შაბათი, აპრილი 20, 2024

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულია შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ხვალ ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ:

პირველ რიგში მსურს ღრმა და გულწრფელი თანაგრძნობა გამოვხატო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების მომართ, იმ ტრაგედიის გამო, რომელსაც ძალიან ხშირად სამწუხაროდ თან სდევდა ოჯახის წევრის ბედისა და ადგილსამყოფელის გაურკვევლობა.

დღეს ეს მრავალწლიანი გაურკვევლობა და მოლოდინი დასრულდა 13 ოჯახისთვის და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მცირედით მაინც ანუგეშებს მათ ტკივილს. საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 2300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ბედის და ადგილსამყოფელის დადგენა არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდაც ერთობლივი ძალისხმევითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით შევძლებთ კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულის მოძიებას და მათი ოჯახების დახმარებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში და აქვე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ამ მექანიზმის თითოეულ მონაწილეს გაწეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული