შაბათი, მაისი 4, 2024

“არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგა. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომს. პრეზიდენტმა ასევე შეაფასა საქართველოში მიმდინარე პროცესები და კრიტიკული იყო როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. სალომე ზურაბიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ევროინტეგრაციის საკითხსაც და ამ მხრივ კონკრეტული შეთავაზებებით გამოვიდა:

დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც, ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცების და ორსულების ევაკუაცია

უკრაინელი მეომრების თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!

მინდა გთხოვოთ ფეხზე ადგომით დავუდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა და ვუყუროთ ამ კადრებს!

დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია! წარმატებული, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა.

დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც, შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა, ამავდროულად, როგორც ისტორიას სჩვევია, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ, ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისათვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის, ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით, ეს დრო აღარ დაბრუნდება!

ამიტომ, ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე, კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე – “ძალა ერთობაშია“! საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ, ყველას ერთად, თქვენი ხალხის წინაშე.

დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც თუ ოპოზიციები, სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას, უაპელაციოდ, პრორუსულად აცხადებს.

ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის როგორც შიგნით, ასევე გარეთ დამაზიანებელია და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი – ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას, ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას.

ამიტომ, მე არ და ვერ შევალ მთავრობის ცალკეული განცხადებებისა თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღწეულ გადაწყვეტილებაზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა კი ხელისუფლებას ევალება!

ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ, ამ უმძიმეს დროს, ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი.

ყველასათვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვის არის ხელსაყრელი.

მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია.

კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია და მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს, აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი.

ამ ურთულეს პერიოდში, დღეს მაინც გავახილოთ თვალი და შევიგნოთ თუ რა ხდება ჩვენ თავს. ყველა ერთად აზრზე მოვიდეთ, ჩავდგეთ ამ ახალ კალაპოტში და ქვეყანას ვაჩვენოთ გეზი და გზა! გამოვასწოროთ ის, რაც წინსვლის და წარმატების გზაზე გვაფერხებს. ერთიანობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია! ეს ერთიანობა იწყება პრეზიდენტით, რამეთუ კონსტიტუციით ის ერთიანობის გარანტია.

ჩვენ დღეს წინ გვიდგას ორი საკითხი, რომლებიც ერთად მოქმედებას გვაიძულებენ: ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების ახლადდასმული საკითხი და უკრაინის მხარდაჭერის და მის ირგვლივ შექმნილი პრობლემატიკა. ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ მოცემულობაში კი აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო იმის ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ, ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა.

ახლა ყველა მხრიდან ისმის: რა გავაკეთოთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შანსები, როდის და როგორ? – გიპასუხებთ: ერთიანობა, ერთიანობა და ერთიანობა! არანაირი დაყოფა და ცალ-ცალკე სირბილი ჩვენს პარტნიორებთან! საჭიროა ერთიანი შეთანხმებული გეგმის მომზადება და წარდგენა, რომელიც შემდეგ არ დაექვემდებარება ანულირებას!

პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და პარლამენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, მედია, არასამთავრობოები, რიგითი მოქალაქეები, ყველა ერთი გეგმის ირგვლივ და ერთი მიზნით უნდა ვერთიანდებოდეთ და ვმოქმედებდეთ, ვმუშაობდეთ იმ რეფორმების პაკეტზე, რომლის შესრულება აუცილებელი იქნება, თუ სერიოზულად ვხედავთ ჩვენ მომავალს ევროპაში. ეს იქნება ეროვნული თანხმობის ნამდვილი გამოხატულება, რომლის გარეშეც, აქამდე, ევროკავშირში არცერთი ქვეყანა გაწევრიანებულა.

ასევე, უკრაინის ომის მიმართ ჩვენი მიდგომა სრულიად კონსოლიდირებული უნდა იყოს – არ შეიძლება ვინმეს, მოყვასსა თუ მტერს, ეჭვი გაუჩნდეს, რომ ჩვენ ესოდენ ეგზისტენციალური ყოფნა-არყოფნის საკითხზე ვერ ვთანხმდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ბევრად საღად აზროვნებს და მისი კონსოლიდაცია შესაძლებელია.

მინდა მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება – ერთის მხრივ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ უკრაინასთან მიმართებაში ისე, რომ არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის.

გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება.

მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი, რომელიც მოითხოვს საიდყმლო ფორმატში განხილვას. აქვე, კიდევ ერთხელ, მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე.

და ბოლოს, მივმართავ ხალხს: მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ. მინდა უკრაინაში მცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის.

მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან.

მინდა იცოდეთ, არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამე თუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული