“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოცნების მტკიცება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით – თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არის სრული აბსურდი. პაატა მანჯგალაძის თქმით, პარლამენტი ერთპარტიულია და ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას არ ასახავს:
“ქართული ოცნების” მტკიცება, თითქოს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არის სრული აბსურდი. სინამდვილეში მათ ეშინიათ სწორი დემოკრატიული პროცესის, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების. სწორედ ევროპული პრაქტიკაა პოლიტიკური კრიზისების განმუხტვისთვის ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს პირდაპირი მონაწილეობა.
ფაქტია, პარლამენტი არის ერთპარტიული და მასში ასახული არ არის არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების უმრავლესობის ნება.
შესაბამისად, ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ მმართველების, არამედ უსამართლო მმართველობითი სისტემის ცვლილება და სწორედ ამის საუკეთესო საშუალებაა რიგგარეშე არჩევნები.
სხვა შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და სწრაფი, უეცარი ცვლილება, ტრანსფორმაცია განხორციელდება ქუჩიდან, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავს რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

