პარასკევი, აპრილი 26, 2024

ხათუნა ლაგაზიძე – რა ელის საქართველოს, რა პროცესები დაიწყება ქვეყნის შიგნით და გარეთ, უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან კონკრეტული ქმედებების შემთხვევაში

ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე დეტალურად განიხილავს უკრაინის საკითხს, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, მის გავლენას საქართველოზე, ამასთან ერთად კონკრეტულ საკითხებს სვამს განსახილველად და ხოლო შეკითხვებს განსჯისათვის:

გამოქვეყნდა პუტინ-ლავროვის და პუტინ-შოიგუს დღევანდელი შეხვედრების უაღრესად საინტერესო დეტალები: კერძოდ, ლავროვის განცხადება, რომ მოლაპარაკების რესურსი დასავლეთთან კიდევ არის და შოიუგუს განცხადება, რომ უკრაინის საზღვრებთან და ბელორუსში მიმდინარე რუსული წვრთნების უმეტესობა მალე დასრულდება, რასაც ჯარების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება უნდა მოჰყვეს, ლოგიკურად. ეს იმ დროს, როცა რუსეთის სამხედრო ძალების კიდევ მეტი შენაერთებია დაძრული უკრაინის საზღვრისკენ.

მოკლედ, რა ელის საქართველოს, რა პროცესები დაიწყება ქვეყნის შიგნით და გარეთ, იმ შემთხვევაში თუ:
1. დაიწყება რუსეთ-უკრაინის ომი;
2. თუ ამ ომს რუსეთი ბლიც-კრიგით მოიგებს;
3. პირიქით, თუ ომი ხანგრძლივი იქნება და რუსეთის ეკონომიკა განიცდის სერიოზულ ზარალს;
4. თუ უკრაინას ნატოზე უარს ათქმევინებენ;
5. თუ დასავლეთის პოზიცია მხოლოდ ‘ვიშ-ვიშით“ და შეიარაღების სიმბოლური მიწოდებით შემოიფარგლება;
6. თუ უკრაინას „ავღანეთიზაცია“ ემუქრება;
7. თუ დასავლეთი რეალურად გამოფხიზლდება
8. თუ ომი არ იწყება, მაგრამ ნარჩუნდება მუდმივი დაძაბულობის რეჟიმი
9. თუ რუსეთი ომს არ იწყებს, ამ შემთხვევაში იხსნება თუ არა შესაძლებლობების ფანჯარა
და ა.შ. სცენარები მეტიც შეიძლება იყოს.

რას ვაკეთებთ ჩვენ ამ დროს, ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, ხალხი ვისაც არანაკლები პასუხისმგებლობა გვაკისრია სახელმწიფოს ბედ-იღბალზე: ოპოზიციური პოლიტპარტიები; მედია; ექსპერტული და სამოქალაქო წრეები?!

მე არ მინახავს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სერიოზული მსჯელობა ამ თემაზე. შედარებისთვის მოვიყვან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მეტ-ნაკლებად სერიოზულ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას: ანალოგიურ სიტუაციაში, უკიდურესად გაზრდილი საფრთხეების და რისკების პირობებში, წარმოგიდგენიათ, რომ მათ არ ჰქონდეთ ქვეყნის უსაფრთხოების საკუთარი ხედვა?!

არა ის – უკრაინაში ჩავიდეთ თუ არ ჩავიდეთ, არამედ ყველა ზემოთ აღწერილ სცენარში საქართველოში და საქართველოს ირგვლივ მოქმედებათა სავარაუდო განვითარების ვერსიები. და არა საკუთარი პარტიების ახლომხედველური, მერკანტილურ-პროპაგანდისტული გადმოსახედიდან, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

პირველი რიგის ამოცანებია:

1. გაანალიზდეს 2016 წლიდან დღემდე და განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ძირითადი ინსტრუმენტები, მიზნები, სამიზნეები და შედეგები (ამ მიმართულებით წლების განმავლობაში სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ მოძიებული მასალები არსებობს);

2. გაანალიზდეს საქართველოს საკუთარი გავლენის სივრცეში საბოლოოდ დაბრუნების რა სცენარები შეიძლება აამოქმედოს რუსეთმა მოვლენათა ზემოჩამოთვლილი გზებით განვითარების შემთხვევაში; ვინ იქნებიან მისი მხარდამჭერი ძირითადი აქტორები და მოთამაშეები ქვეყნის შიგნით;

3. რა არის და რა იქნება საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების მთავარი მესიჯები ზემოაღწერილი სცენარების დროს;

4. რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და რას შეიძლება ველოდეთ მათგან;

5. ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია და მასზე დაფუძნებული მოქმედებათა გეგმა, რომელიც მოემსახურება საქართველოს საზოგადოების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლებას მიმდინარე პროცესების თაობაზე; მისი საინფორმაციო ომის პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციული გავლენებისგან დაცვისა და მედეგობის მექანიზმების შემუშავებას; ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გარდა სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებისა, მოხალისეთა ჯგუფებიც არსებობს, სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად;

6. შევთავაზოთ ხელისუფლებას ერთობლივი განხილვები ამ ხედვებისა და სტრატეგიების; უკიდურესად საინტერესო და მრავლისმთქმელი იქნება მათი პოზიცია ამ პროცესში მონაწილეობა უარის თქმის ან ჩართულობის მზაობის თაობაზე;

7. თავისუფალი მედიის მხარდაჭერის მობილიზების გზით ერთიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პოლიტიკის გაშლა საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად;

8. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც, არ გაჭირდება, რადგან მათი ბოლო განცხადებები მოწმობენ, რომ თავადაც გააცნობიერეს დეზინფორმაციის როლი საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის და ზოგადად საზოგადოებრივი სხეულის მორღვევის საქმეში;

9. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს არა ცალკეული ორგანიზაციების გრანტების მისაღებად და ქართული ნჯო-ების ან დასავლური საელჩოების ბიუროკრატიულ ლაბირინთებში დასალექად, არც რომელიმე პოლიტპარტიის ვიწრო პროპაგანდისტული ჭუჭრუტანიდან გამოხედვით, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისობაში;

10. დავინახოთ ჩვენ და დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ აქ არსებობს ერთიანი, კვალიფიციური ხედვა გამოწვევების, სურვილი ამ გამოწვევებთან გამკლავების და თემები, რომელთა გარშემოც პასუხისმგებლიან მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტსპექტრს, პროფესიონალურ, ექსპერტულ წრეებს ძალისმხევის გაერთიანება და რეალური, შედეგზე ორიენტირებული საქმის კეთება შეუძლია“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული