პარასკევი, აპრილი 19, 2024

რუსი მიგრანტების ნაკადი საქართველოში და აზრთა სხვადასხავაობა საზოგადოებაში – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების ერთმა ნაწილი დატოვა ქვეყანა და მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარეს თავი. მათ რიგშია საქართველოც. მიმდინარე პერიოდისთვის ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ რუსეთიდან 30 ათასმა პირმა გადმოკვეთა საზღვარი.

რუსების გარდა, არიან ბელორუსის მოქალაქეებიც. იქიდან გამომდინარე თუ როგორ ვითარდება მოვლენები უნდა ველოდოთ, რომ მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება. მიზეზებს შორის სახელდება რუსეთსა და ბელორუსში განსხვავებული აზრის დევნა, საყოველთაო სამხედრო მობილიზაციისადმი შიში, დასავლური სანქციებით გამოწვეული მძიმე ეკონომიკურ შედეგებზე თავის არიდება.

ა.წ. 24 თებერვლიდან დღემდე იუსტიციის სახლში არარეზიდენტი პირების მიერ 2300-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული. აღნიშნული სუბიექტების იურიდიული მისამართები ფიქტიურია და ფორმალურ სახეს ატარებს.

საზოგადოებრივი აზრი ამასთან დაკავშირებით გაიყო. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ დიდი მასშტაბებით რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. მოსაზრებას თითქოს ისინი პუტინის რეჟიმის გამოექცნენ სიტყვის თავისუფლების ცენზურისა და დევნის გამო, ბევრი არ ენდობა. ფიქრობენ, რომ მათ შორის დიდი ნაწილი გერეუს დივერსანტია და რუსული სამხედრო სტრატეგიის ნაწილია.

მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ რუსი და ბელორუსი ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით დამატებით შემოსავალს გააჩენს ქართული ბიზნესისთვის. ამის გარდა არ დაეხმარო ადამიანს, როდესაც მას უჭირს, ისეთი ტოლერანტი ერისთვის, როგორიც ქართველები ვართ – მიუღებელია.

ორივე მხარეს თავისი არგუმენტები გააჩნია. როცა ვსაუბრობთ რუსი მიგრანტებისგან მომავალ საფრთხეზე უნდა ითქვას, რომ იგი სავსებით რეალურია. არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ 30 ათასი ადამიანიდან ნაწილი სპეცსამსახურების თანამშრომლები არ იყვნენ, გარკვეული მისიით შემოსულები. ამისთვის არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ვალდებულია ჩაატაროს კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, რათა გამოავლინოს და აღკვეთოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დივერსიული ქმედებები.

თეორიულად არ უნდა გამოვრიცხოთ შემოსული ჯგუფებისგან ასევე ეთნიკურ ნიადაგზე სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია უკრაინაში რუსული აგრესია და საქართველოს რეგიონების, ასევე რუსეთის მხრიდან ოკუპაცია. გამომდინარე აქედან, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეების რადიკალური ნაწილის პროვოცირებით შესაძლებელია მივიღოთ ქართველების „აგრესიული“ დამოკიდებულება რუსების მიმართ. საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით (რაც რუსეთს არაერთხელ გაუკეთებია) ოფიციალურმა მოსკოვმა შესაძლოა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საზიანო იქნება. ასეთი სცენარით საქართველოში მოვლენების განვითარების განსახორციელებლად რუსეთს ჯერჯერობით არ სცალია და არც ჩვენ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, რომ მსგავსი ქმედებები იგეგმება. ამ ეტაპზე მხოლოდ დაშვებების გაკეთება შეგვიძლია, რომ რისკი არსებობს და შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილება უნდა მოხდეს.

კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მოდის რუსი ვიზიტორებისგან ეს არის კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება. გამოიწვევს, თუ არა რუსული კაპიტალის გადმოტანა საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო სანქციებს? სანქციების დაწესების რისკი კი მართლაც არსებობს. ამის თაობაზე ჩვენს წინა პუბლიკაციებშიც ვწერდით. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს შემუშავებული სტრატეგია.

რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილის მოსაზრებას, რომელიც რუსი მიგრანტების შემოშვებას ემხრობა. შეგვიძლია მათი პოზიცია გავიზიაროთ იმ ნაწილში, რომელიც პუტინის რეჟიმის დისიდენტებს ეხება. მაგალითისთვის შეგვიძლია ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორის ტიხონ დზიატკოსა და ეკატერინე კოტრიკაძის ქეისი გამოვიყენოთ, რომლებიც რუსული ხელისუფლების დევნის გამო ჩამოვიდნენ საქართველოში.

ერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოს ეკონომიკაზე გარკვეული გავლენა იქონია. კონკრეტულად, გაუფასურდა ლარი (სხვადასხვა ინტერვალში 22-40 თეთრით), გაძვირდა გასაქირავებელი ბინების ფასები. ფასები ასევე გაზრდილია უძრავ ქონებაზე და ავიაბილეთებზე, რომელსაც რუსი ვიზიტორები საქართველოში ჩამოსასვლელად ყიდულობენ და სხვა.

ცხადია, რომ თემა ძალიან სენსიტიურია და პროცესებზე კიდევ უფრო სერიოზული დაკვირვებისა და ანალიზის საჭიროებას მოითხოვს, თანაც არა მარტო მედიისა თუ ანალიტიკოსების მხრიდან.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული