ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2021 წლის 5-6 ივლისის საპროტესტო აქციების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

11

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში – 2021 წლის 5-6 ივლისის საპროტესტო აქციების მონიტორინგის ანგარიში (პირველადი შეფასება). დოკუმენტის მიზანია, შეაფასოს 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენები და სახელისუფლებო ორგანოების ქმედებები, რითაც დაცული უნდა იყოს LGBTQ+ ადამიანების, სამოქალაქო აქტივისტების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, ასევე – მედიასაშუალებების წარმომადგენლების ჟურნალისტური საქმიანობა ხელშეშლის გარეშე, უსაფრთხო გარემოში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის მიერ შემუშავებული სტრატეგია და ზომები არაადეკვატური იყო. ცხადია, რომ რადიკალურად განწყობილი ჯგუფების ქმედებები გასცდა მშვიდობიანი აქციის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე კონკრეტულ პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. სახელმწიფო უწყებებს თავიდანვე არ ჰქონდათ სათანადოდ შეფასებული რეალური რისკები და შესაბამისად ვერ უზრუნველყეს აქციის მონაწილეთა უფლებების დაცვა.

როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებებისა და მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება, გასული წლების მსგავსად, თავს იკავებს რადიკალური ჯგუფების ორგანიზატორთა მიერ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მისცენ სათანადო კვალიფიკაცია სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს და ისინი ეფექტურად უნდა გამოიძიონ. დისკრიმინაციული მოტივი უნდა იქნეს გათვალისწინებული როგორც დამამძიმებული გარემოება, როგორც ამას ეროვნული კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს, და დამნაშავენი უნდა დაისაჯონ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს 5-6 ივლისს განხორციელებული, წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების და მედიის წარმომადგენლებზე შტურმის ორგანიზატორთა ვინაობის დადგენას, ასევე – ამ ძალების დამფინანსებელი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების გამოაშკარავებას; ასევე – ხელი შეუწყოს ძალადობრივ მოვლენებში უცხო მტრული ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოების და სპეციალური სამსახურების შესაძლო მონაწილეობის დადგენას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ საგამოძიებო პროცესის სრულყოფილი და ობიექტური წარმართვა, 5-6 ივლისს განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებისა და ამ ქმედებების ორგანიზატორთა დადგენისა და მათდამი სისხლისსამართლებრივი დევნის ჯეროვნად განხორცილების მიზნით; ასევე, უზრუნველყონ სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა და რიგითი პოლიციელების ქმედებების შესაფასებლად, 5-6 ივლისის ძალადობრივი ქმედებებისას, საპოლიციო ძალთა მობილიზების, აქციების მართვის და ძალადობის აღსაკვეთად საჭირო ზომების მიღების კონტექსტში.

ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრს ავრცელებს

კომენტარები პუბლიკაციაზე