“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე უკრაინიდან განცხადებას ავრცელებს. გიორგი ვაშაძე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით განაცხადის გაგზავნას ეხმაურება. ვაშაძის თქმით განაცხადის შეტანას თან უნდა სდევდეს ხელისუფლების რეალური ქმედებები ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით და ყველა იმ კრიტერიუმის დაკმაყოფილებისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის:
“ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო! მთავრობა დაგვთანხმდა და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ამზადებს.
მადლობა ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ბოლო დღეებია ქუჩაში დგანან. მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პეტიციებს და მოთხოვნებს ხელს აწერდნენ, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებმაც დამატებითი ხიდები შეკრეს დასავლეთთან. ყველა თაობის დიპლომატს, რომელიც ამყარებდნენ ევროპასთან კონტაქტებს. მადლობა ჩვენს გმირ წინაპრებს, რომლებმაც სისხლით და შრომით შეგვინარჩუნეს ქვეყანა.
მადლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ევროკაშირიდან, რომლებმაც ბოლო დღეებში ხმამაღლა განაცხადეს ამ შესაძლებლობის შესახებ. განსაკუთრებული მადლობა “ევროპულ ლიბერალურ ოჯახს – ალდეს”, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში, “სტრატეგია აღმაშენებელის”, “რესპუბლიკური პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” ინიცირებით, პირველად ჩაწერა საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების შესაძლებლობა მაღალი დონის ევროპულ დოკუმენტში.
ევროპული ოჯახის წევრობა არის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მისწრაფება. ჩვენი ისტორიითა და კულტურით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის და თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განაცხადის შეტანას თან უნდა სდევდეს ხელისუფლების რეალური ქმედებები ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით და ყველა იმ კრიტერიუმის დაკმაყოფილებისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად უმნიშვნელოვანესია ეროვნული თანხმობა და ერთიანობა, სადაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს გვმართებს გამოვიჩინოთ გონიერება, პრაგმატულობა და თანმიმდევრობა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

