სამშაბათი, მაისი 21, 2024

“კაპიტულაცია უკრაინელების მხრიდან არ იქნება, არცერთ შემთხვევაში” – გიორგი ვაშაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე უკრაინიდან, კიევიდან ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” დეტალურად საუბრობს უკრაინაში ომის მიმდინარეობის, უკრაინელობის შეუპოვრობასა და დევნილებთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერ მოახდენს უკრაინის ანექსიას:

,,მე ახლა ვიმყოფები კიევში. ვითარება მინდა ვთქვა, რომ მძიმეა, რუსული ჯარი არ აჩერებს საომარ მოქმედებებს, საჰაერო თავდასხმები არის N1 პრობლემა. კიევს ჰქონდა ძალიან მძიმე ღამე.

გუშინ საღამოდან არის კომენდანტის საათი ანუ ქალაქში გადაადგილება აკრძალულია. ამიტომ გარეთ ვერავინ ვერ გადის ვერცერთ შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ კიევის გარშემო საკმაოდ სერიოზულ, ასე ვთქვათ, 20 კილომეტრიან მონაკვეთზე დიდ წარმატებას მიაღწია უკრაინულმა ჯარმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგანაც იცით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ნომერ პირველი ამოცანა არის კიევის ალყაში მოქცევა. დღეს ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს დღეებში არანაირი ნიშანი ჩანს, რომ ალყაში მოექცეს.

ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ისევ არის დარჩენილი კითხულობს, რომ მაშინ რა საჭიროა კომენდანტის საათი. ახლა უკვე მუშაობენ სპეცსამსახურები, რომლების ანადგურებენ გარკვეულ დივერსიულ ჯგუფებს და ამიტომ ქალაქში თუ ვინმეს ესმის სროლის ხმა არ შეშინდეს. არის გარკვეული მოქმედებები და ნამდვილად ყველას ვურჩევ, მე თვითონაც ვიცავ აბსოლუტურად ამ კომენდანტის საათს და ყველას ვურჩევ, რომ არ გავიდეს გარეთ იმიტომ, რომ ნუ შევუშლით ერთი მხრივ უკრაინულ სპეცსამსახურებს მოქმედებაში ხელს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვითონ არ აღმოვჩნდეთ მძიმე ვითარებაში.

რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ძალიან ბევრი გამოვიყვანეთ. ახლა ძალიან კარგი ინფორმაცია მითხრეს, რომ 30-მდე ქართველი გამოიყვანეს მარიოპოლიდან და კონტაქტი არის. ძალიან ბევრი იყო ჩვენი თანამემამულე და შეიძლება კიდევ არიან, ვარკვევთ ახლა სიას.

სამწუხაროდ, არის გარდაცვლილიც, ბათუმელი ბიჭი ომის დაწყებისას დავკრძალეთ კიევის ოლქში. ჯერჯერობით, მადლობა უფალს, რომ სხვა გარდაცვლილები ქართველების მხრიდან არ არის. არ გვაქვს ინფორმაცია გარდაცვლილებზე. იყო ადამიანები, ვინც ზაპოროჟიეჟი იყო საკმაოდ ბევრი, რამოდენიმე ქალაქში ჩარჩენილი, ვერ უკავშირდებოდნენ. ისინიც კონტაქტზე გამოვიდნენ და ახლა ვაკვალიანებ, როგორ შეუძლიათ დატოვონ უკრაინა.
ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნებში როგორ შეუძლიათ გადავიდნენ..

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ ფაქტობრივად დატოვა უკრაინა. თუ შევადარებთ, მეც რამდენი მირეკავდა პირველივე დღეებიდან მოყოლებული – ნამდვილად შემცირებულია ნაკადი. 1000-მდე ოჯახი მარტო ჩვენთან კონტაქტით გადავიდა. ასევე, მუშაობს, რა თქმა უნდა, საკონსულოები და მნიშვნელოვანია, რომ აქაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა დავამყარეთ. დოკუმენტების პრობლემა ჰქონდა ბევრს და ამ პრობლემებსაც ვუგვარებთ.

