კვირა, მაისი 5, 2024

“ჩაუვარდა თუ არა პუტინს კოვზი ნაცარში? – უკრაინული რეალობა რუსეთისთვის” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი დღეებიდან, რუსული ჯარების მანევრებმა ნათლად დაგვანახა, მათი გენშტაბის გადაწყვეტილება საბრძოლო ოპერაციების “ბლიც კრიგის” სტრატეგიის გამოყენებით ჩატარების შესახებ. სხვადასხვა სახეობის რუსულმა საჯარისო შენაერთებმა უკრაინის დიდ ქალაქებზე შეტევა ერთდროულად აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებებით განახორციელეს. პრინციპში ის სამხედრო რესურსი (250 ათასი ჯარისკაცი), რისი მობილიზებაც პუტინმა უკრაინის საზღვრებთან მოახერხა, ომის გრძელვადიანი წარმოების საშუალებას მაინც არ იძლეოდა. გათვლა იყო რუსული სამხედრო ნაწილების მხრიდან მოულოდნელ და სწრაფ შეტევებზე, ასევე დივერსიული ჯგუფებისა და დესანტის გამოყენებით მოწინააღმდეგის დეზიორიენტაციაზე.

როგორც ირკვევა, სამხედროების მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იყო. უფრო კონკრეტულად სამთავრობო კვარტალი, სადაც განლაგებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისი და რადა. ამ ომის წარმოების პოლიტიკური ამოცანა უკრაინელი ხალხის ეროვნული წინააღმდეგობის გატეხვა და ზელენსკის ლეგიტიმური და დამოუკიდებელი ხელისუფლების კრემლის მარიონეტული მთავრობით შეცვლა იქნებოდა.

პუტინს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა რუსულ ჯარს, როგორც განმათავისუფლებს ისე შეხვდებოდა და ადგილზე უბრძოლველად დამაგრებას შეძლებდნენ. მაგრამ რუსული გენშტაბის მოლოდინები არ გამართლდა ისევე, როგორც არ გამართლდა დაზვერვის სამსახურის ოპერატიული მონაცემები, რომელიც კრემლს ამ კუთხით დიდ იმედებს უსახავდა.

ბოლო თვეების განმავლობაში ომისთვის არამარტო რუსული მხარე ემზადებოდა და სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, არამედ შეიძლება ითქვას უკრაინელებიც გულხელდაკრეფილები არ მჯდარან. კარგად ამოიყენეს დასავლეთის დახმარება, რომელიც მხოლოდ საბრძოლო მასალების მიწოდებით არ შემოიფარგლებოდა და ოფიციალურ კიევს მტრის ზრახვებზე და გეგმებზე ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციითაც ამარაგებდა. ამიტომ მოულოდნელობის ეფექტი თავიდანვე გამოირიცხა. მოსახლეობაში პანიკა ომის დაწყებიდანვე არ იგრძნობოდა, რაც დიდი ქალაქების მერიის სამსახურების კარგი მუშაობის შედეგია. უკრაინელების საკმაოდ დიდი ნაწილი დღემდე ერთიანდება სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურებში და საკუთარი ორგანიზებულობით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქმედით დახმარებას უწევენ.

კრიტიკულმა პირველმა ოთხმა დღემ ჩაიარა. უკრაინელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მტრის შემოტევას მედგრად გაუძლეს. არ დაუკარგავთ კონტროლი არცერთ დიდ ქალაქზე. თუ რუსებმა მცირე საბრძოლო წარმატებას მიაღწიეს, ისიც მხოლოდ დიდი დანაკარგების საფუძველზე. ამ ომმა აჩვენა რუსული შეიარაღებული ძალების სისუსტეები. ძირითადი პირადი შემადგენლობა პირტიტველი 18-20 წლის წვევანდელებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც ამ ბრძოლაში არც მორალური უპირატესობა და არც სამხედრო გამოცდილება არ გააჩნიათ. მთავარი ბერკეტი, რითაც ამ ხალხს ოფიცრები აკავებენ და მართავენ, ეგრეთწოდებული „ძედოვშინაა“. რუსული ტექნიკა მოძველებულია როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ბიუჯეტიდან ახალ ტექნიკაზე გამოყოფილი თანხები ჯარში კორუფციას ეწირება და ძირითადად რუსი პოლიტიკოსებისა და გენერლების ევროპაში ზღვისპირა ვილების მშენებლობაში იხარჯება.

რუსებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ელვისებური შეტევის ტაქტიკას თავის უპირატესობებთან ერთად, მინუსებიც გააჩნია. კერძოდ, წინ მიმავალ საბრძოლო შენაერთებს ლოგისტიკის (ზურგის) სამსახურები ვერ ეწევიან. მოიერიში ჯგუფებს საწვავისა და საკვების მაქსიმალური მარაგი 3 დღეზე ჰყოფნით. შესაბამისად, დღეს უკვე რუსული ტანკებისთვის დეფიციტია დიზელის საწვავი, ხოლო რუსი ჯარისკაცები დიდხანს ვერ გაძლებენ საკვების გარეშე. რაც უფრო დრო გავა მომარაგების კრიზისი რუსულ შენაერთებში უფრო მეტად იჩენს თავს. აღარაფერს ვამბობთ მორალურ მდგომარეობაზე, რომელიც არც ეხლა არის რუსულ ჯარისკაცებს შორის მაღალი (გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არაკეთილგანწყობილია).

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ დასავლეთის ეკონომიკურმა სანქციებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. ამას ფრონტის წინა ხაზზე თავისი დივიდენდების მოტანა შეუძლია. რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო ბანკთაშორისო ფინანსური საკომუნიკაციო არხიდან (SWIFT) გათიშვა, აგრეთვე რუსეთის ეროვნული ბანკის 643 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სარეზერვო ფონდის გაყინვა, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის სამხედრო პოტენციალს. აღარაფერს ვამბობთ ჩინეთის გადაწყვეტილებაზე, ნავთობროდუქტების შესყიდვაზე უარის თქმის შესახებ და სხვა სანქციების შესაძლო შედეგებზე, რომელიც უკვე დადგა ან მომავალში დადგება. მაგალითად, რუსეთის სამოქალაქო ავიაციამ დიდი დარტყმა მიიღო და ახლო მომავალში საჰაერო ხომალდებისა და ღია ცის გარეშე დარჩება.

სოციალურ ქსელში თავად რუსები ხუმრობდნენ ამ თემაზე: დასასვენებლად წასვლა, რომ დაგვჭირდეს რამდენ ჩვენგანს ეყოფა წყალქვეშა ნავებში ადგილებიო.

შექმნილ მდგომარეობაში პუტინმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების მასიური დაბომბვები შეიძლება დაიწყოს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი სამხედრო ოპერაციების წარმოებას დიდი ფინანსები და დრო სჭირდება, ხოლო შედეგების თვალსაზრისით ნაკლებ ეფექტურია და თან ბოლოში სახმელეთო შენაერთების გამოყენება მაინც საჭირო გახდება, შესაძლოა ეს ვარიანტი რუსი სამხედროების მხრიდან არ განიხილებოდეს. ამავდროულად პუტინისთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. მას საკუთარი ამომრჩევლისთვის მოუწევს იმის განმარტება, თუ რატომ ბომბავს ერთმორწმუნე, ერთ ლინგვისტურ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობას უკრაინაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი ამას ვეღარ დაარქმევს სპეცოპერაციას „სეპარატისტული“ უკრაინული ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს იქნება სრულმაშტაბიანი ომი მოძმე უკრაინელი ერისა და რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ.

პუტინი კარგად ხვდება, რომ ომი წაგებული აქვს, ამიტომ გაჭღერდა მისი მხრიდან მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა. ასევე თავდაცვის მინისტრს გასცა ბრძანება სამხედრო ძალები თავდაცვის რეჟიმზე გადავიდნენ. ბრძანება ტაქტიკურ სარაკეტო შენაერთებს ეხებათ, თორემ რა სამხედრო რესურსიც ჰქონდათ უკრაინის მიმართულებით გადაისროლა და დიდი ქალაქების მისადგომებთან არიან გაჭედილნი. რომ არა ბალისტიკური ატომური ქობინები, შეიძლება ითქვას, რომ ამ ომის გამო სახელმწიფოს თავდაცვისუნარინობა პუტინმა ღიად დატოვა, რაც ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია. რუს ხალხს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთი ადამიანის არაჯანსაღ ამბიციებს მათი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა ეწირება.

დრო ახლა პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდება რუსული სამხედრო შენაერთების მდგომარეობა. გაჩერებულ რუსულ ტანკებსა და „ტიგრებში“ უკრაინელები მშიერ რუს სამხედროებს „ჭაჭანაჭამი ჭუკებივით“ დაიჭერენ. ამიტომ დროა შეეშვას თავისუფლების მოყვარე უკრაინელი ხალხის ტერორიზებას და საკუთარი ქვეყნის პრობლემებს მიხედოს, რომელიც ომამდელ პოზიციას უკვე ასმაგად აჭარბებს. მსოფლიო საზოგადოების თვალში რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება, რომელთანაც ურთიერთობა არავის სურს.
ამ ომში თავისფლების მოყვარე უკრაინელ ხალხს ერთპიროვნული უპირატესობა გააჩნიათ, რადგან ისტორიული სიმართლე მათ მხარეს არის!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული