„უმძიმესი ვითარება არის ჩვენს რეგიონში და ალბათ, ნომერ პირველი ამოცანა ჩვენთვის, ყველასთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, პოლიტიკოსისთვის თუ არა პოლიტიკოსისთვის არის მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება ქვეყანაში. ამას სჭირდება კონსოლიდაცია, ერთიანობა და ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უარი თქვა ოპოზიციის შეთავაზებაზე, რომ ბრიუსელში ერთიანი ვიზიტი განხორციელებულიყო, საერთო სტრატეგიით ერთად ემუშავათ ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციაზე, შემუშავებულიყო სამოქმედო გეგმა საქართველოში უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაც არის, რომ საქართველო გარდა განაცხადზე ხელმოწერისა, კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს იმისთვის, რომ მართლა დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც არის ჩვენი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტი. იმისთვის, რომ ევროპამ ნამდვილად სხვაგვარად შეხედოს საქართველოს, აუცილებელია რომ ჩვენ ვაჩვენოთ ერთიანობა და ამ ერთიანობაზე თქვენ ამბობთ უარს. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქვეყნის შიგნით, ჰქმნის მტრის ხატს და არ უნდა ნაბიჯები გადადგას ერთიანობისკენ, ის არის საკუთარი სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, საქართველოს მტერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა სთავაზობდეს ოპოზიციას იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, სადაც შეიძლება თანამშრომლობა განხორციელდეს იმ უმძიმესი გამოწვევების საპასუხოდ რაც დღეს საქართველოში და რეგიონში არის.
„ოპოზიცია კი არ უნდა მოგიწოდებდეთ ერთიანობისკენ, თქვენ უნდა გვთავაზობდეთ კონკრეტულ ნაბიჯებს, სადაც შეიძლება ვითანამშრომლოთ, იმ უმძიმესი გამოწვევების საპასუხოდ, რაც დღეს საქართველოსა და რეგიონშია. ამის საპასუხოდ კი ერთი და იგივე, რაც ყველას ყელში ამოგვივიდა ამ 10 წლის მანძილზე. ახლა “ომის პარტია” დაარქვით “ნაციონალურ მოძრაობას”, მერე რაღას მოიგონებთ, თქვენივე შეგდებული თემით, რაღაც სიუჟეტსაც გააკეთებთ კიდევ და იტყვით, რომ ეს არის ოპოზიციის პოზიცია… არა, ჩვენი პოზიცია არის, რომ ერთიანები ვიყოთ, ავირიდოთ თავიდან ამ ქვეყანაში მოსალოდნელი საფრთხეები, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, განვავითაროთ ეს ქვეყანა და გადავდგათ ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

