ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

პარლამენტმა უარი თქვა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გამოდიოდა შვილმოკლული მამა. პარლამენტისადმი მიმართვის მიზნით, სამოქალაქო აქტივისტების მიერ, შეგროვდა საჭირო რაოდენობის ხელმოწერები. პარლამენტის თითოეულ წევრს, კომისიის შექმნის საჭიროებასთან დაკავშირებით, წერილობით მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტის წინაშე კი საკითხი ოფიციალურად იქნა დაყენებული ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ.

დადგენილების პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება, სადაც იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის შედეგადაც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვის მიერ იქნა ბრძანება გაცემული და რის საფუძველზე. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორცილედა პირის ლიკვიდაცია” – ვკითხულობთ “ნაციონალურმა მოძრაობის” მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო სესიის განსახილველ საკითხთა შორის, აღნიშნული საკითხი ბოლო 67-ე ნომრად განისაზღვრა. რამდენიმე თვიანი ლოდინის თუ მოლოდინის შემდეგ, პარლამენტმა განიხილა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი და იგი ჩააგდო. საჭირო 50 მომხრის ნაცვლად მხოლოდ 30 დეპუტატის თანხმობა დაფიქსირდა, 3-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, დანარჩენები ან არ ესწრებოდნენ სხდომას ან თავი შეიკავეს.

პატარაც რომ გაჟონოს თემირლანის სიმართლემ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მეც, ჩვენ ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც, ამათ თავზე დაემხობათ ეს ხელისუფლება. ამიტომ ისინი არც კომისიას შექმნიან, არც დაზარალებული სტატუსს მომცემენ, არც ევროპაში გამიშვებენ. ყველანაირად შეზღუდული ვარ.

მე ამათ (გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რედ.) ვათქმევინებ, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ვათქმევინებ, რომ სახელმწიფომ დააშავა ჩემ წინააღმდეგ“ – აცხადებდა მალხაზ მაჩალიკაშვილი საკითხის განხილვამდე.

მოგვიანებით, შვილმოკლულმა მამამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ დეპუტატს, ვინც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ისევ აგრძელებს პროტესტს და უახლოეს დღეებში აპირებს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მისი შემდგომი გეგმების შესახებ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული