ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს, ელიტური კორუფციის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომ საქართველოს ბიუჯეტში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია და ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და ევროკავშირიდან კრედიტის მიღება აქტუალური აღარ არის, ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

ჯერ ერთი, თუ ერთი მილიარდი ლარი გაქვთ გადანახული თქვე უდღეურებო, რატომ არ ურიგებთ გაღატაკებულ და გაძვალტყავებულ ხალხს?!

მთავარი, რაც ხდება პირველად თავის ისტორიაში, საქართველო რჩება ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე.

აი რას მიაღწიეს ამათ, იმ დემოკრატიით, რომლითაც ევროპა უნდა განეცვიფრებინათ, მაგრამ მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს, ელიტური კორუფციის გამო.

ის მთლიანად ხმარდება მათ ვილებს, ხვდება მათ ანგარიშებზე უცხოეთში, რომლებიც გადანახული აქვთ შავი დღისთვის იმიტომ, რომ ისინი ემზადებიან გასაქცევად მას შემდეგ, რაც ბოლომდე ლიმონივით გამოწურავენ საქართველოს.

როგორც იქნა, ევროკავშირმა თავის მოხსენების პროექტში ჩაწერა ელიტური კორუფციის საკითხი და უკვე ბოლო ორი კვირაა “ქართული ოცნება” ისტერიულად ლობირებს
თავისი მრავალმილიონიანი ხელფასიანი ლობისტების მეშვეობით, რომ იქნებ ეს ელიტური კორუფცია ამოიღონ მოხსენების დრაფტიდან – როგორც ჩანს, ეს საკითხი ბოლომდე ჩაუფლავდათ.

ელიტური კორუფცია შევარდნაძის დროსაც კი არ ჩაუწერია ევროკავშირს მოხსენებაში – ჩემ დროზე აღარ ვსაუბრობ.

ელიტური კორუფცია ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ ნიშნავს ივანიშვილის და მთავრობის წევრების პირდაპირ ჩართვას ქართველი ხალხის ძარცვაში“, წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის: ტვ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “დღის ნიუსრუმი”, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებაზე და განაცხადა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა. საუბარია 75 მლნ ევროს კრედიტზე. აქვე მმართველი პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია და ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით. აქვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ “რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული