საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

48

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სასწავლო პროცესის წარმართვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას. სკოლებში, ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამასთან, მშობლებს კვლავაც დარჩებათ არჩევანის საშუალება, რაც გულისხმობს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, სწავლა დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში განაგრძოს.

საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის გამოყენების აუცილებლობას, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები პუბლიკაციაზე