საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში – შალვა პაპუაშვილი

34

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლითაც საარჩევნო კანონმდებლობა დაიხვეწება, უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიული პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაიზრდება არჩევნების მიმართ სანდოობა და შესრულდება პარტიებს შორის მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებები.

პარლამენტის რამდენიმე წევრის საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

საარჩევნო სისტემისა და პროცედურების გასაუმჯობესებლად, პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა მრავალრაუნდიანი დიალოგი, რომლის შედეგადაც შემუშავდა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე, არჩევნების სანდოობის გაზრდასა და დემოკრატიული პროცესების ჯეროვან და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები, რომლებმაც მემორანდუმის სახე მიიღო. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“. მოგვიანებით შემოუერთდნენ „ევროპელი სოციალისტები“. შეთანხმება გულისხმობდა მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების გადაჭრისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენას.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსში აისახოს ნორმები, რომლებითაც აღმოიფხვრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილი ცალკეული ხარვეზები, ასახავს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხებზე და უპასუხებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ზემოხსენებული მემორანდუმის სულისკვეთებას“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა შალვა პაპუაშვილმა.

მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების წესის, ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას.

კანონპროექტით შემოთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი.

ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები, იცვლება საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნისა და არჩევის წესი.

ცესკოს 8 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.

ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით.

ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით.

საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურას.

საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე მოგვიახლოვდა და უნდა გავითვალისწინოთ ის ვადები, რომელიც კანონის მიღებასთან არის დაკავშირებული. ცესკოში 2 ვაკანსია წარმოიქმნება და საჭირო იქნება შერჩევა, რისთვისაც სპეციალური წესი არის გაწერილი დაბლოკვის საწინააღმდეგო, რომელიც ამ მომენტში იმოქმედებს“, – აღნიშნა, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს.

კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე.

დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია, ასევე, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები.

შემოთავაზებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესი.

გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც საბოლოო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ 73 ოლქი გვაქვს, გამოდის 365 უბანი, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%. ფაქტობრივად, უბნების 10% გადაითვლება ხელახლა, რაც უდრის არჩევნების სრულად გადათვლას“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილია არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობები.

ამ პროცესში, რომელიც თებერვლიდან გვქონდა, 13-14 პუნქტიდან, დაახლოებით, 7 პუნქტი არის ისეთი, რომელიც არც მემორანდუმში, არც 19 აპრილის შეთანხმებაში არ იყო და დამატებითი კონსულტაციების შედეგად იქნა შემოღებული. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კონსულტაციების, რომელიც არასამთავრობოებთან გვქონდა. ასევე ბოლო პერიოდში ინტერპარტიულ ფორმატში ნაყოფიერი და კონსტრუქციული მუშაობა წარიმართა. პროექტი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. ჩვენ ვთხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდონ საკუთარი დასკვნა. თარიღიც მივუთითეთ, რომ შეძლებისდაგვარად 6 ივნისისთვის იყოს უკვე დასკვნა, ვინაიდან 7 ივნისის კვირაში იქნება პლენარული სხდომა, სადაც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გაიმართება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დეპუტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებები გამოთქვეს. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, კანონპროექტში ასახულია შეთანხმების შედეგად მიღწეული ცვლილებები.

მომხსენებელმა კომიტეტების წევრთა კითხვებს უპასუხა.

კანონპროექტთან დაკავშირებით, გვქონდა მსჯელობა, რაც აისახება კომიტეტის დასკვნაშიც, ჩვენი დამოკიდებულება პოზიტიურია იმ ნაწილშიც, რაც არის პარლამენტის რეგლამენტის კუთხით კანონპროექტში გათვალისწინებული“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები