“თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ ძალთა ბალანსი უკრაინაზე გადის…” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

165

მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში მთავარი თემა დღეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციაა. აგრესია, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მოდის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამ ქვეყანას, არამედ მთელ ევროპასაც. პუტინის პოლიტიკა ნათელია. იგი ცდილობს შიდა ელექტორალური ყურადღება სოციალური პრობლემებიდან საგარეო გამოწვევებზე გადაიტანოს და ამით „მეფის ტახტი“ შეინარჩუნოს. მსგავსი სტრატეგია რუს ობივატელზე ამ მომენტამდე ამართლებს და მოკლევადიან პერიოდში იმუშავებს კიდევაც. მაგრამ ნატოსგან მუდმივად მტრის ხატის შექმნა და ამ „პრობლემით“ აპელირება შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან რუსეთის დასავლეთის მიმართულებით გაფართოება მისგან დამატებითი რესურსების (სამხედრო ძალა, ფინანსები) მობილიზებას მოითხოვს. შეიძლება თავი გაართვას ერთ კონკრეტულ სტრატეგიულ ამოცანას, მაგრამ ერთდროულად რამოდენიმეს გადაწყვეტა ოფიციალურ მოსკოვს ნამდვილად გაუჭირდება.

არადა რუსეთს პრობლემები ნამდვილად დაუგროვდა: ქვეყნის შიგნით მძიმე სოციალური ფონი, კორუფცია, სამოქალაქო უფლებების უხეში დარღვევა, თავისუფალი სიტყვის ცენზურა, პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკური დევნა, კლანებს შორის ბრძოლა, კრიმინალის ზრდა, ეროვნული ვალუტის დევავლვაცია, საკუთარი ბუნებრივი რესურსების არაეფექტური გამოყენება და ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის არათანმიმდევრულობა, შორეული აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მოძლიერება, ღია კონფლიქტები უკრაინასთან (ყირიმი, დონბასი), საქართველოსთან (აფხაზეთი, სამაჩაბლო), აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დაპირისპირება ყარაბაღისთვის, ყაზახეთის და სირიის შიდა პრობლემები ოფიციალური მოსკოვისგან სათანადო ყურადღებას მოითხოვს. პუტინი ცდილობს „მსოფლიო პოლიციელის“ მუნდირი მოირგოს, მაგრამ რუსეთი დღეს ამას ვერ გასწვდება, რესურსები არ ეყოფა. ამის გარდა პუტინს კარგად უნდა ესმოდეს, რომ უკრაინასთან ომი, უბრალოდ მორიგი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა და იქ არეულობის მოწყობა არ იქნება, როგორც ამას საქართველოში, მოლდავაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არის მიჩვეული. ფაქტიურად იგი პირისპირ ნატოს ბლოკს ეჯახება და ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არ არიან, რუსეთის ქმედებებს საფრთხედ აღიქვამენ. მართალია საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე იწარმოებს, მაგრამ უკრაინა მარტო არ იქნება მაშინ, როცა რუსეთს იმედი მხოლოდ საკუთარ ძალებზე უნდა ჰქონდეს. მას მოკავშირე არ ჰყავს ამ კამპანიაში. პირიქით, ყველა ელოდება რუსეთის საბოლოო დამარცხებას.

პუტინი ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში ჩინეთის ფაქტორი გამოირიცხა, მაგრამ ბოლო დროს ყაზახეთის მოვლენებთან ჩინეთის „ნეიტრალიტეტი“ რუსებისთვის დაიმედების საშუალებას არ იძლევა. ჩინეთის დაინტერესება ყაზახეთის მიმართ და ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ, იმდენადაა დიდი რამდენადაც დიდია ფინანსური ნაკადები, რომელსაც ოფიციალური პეკინი აზიის ამ ქვეყანებში მიმართავს. თუ ნურსულთანში (ასტანა) მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების „განეიტრალებაში“ ჩინეთმა რუსეთს დაუთმო მთავარი “სკრიპკის” როლი, მხოლოდ იმიტომ, რომ კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივება გამოიწვევდა რუსეთის ყურადღების გადატანას დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, რაც პირდაპირი კონფლიქტის მაუწყებელი იქნებოდა ოფიციალურ მოსკოვსა და პეკინს შორის. ჩინეთმა დროებით დათმო პოზიციები ყაზახეთში, რადგან აწყობს უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა და რუსეთის დაპირისპირება დასავლეთთან, რამეთუ იქ მიმდინარე პროცესების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები ვერ მოიცლის თავად ჩინეთისთვის, ხოლო სამხედრო დაპირისპირება დაასუსტებს მხარეებს, მისი გაძლიერების ფონზე. ასევე რუსეთის დამარცხების შემთხვევაში დიდი შანსი აქვს „აითვისოს“ ნედლეულით მდიდარი ციმბირის სტეპები.

თავად რუსეთისთვის მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი დიდი სამხედრო კამპანია, რადგანაც იგი ერთის მხრივ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯებს, ხოლო მეორეს მხრივ აქცენტის გადატანა ერთ პრობლემაზე ეს იმას ნიშნავს, რომ უყურადღებოდ ტოვებ სხვა პრობლემებს. მაგრამ, როგორც წესი, გრძელვადიან პერიოდში გასაჭირი თავს ვერ დამალავს და პუტინს მოუწევს სათანადო პასუხის გაცემა ამ გამოწვევებისთვის (იგივე ჩინეთიდან მომავალი საფრთხე, მძიმე სოციალური ფონის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება და ა.შ) ან მოუწევს საკუთარი საპრეზიდენტო სავარძლის დათმობა, თუ საქმე რუსეთის ფედერაციის დაშლამდე არ მივიდა. თავის მხრივ დაშლა რუსეთისთვის გამოიწვევს იმ გავლენების დაკარგვას, რაც სტატუს-ქვოს სახით მეზობელ სახელმწიფოებზე აქვს მოპოვებული, შიდა კონფლიქტების გაღვივების ხარჯზე.

დასავლეთი ცდილობს დიპლომატიური მოლაპარაკების გზით გადაწყვიტოს რუსეთის პრობლემა იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ ღია სამხედრო დაპირისპირება, რადგან ნამდვილად ბევრია აქვთ დასაკარგი. პლიუს ამას, დასავლეთს რუსეთი სჭირდება ჩინეთის დასაბალანსებლად. რუსეთის ფედერაციის დაშლა და ჩინეთის მხრიდან ციმბირის რესურსების ხელში ჩაგდება მის გაძლიერებას გამოიწვევს, რაც ამერიკის ინტერესებში არ შედის. მაგრამ დასავლური სამყარო უნდა ხვდებოდეს, რომ უკრაინისთვის ბრძოლა ბოლომდეა საჭირო, რადგან საფრთხე რეალურია.

რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი თანამედროვე მსოფლიოსთვის გარდა სამხედრო კონფლიქტებისა და შესაბამისად დასაკარგიც არაფერი აქვს (რიგითი რუსის სოციალური მდგომარეობის გაუარესება ან უფრო დამძიმება პუტინისთვის მეასე ხარისხოვანია), ამიტომ მათთვის ომის დაწყება ადვილია, მაგრამ გამარჯვებით დამთვრება პრაქტიკულად შეუძლებელი.
აშშ და “ბებერი” ევროპა დღეს ორი ალტერნატივის წინაშე დგას, დაუპირისპირდეს რუსეთს თუ დაუთმოს უკრაინა იმ იმედით, რომ პუტინი ამით დაკმაყოფილდება და გაჩერდება. ჩერჩილის სიტყვებს: „თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს“, თუ გავიხსენებთ – არჩევანი მარტივია!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები პუბლიკაციაზე