პარასკევი, მარტი 29, 2024

ნანა ტოხვაძე: განათლების სფეროში დასაქმებულთა დაცინვაა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მე-10 წელს ხელფასების მხოლოდ 10-15% პროცენტიანი ზრდა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარი, შალვა პაპუაშვილის შეფასებებს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, განათლების სისტემის წარმატებების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე და დღეისათვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული განათლება ბოლო ათწლეულია რეგრესს განიცდის. ყველა კვლევა, ანალიზი თუ საერთაშორისო შეფასება მიგვითითებს, რომ არათანმიმდევრული რეფორმების მიზეზთა გამო სახეზე გვაქვს მოსწავლეთა შედეგების ყოველწლიური გაუარესება.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს იზრდება განათლების ბიუჯეტი და გასულ წელსაც დამატებით 64 მლნ. ლარი გამოიყო, 2022 წლისთვის კი 1 მლრდ. 700 მილიონზე მეტის გამოყოფაა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული – ხელისუფლების უთავბოლობის გამო ეს თანხები ისევ წყალში იქნება გადაყრილი.

დიახ, განათლების სფეროსთან მიმართებაში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული არათანმიმდევრული პოლიტიკის,  თანხების არამიზნობრივი ხარჯვისა და შედეგებზე ნაკლები ორიენტაციის შედეგია:

1) მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებით ქვეყნის უკანასკნელ ათეულში მოხვედრა;

2) საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა, აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ პირთა ყველაზე დაბალი ანაზღაურება ქართულ შრომის ბაზარზე. პრაქტიკულად, ამ ადამიანების დაცინვაა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მე-10 წელს ხელფასების მხოლოდ 10-15% პროცენტიანი ზრდა. ეს პროცესი კიდევ უფრო ტრაგიკულად გამოიყურება ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე, ბოლო წლების განმავლობაში.

შედარებისთვის, მაგ. მასწავლებლის 2013 წლის ხელფასი დოლარში და ლარის დღევანდელი მსყიდველუნარიანობა, ანაზღაურების ზრდაზე აპელირების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა.

ხელისუფლებას ავიწყდება, რომ განათლების სფეროში დასაქმებულებს ჰყავთ ოჯახები, ზურგზე აწევთ კაბალური სასესხო ვალდებულებები და ყოფითი სოციალური პრობლემების გათვალისწინებით ყველაზე დაჩაგრულ, დაუფასებელ ფენად გრძნობენ თავს. შესაბამისად, ცხადია, ეს განწყობები განათლების ხარისხზეც ახდენს გავლენას.

ამდენად, პირობების გაუმჯობესებით ყოყლოჩინობა კი არა, სირცხვილით თავი არ გამოეყოფათ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლისთავზე 450 ლარიანი ხელფასების 10%-ით ზრდას რომ აყვედრიან განათლების სფეროს წარმომადგენლებს,” – აღნიშნავს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული