უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა. მისი შეფასებით ხელისუფლებამ, თავისი არათანმიმდევრული და ალოგიკური გადაწყვეტილებებით, საბოლოო განაჩენი გამოუტანა ტურისტულ სექტორს:
“საქართველოს მთავრობის, დღევანდელი, გაუგებარი და ირაციონალური გადაწყვეტილებებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ არ იცის რა ქნას.
ეს არ არის სამოქმედო გეგმა, ეს არის ფურცელზე ბრმად და გაუაზრებლად ჩამოწერილი, არათანმიმდევრული და ალოგიკური წინადადებები, რითაც ხელისუფლებამ საბოლოო განაჩენი გამოუტანა ტურისტულ სექტორს, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა.
აკრძალვების ძალაში დატოვებამ მძიმე და კრიზისული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუხანგრძლივა 300 ათასამდე ადამიანს, რომელთაც სწორედ ტურიზმი და მისი მომიჯნავე სფეროები ასაქმებდა.
ნაცვლად იმისა, რომ დროულად დაიწყონ ვაქცინაციის პროცესი და ქვეყანაში გააჩინონ პროგნოზირებადი გარემო, რომ ბიზნესმა შეძლოს გადარჩენა და ქვეყანა უფსკრულში არ გადაიჩეხოს, ,,გამოსავალი“ კვლავ ადამიანების შინაპატიმრობაა.
ეს არის ხალხზე ზრუნვის სახელით ჩადენილი უდიდესი მავნებლობა,” – აცხადებს თამთა შამათავა.