ხერსონში საინტერესო პროცესები იყო, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსები აპირებდნენ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კონკრეტული პასუხია აქ უკრაინელი მოქალაქეების აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, შიშველი ხელებით უპირისპირდებიან ტანკებს და ამ შეიარაღებას, რომელიც იქ არის.

დღეს ძალიან ცუდი ფაქტი იყო ასევე ჩერნიგოვში. პურის რიგში მყოფი ადამიანები პირდაპირ დაცხრილეს, სამწუხაროდ. ეს საგანგაშო ფაქტია. ის, რაც ხერსონში ხდება ძალიან საინტერესოა, რომ დონეცკშიც არის იგივე ტიპის გამოსვლები პატარ-პატარა, მაგრამ იქაც იკრებს ხალხი ძალას.

ეს აჩვენებს რუსეთის ფედერაციას ცალსახად იმას, რომ უკრაინის ანექსია შეუძლებელია. კაპიტულაცია უკრაინელების მხრიდან არ იქნება, არცერთ შემთხვევაში, ძალთა ბალანსის მიუხედავად. იმიტომ, რომ პირველი რუსეთის ჯარის, რუსეთის არმიის უძლეველობის მითი დამსხვრეულია. არასწორი იქნება ვთქვათ, მაგრამ რომელიმე სახელმწიფო რომ ავიღოთ, რომელსაც მეტ-ნაკლებად ძლიერი არმია ჰყავს, მე ვფიქრობ, მასთან პირდაპირ ომში უბრალოდ განადგურდებოდა რუსეთი. უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინამ 2014 წლიდან დაიწყო ჯარის აწყობა. მანამდე ჯარი იყო ფაქტობრივად ინფილტრირებული რუსული აგენტურით. თავდაცვის მინისტრი იყო რუსეთის დანიშნული და არაფერი არ ჰქონდა. შეიარაღება კი არა, ეკიპირება არ ჰქონდა საერთოდ, ბევრს ფეხზე ჩექმები არ ჰქონდა.

ნანობენ ახლა როგორც ჩანს, ყირიმი რომ ჩააბარეს, შეცდომა იყო. თუმცა მეორე მხრივ რეალობას უნდა შევხედოთ და გავუსწოროთ თვალი, რომ არ იყო შეიარაღებულ ძალებში არანაირი შესაძლებლობა იმის, რომ წინააღმდეგობა გაეწია.

ბოლოს რამდენიმე რამ მინდა ვთქვა – ახლა სად არის პროცესი. მოლაპარაკებები ჩანს მეტ-ნაკლებად წინ მიდის. ლავროვის განცხადებაც ამას აჩვენებს, რომ რუსეთი კარგად ხვდება, რომ კომპრომისებზე უნდა წავიდეს. იმ ფორმაში არ არის, რომ რასაც მაგიდაზე დადებს უკრაინამ ყველაფერს ხელი უნდა მოაწეროს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ჩვენს ხმასაც აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა – შეიარაღებით მხარდაჭერა დასავლეთისგან. ერთია საჰაერო სივრცის დაკეტვა, გვესმის აბსოლუტურად ეს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შეიარაღება, ტყვია-წამალი, ის თანამედროვე ტექნიკა, რომელიც დაიცავს უკრაინას.

რაც შეეხება ზელენსკის მოწოდებას, მე გეტყვით რას ვიზამდი – ნამდვილად ჩავიდოდი, ნამდვილად ვიქნებოდი ცივილიზებული სამყაროს გვერდით. დანარჩენი ახლა მოქალაქეებმა უნდა შეაფასონ, ვინ რა უნდა გააკეთოს. როცა 2008-ში ჩვენ გვიჭირდა, უკრაინის პრეზიდენტი თავისი ქვეყნის საფრთხის მიუხედავად, იდგა ჩვენს გვერდით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენც დავდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით და ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ომისკენ მოწოდებას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული