ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“პუტინის საგარეო და საშინაო პოლიტიკა” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

პუტინის დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა. ერთის მხრივ მის წინაშე დგას ამოცანა საკუთარი მოსახლეობის ყურადღება მძიმე ყოფითი, სოციალური პრობლემებიდან, რაღაც სხვა გარე „გამღიზიანებლებზე“ (მტრის ხატი შექმნა) გადაიტანოს, რათა უახლოეს მომავალში ხელისუფლება შეინარჩუნოს. ხოლო მეორეს მხრივ ცდილობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე იგი ანგარიშგასაწევ ფიგურად დარჩეს.

როგორც ვხედავთ იმისთვის, რომ მეორე ამოცანა შეასრულოს მხოლოდ ატომური სახელმწიფოს ლიდერობა არ არის საკმარისი. დიდწილად ეს ტრამპის ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომ რუსეთი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უფრო რეგიონალ მოთამაშედ იქცა, ვიდრე მსოფლიოში ზესახელმწიფოდ. იგი, დროებით, ამბიციურ ჩინეთს საპირწონედ მიუჩინეს და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემატიკის განხილვას ჩამოაშორეს.

უკრაინის თემებამდე პუტინი სამეზობლოში მხოლოდ თურქეთის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ჩინეთის კომპარტიის გენ.მდივანს სი ძინპინს ეკონტაქტებოდა, ხოლო სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე აღარ იწვევდნენ (რუსულ მედიას თუ დავუჯერებთ პუტინი ამ შეხვედრებზე თავად არ დადიოდა).

მახსოვს წინა სტატიებშიც ვწერდი, რომ პუტინს უკრაინა, კავკასიის რეგიონი და ახლო აღმოსავლეთი (სირია, ლივია) სათამაშოდ მისცეს, იმის მსგავსად, როგორც პატარა ბავშვს გასართობს აძლევენ თავი რომ შეიქციოს, სანამ მშობლები ცალკე ოთახში განმარტოვდებიან. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. გამოვიდა ისე, რომ „ბავშვი“ მხცოვან ბაბუას დაუტოვეს, ხოლო მან კი სათამაშოს გამოყენებით, უფრო სწორედ მისი დაშლის მუქარით, მაინც მოახერხა უფროსების ყურადღების მიქცევა. რამდენად სწორი იყო ევროპის მხრიდან რუსეთის საფრთხის არ შემჩნევის პოლიტიკა თავად მკითხველმა განსაჯოს. მე კი ასე წარმომიდგენია დასავლეთის მსგავსი გადაწყვეტილება, გაზქურასთან მდგომ ბავშვს ხელში ასანთი, რომ მისცე იმ იმედით, რომ მთელი სახლს ჰაერში არ აწევს.

დასავლეთის მხრიდან დაყვავებით არაფერი გამოვიდა. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს ბლოკის ქვეყნები ოფიციალური მოსკოვის მიმართ უშუალო მუქარაზე გადავიდნენ. გამოცდილებამ ამ სახელმწიფოებს აჩვენა, რომ პუტინს მხოლოდ ძალისმიერი ენა ესმის. ერთადერთმა მეთოდმა, რომელმაც სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე შეიძლება იმოქმედოს რუსი ოლიგარქების მიმართ სანქციებია. ეს შიდა დისკომფორტს შეუქმნის პუტინს და მის გარემოცვას, რომლებიც დღეს რუსეთის ელიტარულ საზოგადოებას წარმოადგენენ და მდიდრულ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი. მართალია პუტინმა თავის გარშემო თავად შექმნა ეს ეგრეთწოდებული „შიდა წრე“, მაგრამ ფაქტია, დღეს ამ ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფის ტყვეობაში იმყოფება. მათთვის მთავარი საკუთარი კაპიტალისა და სტატუსის შენარჩუნებაა, რომელსაც თვლიან, რომ საკუთარი შრომით და განსაკუთრებული უნარებით მიაღწიეს. ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად ნებისმიერს გაწირავენ, თუნდაც რუსეთის პრეზიდენტსაც კი და ეს პუტინმა გარგად იცის.

განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ ჩეჩნეთისა და თავად რამზან კადიროვის სტატუსი რუსეთის ფედერაციაში. ამ რეგიონში, რომ სახელმწიფოს ნაცვლად შარიათის კანონები მოქმედებს ვფიქრობ არავისთვის უცხო არ უნდა იყოს. ოფიციალური მოსკოვი თვალს ხუჭავს კადიროვის ნებისმიერ გამოხტომებზე და ამას აკეთებს იმიტომ, რომ რეგიონში სამხედრო დაპირისპირება არ მიიღოს. მაგრამ ცნობილია, რომ პრობლემა თავს არ მალავს და სიტუაცია რეგიონში ცენტრის მხრიდან ნელ-ნელა უმართავი ხდება. ვინც რუსეთში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს ეცოდინება, რომ ჩეჩნეთის ყოფილი უზენაესი მოსამართლის საიდ იანგულბაევის ოჯახზე ძალადობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადობაში. ყოფილი მოსამართლის მეუღლე, ჩეჩენმა ძალოვანებმა, ნიჟნი ნოვგოროდში, გროზნოდან ათასი კილომეტრის მოშორებით ისე მოიტაცეს, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წინააღმდეგობა არც კი გაუწიეს. მეტიც, ჩეჩნეთის მაღალჩინოსნები ერთმანეთის მიყოლებით ოფიციალური განცხადებებით გამოდიან და იანგულბაევის ოჯახს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. გროზნოში მოწყობილი აქციით კადიროვმა პუტინს აჩვენა, რომ მას ჩეჩენი ხალხი მიჰყვება და საჭიროების შემთხვევაში მის სიტყვას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ამაზე პუტინმა დუმილი ამჯობინა, რადგან დიდი გეოსტრატეგიული თამაშებით დაკავებულს არ სცალია შიდა პრობლემებისთვის. თავად რუსმა ექსპერტებმაც კი კრემლის მსგავსი ნაბიჯი პუტინს სისუსტეში ჩაუთვალეს, რაც კადიროვის მოძლიერებაზე მიანიშნებს. პუტინი როგორც ჩანს ფიქრობს, რომ მორიგი სუბსიდიით მოისყიდის გროზნოს და პრობლემის გადაწყვეტას, როგორც ამას ბოლო 22 წლის განმავლობაში აკეთებდა, უკეთესი მომავლისთვის გადადებს. ამით კი, სანამ უკრაინის საკითხს გადაწყვეტს, ქვეყნის შიგნით ზურგს გაიმაგრებს. მაგრამ დრო გვიჩვენებს რამდენად გაამართლებს მსგავსი პოლიტიკა.

„ზურგის გამაგრებას“ ემსახურებოდა პუტინის ვიზიტიც პეკინში და ოლიმპიური თამაშების წინ სი ძინპინთან შეხვედრა. ასე ოფიციალური მოსკოვი ცდილობს აღმოსავლეთი მიმართულებიდან „მხარდაჭერა“ ან დროებითი ნეიტრალიტეტი მიიღოს სანამ დასავლეთი მიმართულებით არის გადართული. მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. უბრალოდ აქ დავამატებთ, რომ რუსეთის პოზიციები ამ შეხვედრის შედეგად არ გაუმჯობესებულა.

დასკვნით ნაწილში კი გეტყვით, რომ გასულ კვირას მსოფლიომ პუტინი ისეთი დაიმახსოვრა, როგორიც ის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე პეკინში სტადიონის ლოჟაში წარმოგვიდგა – მარტო მჯდომი, ეული, თბილ ლაბადაში გახვეული და მიუსაფარი მოხუცი, რომელსაც ძილისგან აკიმარებდა…

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული