ორშაბათი, მაისი 6, 2024

“არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს – თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვებაა საკუთარ თავზე” – მეუფე შიოს ქადაგება

საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, ყურადღება გაამახვილა საყოველთაო შერიგების თემაზე:

დღევანდელ სახარებაში არის ასეთი რამ – “მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცეს“. აი აქ არ წერია, რომ მტრისადმი სიყვარული – ეს უნდა იყოს რაიმე გრძნობა, რომელიც ჰგავს ემოციას ან ტრფიალებას, ეს სულაც არ იგულისხმება, არამედ მტრის სიყვარულში იგულისხმება, რომ არ გაუკეთო ბოროტი, შური არ იძიო მასზე და არ უპასუხო ბოროტებით. ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ წაახალისო ბოროტება და წაუყრუო, რადგანაც ბოროტება ყოველთვის ბოროტებაა და მას უნდა ვებრძოლოთ, ბოროტება უნდა შევაჩეროთ ჩვენ, ყოველთვის და შეძლებისდაგვარად, იგი უნდა შევაჩეროთ სიყვარულით, მოწყალებით, დარიგებით, ქველმოქმედებით.

მაგრამ, მე მინდა, თქვენი ყურადღება, იმაზეც გავამახვილო, რომ ბოროტება ზოგჯერ ჩვენ, ასევე, უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ სამართლიანი სასჯელითაც.

დღეს რომ არის საუბარი საყოველთაო შერიგებაზე… სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე – ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია ჩვენ. და გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებში, უნდა მოვიკვეთოთ ჩვენი ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.

რა არის საფუძველი შერიგების, შენდობის? ჩვენ ქრისტიანებმა ყოველთვის უნდა ვეცადოთ ვიაზროვნოთ სახარისეულად და გავიხსენოთ რას ამბობა ამაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ვეცადოთ ჩვენს მტრებში დავინახოთ ღვთის ქმნილება – ის დაცემულია, სულიერად დაავადებული, მაშინ სჭირდება მკურნალობა, მიდგომა  სხვადასხვა საშუალებით და არა ბოროტებით და სიძულვილით

საბოლოო ჯამში, საუბარია იმაზე, რომ ჩვენს გულში არ იყოს სიძულვილი, შურისძიება იმიტომ, რომ მაშინ სულიწმიდის მადლი არასდროს არ შემოვა და შესაბამისად, სულის გადარჩენასაც ვერ მიემთხვევი.

ე. ი. უნდა ვისწავლოთ ჩვენ – არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვებაა საკუთარ თავზე. მაგრამ უფალი მეტსაც მოგვიწოდებს, რომ არა თუ “არა იძიო შური, არამედ სიყვარულიც გამოავლინო“. ანუ, ვიმეორებ, ეს არ არის ემოცია და გრძნობა, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ – გაუკეთო სიკეთე მტერს. ეს არის სიკეთე ანუ სიყვარული სახარებისეული არა გრძნობაა, არამედ თვისება არის ადამიანის“, – აღნიშნავს მეუფე შიო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული