ქართველი მომღერლის “უცნობის” (გია გაჩეჩილაძე) მიერ “პალიტრა ნიუსის” ეთერში 2008 წლის აქციებთან დაკავშირებული ამბების გახსენებას და სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბარს ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და გია გაჩეჩილაძის ქცევას კლასიკური ღალატად მოიხსენიებს:
“2008 წელს რა და როგორ იყო, ამის გარკვევას ახლა არ ვაპირებ, მაგრამ ერთი რამ კი უნდა ითქვას – 2008 წლის 23 იანვარს, გრანდიოზული აქცია გაიმართა იპოდრომზე, იმ ყინვასა და თოვლში. მეც გახლდით იმ აქციის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე.
მაშინ როგორ დასრულდა ის აქცია, ყველას გახსოვთ, ახლა კი ირკვევა, ირკვევა რა – თავად ყვება ყელმოღერებული, თუ როგორ შეხვდა ჩუმად, წინა დღეს იმდროინდელ ხელისუფლებას.
სიხშირეს ამბობს, მაგრამ კაცმა არ იცის, რეალურად კიდევ რა „კანფეტები“ მიიღო ჯილდოდ. ამას ალბათ, კიდევ ერთი 13 წლის შემდეგ გაგვიმხელს…
ეს არის კლასიკური ღალატი.
ეს იგივეა, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ გიამბოთ…
აი, ეს კაცი დასცინის დღევანდელ ოპოზციას. ალბათ იმაზე დაგვცინის, მასავით სარფიანად ხელისუფლებასთან რომ ვერავინ ვაჭრობს დღევანდელი ოპოზიციიდან“, – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის – “პალიტრა ნიუსის” ეთერში გია გაჩეჩილაძე საუბრობს 2008 წლის სააკაშვილთან მისი შეხვედრის დეტალებს იხსენებს:
“რა მოხდა გეტყვით: ინაუგურაცია იყო იანვარში. ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც არ ვწყნარდებოდი და არ ვეგუებოდი სააკაშვილის მოპარულ არჩევნებს. დანარჩენი ყველა უკვე შეგუებულები იყვნენ და გადასულები საპარლამენტო არჩევნებში საბრძოლველად. მომინახეს მეგობარი, რომელსაც დაარეკინეს ჩემთან და ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან.
ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. ავედით და შევხვდით. აი ასე იჯდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა სააკაშვილი – “რა ვქნა, რა გავაკეთო. ძალიან გთხოვ, ოღონდ შენ ახლა გაჩერდი და მეტს აღარ ვიზამ, რაც ვქენი მეტს აღარ ვიზამო“. მე ვუთხარი – “ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყო, მეტი რა უნდა მინდოდეს“, ვუთხარი, რომ არ გიჯერებ მაგ ნათქვამს, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე მეთქი… მეუბნება – “კი ბატონო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი მორჩება…, კენია ხომ არა ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, აბა ავტეხოთ სისხლისღვრაო, ხომ იცი რომ შეგვიძლია…“
კარგი, მომეცი მეთქი, სხვა რა გზა მქონდა, სისხლისღვრაზე გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი წამეყვანა“, – იხსენებდა გია გაჩეჩილაძე.

