის სახით, სერიოზული კონკურენტი თუ მოწინააღმდეგე ჰყავს.

ოფიციალურმა პეკინმა უკვე მოახერხა რუსეთის აღმოსავლეთი რეგიონებისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ეკონომიკურ მარწუხებში მოქცევა. არაფერს ვამბობთ რუსულ გაზზე, რომელიც ევროპასთან შედარებით ჩინეთს ათჯერ უფრო იაფად მიეწოდება, რაც, ფაქტიურად, რუსული სახელმწიფოს ინტერესების უხეში დარღვევაა.

ნაცვლად ამ რეალობის გათავისებისა, რუსეთის მოქალაქეების 70% აღშფოთებულია სპეციალურად ამისთვის გამოგონილი – „უკრაინელი ნაცისტების მოქმედებების“ მითით და მოითხოვენ დაიცვან მათი „საგულშემატკივრო“ სლავური წარმოშობის ერთმორწმუნე ხალხი. კარგად უნდა გვესმოდეს უკრაინის ომსა და პუტინის მოქმედებებს რუსული შოვინიზმი კვებავს და როგორც გაუმაძღარი მტაცებელი, საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, ყოველი წლის 9 მაისს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს ითხოვს მსხვერპლშეწირვად.

ასე, რომ უკრაინასთან ომის დაწყებით პუტინი შეეცადა როგორც პირადი, ასევე საკუთარი მოქალაქეების ამბიციების დაკმაყოფილებას. იგი კიდევ შეურიგდებოდა იანუკოვიჩის პერსონას, რომელიც მის მიერ მართული იყო, მაგრამ არამც და არამც დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერს, რომელსაც დღეს საერთაშორისო საზოგადოება ფეხზე ამდგარი ტაშით ეგებება. ომის დაწყებაც ხომ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ზელენსკის ნაცვლად პუტინი უნდა ყოფილიყო, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველანაირად ეცდება, უკრაინას სრულად დაიქვემდებაროს. მოლაპარაკების დაწყებაც, თითქოს ერთგვარი უკან დახევაც და შეთანხმების მიღწევის სურვილიც ხომ ტაქტიკური სვლაა მისი მხრიდან და შეუძლებელია ნდობა. იმედია, მის მიზნებს აღსრულება არ უწერიათ.

P.S. მკითხველმა, რომელიც რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას ემხრობა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შეიძლება განაცხადოს, რა საჭიროა მსგავსი პუბლიკაციები. ეს ხომ კიდევ უფრო გააღიზიანებს ჩვენს მეზობელს. პასუხი მარტივია, თუ კარგად გავაანალიზებთ დღეს მიმდინარე ომის მიზეზებს, გვეცოდინება მისი შედეგებიც და ადვილად გავთვლით მოწინააღმდეგის ნაბიჯებსაც. გვეცოდინება რაზეა წამსვლელი რუსეთი არამარტო უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მოლდოვაშიც. რაც მთავარია პუტინის ქმედებების მოტივაცია კარგად დაგვანახებს ქართველებს, რომ მისი მიზანი საქართველოს ინტერესების დაცვა სრულებითაც არ არის!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული