ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და საზოგადოებას ახლად დანიშნული იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრები წარუდგინა:
„ყველას მოგესალმებით. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის ორი ახალი წევრი. მოგეხსენებათ, რომ ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, ასევე ბატონი ვანო მაჭავარიანი, გადადგნენ თანამდებობიდან. ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა მას, ჩვენი მთავრობის და გუნდის სახელით, გადავუხადო მადლობა გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვო წარმატება მის შემდეგ საქმიანობაში. ასევე ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე მოგეხსენებათ, რომ მიემგზავრება ჰააგაში, გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატება.
რაც შეეხება ჩვენი მთავრობის ახალ წევრებს. ბატონი რატი ბრეგაძე დაინიშნა, იუსტიცის მინისტრის თანამდებობაზე. რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ იგი სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრის და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან, რატი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში, მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საელჩო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრის დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხემძღვანელის და ბოლოს უკვე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ასევე იყო სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, მე მინდა, მას წარმატება ვუსურვო.
რაც შეეხება ახალ ფინანსთა მინისტრს, მინდა წარმოგიდგინოთ ლაშა ხუციშვილი. ბატონი ლაშა დიდი ხანია რაც ფინანსთა სამინისტროს წევრია, იგი ძალიან კარგად იცნობს სისტემას. 2014 წლიდან, მას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის მიერ ინიცირებული პლატფორმის ხელმძღვანელის ჯგუფის წევრი. 2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის უფროსი. 2008-2013 წლებში მუშაობდა, საერთაშორისო კომპანია „Ernst & Young“-ის საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით, არის თავისუფალი უნივერისტეტის ბიზნეს სკოლისა და პრესტონის უნივერისტეტის კურსდამთავრებული, ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით. მე მინდა, ბატონ ლაშას ვუსურვო წარმატებები, უკვე ფინანსთა მინისტრის რანგში და მჯერა, რომ წარმატებით გააგრძელებს საქმინობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
ავტორი
თეკლა თოდუა